დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა  სოციალური დახმარებების ხარჯზე მცირდება - სოსო ბერიკაშვილი

უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა სოციალური დახმარებების ხარჯზე მცირდება - სოსო ბერიკაშვილი

2023-05-31 14:00:20

 

 

2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკით დადასტურებულ ფაქტს ეხმიანება ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი, რომლის შეფასებითაც, კლება ამ მიმართულებით სოციალური მხარდაჭერის პროექტებს უკავშირდება, რომელსაც სახელმწიფო უკიდურესად ღარიბი მოქალაქეების მიმართ ახორციელებს.

„ადამიანების რაოდენობა, ვინც სიღარიბის უკიდურეს ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მცირდება. ეს ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. შესაბამისად, იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც შიმშილობს და სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკლებს. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, უბრალოდ, სახელმწიფოს აქვს საშუალება, მეტ ადამიანს დაეხმაროს იმ მინიმალური შემწეობის მეშვეობით, რასაც სოციალურად დაუცველების მიმართ ახორციელებს.

ფაქტია, რომ მეტს ეხმარებიან, ეს რეალობაა. პრობლემა იმაშია, რომ გაცილებით მეტია მათი რაოდენობა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. რამდენიმე ასულია მათი რიცხვიც, რომლებიც ვერ იღებენ დახმარებას, უბრალოდ, გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებში გაიზარდა რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ხარჯზე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები კი გარბიან სამშობლოდან, მათ შორის, სოციალურად დაუცველები. ეს ნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური გარემოა", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ანალიტიკოსი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროექტზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ ესეც გარკვეულწილად განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის კლებას, თუმცა ბევრი მათგანი რეალურად მხოლოდ ფორმალურად არის დასაქმებული.

„კარგია, რომ სახელმწიფოს აქვს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა, მათი დახმარება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. თუმცა აქედან ბევრი ფორმალურად არის დასაქმებული, ესეც პრობლემაა. პროგრამის საბოლოო მიზანია, რომ ეს მოქალაქეები სახელმწიფოზე არ იყვნენ დამოკიდებული, რაც ხელისუფლების თვითმიზანი უნდა იყოს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის აწყობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული, ესეც რეალობაა", - აცხადებს ანალიტიკოსი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები