დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა გვსურს - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა გვსურს - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

2023-06-23 13:25:31

საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით,-ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ,  რომ  საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები  წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად",- განაცხად ალიხან სმაილოვმა.

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები