დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"თიბისი" პირველი ბანკია, რომელიც 4 დეკემბრიდან ოქროს სერტიფიკატების გაყიდვას დაიწყებს

"თიბისი" პირველი ბანკია, რომელიც 4 დეკემბრიდან ოქროს სერტიფიკატების გაყიდვას დაიწყებს

2023-12-03 16:43:28

თიბისი ბანკის სებ-ის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების გაყიდვას 4 დეკემბრიდან შეუდგება.

როგორც Business Insider Georgia-ს თიბისი ბანკში განუცხადეს, სებ-ის მიერ დაანონსებული ოქროს სერტიფიკატების გაცემას ბანკი 4 დეკემბრიდან დაიწყებს. 

როგორც ცნობილია, საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. 

ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.

ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. 

სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება. 

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებ-გვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ.). 

სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9)ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.

ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება. 

მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები