დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე შაქარი გაძვირდეს

შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე შაქარი გაძვირდეს

2023-05-18 10:30:08

გლობალურ ბაზრებზე შაქარი ძვირდება. ცვლილება სავარაუდოდ ადგილობრივ ბაზარზეც აისახება, თუმცა კონკრეტულად რამდენით გაძვირდება პროდუქტი, შაქრის იმპორტიორები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

„აგარის“ ქარხნის ხელმძღვანელი ალხან ალიზადე ადასტურებს, რომ ცვლილება ქართულ ბაზარზეც აისახება, თუკი ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტრენდს შეინარჩუნებს.

კერძოდ, რამდენიმე დღეა, ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა შაქრის ღირებულება 700 დოლარის ფარგლებში ფიქსირდება. 2011 წლის 9 სექტემბრის მერე ეს მაჩვენებელი არ ყოფილა. აღნიშნულ პერიოდში 1 ტონა პროდუქტის ფასი 772 დოლარს შეადგენდა.

„ვაკვირდებით პროცესს, ჯერჯერობით შაქრის საკმარისი მარაგი გვაქვს და ფასის ცვლილებას არ ვგეგმავთ, თუმცა დინამიკა თუ ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდება, გარკვეულ კორექტირებას აქაც მოვახდენთ.

კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ფასი, ჯერ საუბარი ადრეა. საერთაშორისო ტენდენციაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს", - აცხადებს ალიზადე.

იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, რომ შაქარის ფასზე გავლენას ახდენს ლარის კურსი, რაც ჯერჯერობით პროდუქტის გაძვირების საფუძველს არ იძლევა.

გარდა ამისა, იმპორტიორი შაქრის მაღალ მოთხოვნაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 130-140 ტონა შაქარს მოიხმარს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„შაქრის ფასზე საქართველოში ძირითადად სავალუტო კურსი მოქმედებს. ამ ეტაპზე ლარი მყარდება, რაც ფასის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს. უმნიშვნელოდ შეიძლება გაძვირდეს, ფასის მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შაქარი, ფქვილის, ზეთისა და მარილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 130-140 ტონა შაქრის წლიური მოხმარება მაღალი ნიშნულია", - ამბობს იმპორტიორი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, ბოლო დრომდე შაქარი საქართველოში იაფდებოდა, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც დადასტურდა. შაქარი ერთ-ერთია იმ პროდუქტებს შორის, რომელზეც აპრილში ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით შემცირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები