დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სწავლების ონლაინ მოდელი, შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების ჰაბად ჩამოყალიბებას - გიორგი ამილახვარი

სწავლების ონლაინ მოდელი, შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების ჰაბად ჩამოყალიბებას - გიორგი ამილახვარი

2024-03-11 17:54:00

მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს სისტემაში – უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი. კერძოდ, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება, - ამის შესახებ განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი Facebook-ზე წერს. 

ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას.

„აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს. ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.

დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს.

ჩვენი ინიციატივით სრულიად ახალი, ინოვაციური ცნება შემოდის კანონში – ეს არის ონლაინ უნივერსიტეტი, რომლის შესაბამისი კონცეფციისა და სტანდარტის შემუშავების შემდგომ უკვე შესაძლებლობა იქნება, ქართულ ბაზარზე დაფუძნდეს ონლაინ უნივერსიტეტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის, რაც მათ მომავალში სრულიად ახალი სწავლების მოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი უმაღლესი განათლების ექსპორტს და, თავის მხრივ, მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების ჰაბად ჩამოყალიბებას.

სიახლეები შეეხება პროფესიულ განათლებასაც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა“, - წერს გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები