დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას - სოსო ფხაკაძე

ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას - სოსო ფხაკაძე

2024-04-03 04:40:00

ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრისა და სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მუშა პროცესია და ამ მიზეზით სამომავლოდ ბევრი დისკუსია შედგება. 

„ეს ახლა სამუშაო პროცესია, ამიტომ გვექნება ხშირი კომუნიკაცია, ხშირი დისკუსია. საბოლოო ჯამში ყველას გაქვს ერთი ამოცანა, რომ პაციენტებს, მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისი. ეს არის მთავარი ამოცანა, როგორც ჰოსპიტალური კუთხით სერვისის მიწოდება, ისე ფარმაცევტული პროდუქციის კუთხითაც ყოველთვის იყოს უწყვეტობა და ხელმისაწვდომი პროდუქცია“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია. 

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ  წარადგინა.

აღინიშნა, რომ მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი და უწყვეტი სერვისის მიწოდება არის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდებიან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები