დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ ინფლაცია ახლოს დარჩება მიზნობრივ 3.0%-თან სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს - ლაშა ქავთარაძე

თუ ინფლაცია ახლოს დარჩება მიზნობრივ 3.0%-თან სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს - ლაშა ქავთარაძე

2024-03-06 09:42:00

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია წლის ბოლომდე სავარაუდოდ გაგრძელდება და განაკვეთის 0.5-დან 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირება რეალურია.

„თუ გამოჩნდება, რომ ინფლაცია ახლოს დარჩება მიზნობრივ 3.0%-თან 2024 წლის პირველ ნახევარში, სებ-ი ისევ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. თუმცა, ეს შერბილება იქნება ძალიან ფრთხილი. პროგნოზები აჩვენებს, რომ წლის განმავლობაში განაკვეთი კიდევ 0.5% პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩება წლის განმავლობაში სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით 1.0% პროცენტული პუნქტით შემცირების საშუალებაც იქნება“, - ამბობს ქავთარაძე.

ამასთან, Galt & Taggart-ის ეკონომისტი თებერვლის ინფლაციას და მიმდინარე ტენდენციასაც განიხილავს.

„წლის დასაწყისიდან გვაქვს ორი თვის მონაცემი. იანვარში ფაქტობრივად წლიური ინფლაციის ნულოვანი მაჩვენებელი იყო. თებერვალში ინფლაცია მცირედითაა გაზრდილი 0.3%-მდე, თუმცა მაინც დაბალია. ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ფასების დონე შემცირებას განაგრძობს, ანუ ადგილობრივი ინფლაცია როგორც იანვარში, ისე თებერვალში 3.0%-ზე დაბლაა. თუმცა, საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ელექტრომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, თებერვალში 2.4% შეადგინა, რაც გაორმაგებულია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.

 ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელზეც ღირს დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ინფლაციის დონე დაბალია, შესაძლოა მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სებ-მა პაუზა აიღოს და შემდგომი სხდომებიდან გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის შემცირება“, - აცხადებს ქავთარაძე.

მისივე თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, საბაზო სცენარით, საშუალო წლიური ინფლაცია 2024 წელს 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ამ სცენარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე თანდათანობით 0.5% პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე შემცირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, სებ-მა თებერვალში განაკვეთ 0.5 პროცენტული პუქნტით 9.0%-მდე შეამცირა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები