დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს

2023-10-12 15:52:15

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ვიქტორ ორბანთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. 

„მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენი, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და გავიმეორებ - უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს.

გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ყველა მიმართულებით, გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები წინსვლა და შედეგები.

დღევანდელი დღეც ჩაუყრის საფუძველს მეტი შედეგების მოტანას ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები