დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ქართული პროდუქტების გატანა 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზეა შესაძლებელი - ეკონომიკის სამინისტრო

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ქართული პროდუქტების გატანა 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზეა შესაძლებელი - ეკონომიკის სამინისტრო

2023-09-08 20:38:35

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება. რომელია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე პერსპექტიული ბაზარი და რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით მიმართა. 

როგორც ონლაინ გამოცემას ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს 45 ქვეყანასთან და ერთ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონგ-კონგი) და შესაბამისად, ქართულ  პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდ სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, უკრაინასთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან ჰონ-კონგთან.

ამჟამად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში გაფორმებული შეთანხმებების შედეგად საქართველოს  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს 45 ქვეყანასთან და ერთ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონგ-კონგი) და შესაბამისად, ქართულ  პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდ სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს. 

თურქეთი 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი). თუმცა, საქართველო თურქეთში 5-ჯერ მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ?

რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანასთან 2022 წელს წარმატებით დასრულდა  მოლაპარაკებები და სექტემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ორ დოკუმენტს, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემდგომ სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების თავის დამატებას.  აღნიშნული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით და საქართველოს აძლევს საშუალებას, ორმხრივად განავითაროს როგორც მომსახურების სექტორი, ასევე ისარგებლოს საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2021 წელს საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გახდა  შესაძლებელი.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

7 ივლისს, თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. რა საკითხები განიხილეს? 

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომაზე  მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი 5 წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრაზე მათ შორის, საუბარი შეეხო,  ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის, ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვ.

ცნობილია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებზე? რაზე გაჩნდა მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე, 2018 წლის შემდეგ ბოლო 5 წელიწადში როგორ შეიცვალა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა? 

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებით ქართულ პროდუქციას დამატებითი გაეხსნა 1.4 მილიარდიანი თავისუფალი ვაჭრობის მქონე სამომხმარებლო ბაზარი. თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდგომ, ჩინეთთან ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

კერძოდ, 2022 წელს 2017 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით და  1 863 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი გაიზარდა 54%-ით 1 126 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ექსპორტს, გაცილებით მაღალი ტემპით, 265%-ით  (504 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდგომ, ჩინეთთან მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა. თუ შეთანხმების ამოქმედებამდე ჩინეთში საექსპორტო პოზიციებს სპილენძის მადნები, სპილენძის ჯართი, ღვინო, მინერალური წყალი და სპირტიანი სასმელები შეადგენდა  თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდგომ ამ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა ახალი საექსპორტო პოზიციები: ორთოპედიული სამარჯვები, ქირურგიული ძაფები, ხილის ჩირი, სანელებლები, ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ჭაჭა, ქალის პალტოები, ლაბადები, სვიტერები, პულოვერები, ტრიკოტაჟის ტანსაცმელი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. ამ ქვეყანის წილი საქართველოს ღვინის ექსპორტში საშუალოდ  5-7%-ს შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთში გახსნილია 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია, სალონი. ღვინის ექსპორტს ჩინეთში 60-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს. 

ახლახანს დასრულდა თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე შეთანხმებაზე მუშაობა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. როდის იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება და რა ბენეფიტებს მიიღებს ქვეყანა?

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა 2023 წლის მარტში, გაიმართა მხოლოდ სამი რაუნდი.  

ამჟამად დასრულებულია შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი გამართვის პროცესი და მიმდინარეობს შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას 2023 წლის ბოლომდე მოეწერება ხელი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობით უნარიანი ბაზარი. გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმება ფარავს როგორც საქონლით ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 097.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3 575.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 15.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 946.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები