დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ საკმაოდ მოხშირდა - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი

შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ საკმაოდ მოხშირდა - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი

2023-05-02 15:22:59

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სააგენტოში გახშირდა შეტყობინებები, რომლებიც ცხოველების მხრიდან აგრესიის გამოვლენისა და დაკბენის ფაქტებს ეხება.

ამის შესახებ კობიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ბოლო პერიოდში შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ ჩვენთან საკმაოდ მოხშირდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში მეპატრონეები გასეირნების წესებს არ იცავენ, რაც საკრებულოს მიერაა დადგენილი.

ჩვენი სააგენტოს ეკიპაჟები, თანამშრომლები ყოველდღიურად სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილდებიან, გასეირნების წესების და რეგისტრაციის მონიტორინგს ახდენენ.

სამწუხარო ფაქტია ის, რომ ხშირ შემთხვევაში სკვერებში ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური სივრცე არსებობს და ასეთი სივრცეები ცარიელია, ძაღლებს მიმდებარე ტერიტორიებზე საბმელის და ალიკაპის გარეშე ასეირნებენ, რაც პირდაპირ წესების დარღვევაა.

მოგეხსენებათ, წესების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი გაასეირნოს ალიკაპით და საბმელით, ან მხოლოდ მოკლე ალიკაპით. ეს გათვალისწინებულია დილის 07:00 და 23:00 საათამდე.

სპეციალურ სივრცეში მეპატრონეს შეუძლია, საკუთარი ცხოველი ალიკაპის და საბმელის გარეშე გაასეირნოს. ხშირ შემთხვევაში ამ წესების დარღვევის შემდეგ აგრესიის გამოვლენა, ასევე, ადამიანის  ან თუნდაც სხვა ცხოველის დაკბენა ხდება. ასე რომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს წესები დავიცვათ, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანების, ისე ცხოველების უსაფრთხოება.

გამომდინარე იქიდან, რომ მიუსაფარი ცხოველები გაცილებით მეტნი არიან, ქუჩებში გაცილებით თავისუფლად გადაადგილდებიან, რა თქმა უნდა, მიუსაფარი ცხოველების მხრიდან გამოვლენილ აგრესიის ფაქტებზე ან დაკბენებზე გაცილებით მეტი შეტყობინებაა.

მიმდინარე წელს, მარტის ჩათვლით დაკბენა- დაკაწვრა- დადორბვლაზე 300-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული. აქ იგულისხმება ფაქტები, რომელიც ვლინდება როგორც მიუსაფარი ძაღლების, ისე პატრონიანების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა. 

 

მისივე თქმით, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.

„ზემოთ აღნიშნულ წესებს არეგულირებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, სადაც ცხოველების მოვლა-პატრონობის და გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმაა გათვალისწინებული. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში “შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე” მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე მუშაობა მიდის აღნიშნული 103-ე მუხლში ცვლილებებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მალე იქნება შეტანილი და ვფიქრობ, ვითარებას დადებითისკენ შეცვლის. ჩვენ მეტად შეგვეძლება კანონის აღსრულება, მოქალაქეებს პასუხისმგებლობას ავუმაღლებთ. ინფორმაციას გადავცემთ, რომ აუცილებელია, როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, ელემენტარული წესები დაიცვა იმისთვის, რომ სხვა ცხოველები და ადამიანები უფრო მეტად დაცულები იყვნენ“, - აცხადებს გიორგი კობიაშვილი .

მისივე თქმით, ახლა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ” მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა- პატრონობის წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 8 ლარია.

ასევე, 20 -ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული გასეირნების წესების დარღვევისთვის.

„მაგალითად, თუ ადამიანს არ ჰყავს დარეგისტრირებული ცხოველი, ჩიპი თუ არ უკეთია, ან სპეციალური მაიდენტიფიცირებული საშუალება არ აქვს, 8 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ექვემდებარება. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული ცვლილება იქნება, წესების დარღვევისთვის გაცილებით მაღალი სანქციები იქნება”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები