დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანში გადამზიდავი კომპანიებისთვის ძირითადი ბარიერი ინფრასტრუქტურაა - გიორგი ჯახუტაშვილი

შუა დერეფანში გადამზიდავი კომპანიებისთვის ძირითადი ბარიერი ინფრასტრუქტურაა - გიორგი ჯახუტაშვილი

2023-05-09 19:00:34

შუა დერეფანში გადამზიდავი კომპანიებისთვის ძირითადი ბარიერი ინფრასტრუქტურაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჯახუტაშვილმა გაუცხადა.

„შუა დერეფანი არაა მორგებული იმ საექსპორტო ტვირთებზე, რისი მაფორმირებელიც ძირითადად ყაზახეთია. მაგალითად, იგივე ხორბალი, ნახშირი, ქიმიური ტვირთები, როგორიცაა კარბამიდული სასუქები და ნავთობი.

ყაზახეთს აქვს პოტენციალი, რომ შუა დერეფანში 4,5 მილიონი ტონა ნავთობი გამოუშვას, მაგრამ თავად ყაზახური პორტის გამტარუნარიანობაა შეზღუდული.

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს ნავთობის გადატვირთვის უფრო მეტი სიმძლავრე აქვს ვიდრე ყაზახეთს.

ისტორიულად ნახშირი და ხორბალი შუა დერეფანში საქართველოს გავლითა არ გადიოდა და ყველა ინფრასტრუქტურა მორგებულია ძველ არხებზე. როგორიცაა ნავთობისთვის რუსეთი და ხორბლისთვის შუა აზიის ბაზარი“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურა - არც ბათუმისა და ფოთის პორტი და რკინიგზის სავაგონო პარკი არ არის მზად იმისთვის რომ ეს ტვირთები შუა დერეფანში სტაბილურად გავატაროთ.

„მაგალითად, ყაზახეთში ხორბლის წარმოებაში მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, თუ არ არის ინფრასტრუქტურა, ისინი დამოუკიდებლად ამას ვერ გამართავენ და შესაბამისად არ ხდება ყაზახური ხორბლით ვაჭრობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. სახელმწიფოების ლიდერობაა საჭირო, რომ გადაზიდვის ერთიანი ჯაჭვი ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სრულად შეიკრას.

როგორც კი სახელმწიფოების მხრიდან ეს ინიციირებული იქნება, შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა ყველა სუბიექტს გაუადვილდება“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები