დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, დისტრიბუციისთვის შემოღებული რეგულაციები, ჩვენს ბიზნესს აფერხებს - „ჰერბიას“ დამფუძნებელი

თბილისში, დისტრიბუციისთვის შემოღებული რეგულაციები, ჩვენს ბიზნესს აფერხებს - „ჰერბიას“ დამფუძნებელი

2024-01-08 19:00:00

Business Insider Georgia-სთან უსასუქო მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე სამ მიზეზს ასახელებს, რაც მისი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

„პირველი, სოფლის მეურნეობის სექტორში სპეციალისტების დეფიციტია, რადგან ამის გამო ახალი ტექნოლოგიები ვერ შემოგვაქვს.

ასევე ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია თბილისის მასშტაბით შემოღებული რეგულაციები, რაც უარყოფითად მოქმედებს ლოგისტიკისა და დისტრიბუციაზე.

მესამე პრობლემაა კომუნალური მიმართულება. ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს წყლის, ელექტროენერგიის და გაზის გაძვირება. ეს თავისთავად ფასებზეც აისახება და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პირობები ბიზნესისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებებს ფასწარმოქმნაზე გავლენა არ ჰქონდეს“, - ამბობს ჰერბიას დამფუძნებელი.

ცნობილია, რომ თბილისში დილის 08:00 – 11:00 და საღამოს 17:00 – 20:00 საათების შუალედში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.

დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 11:00 – 17:00 დროის ინტერვალი ფიზიკურად შეუძლებელს გახდის პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის და სრულად მომარაგების შესაძლებლობას.

განსაკუთრებულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ფრეშ პროდუქტების, რძის ნაწარმის და პურის მომარაგების ნაწილზე, რომლის მიწოდებაც ხორციელდება დილის საათებში და მომხმარებელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას შეიძინოს ახალი პროდუქცია.  მნიშვნელოვანია რეგულირება მიღებულ იქნეს იმ ფორმით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს არსებული რედაქციით ცვლილებების მიღებას.

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

27 წუთის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები