დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს შესაძლოა, ისრაელიდან ტურისტების ნაკადები გაიზარდოს - PMCG

2024 წელს შესაძლოა, ისრაელიდან ტურისტების ნაკადები გაიზარდოს - PMCG

2024-04-02 15:00:00

2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონს მიაღწია, რაც 31%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

როგორც PMCG-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა კვლავ პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბალია და 2019 წლის მთლიანი მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს.

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის ნელი ტემპით აღდგენა, შესაძლოა, განპირობებული იყოს საქართველოში ტურისტული სერვისების ფასებისა და ხარისხის შეუსაბამობით, განსაკუთრებით თურქეთთან შედარებით.

„2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა (მთლიანი ვიზიტების 23%). 10 უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს შორის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა აღდგა მხოლოდ თურქეთიდან (121%) და ისრაელიდან (106%).

ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის IV კვარტალში შემცირდა (წინა წელთან შედარებით 37%-ით). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის მთლიანი რაოდენობა მაინც აჭარბებს პანდემიამდელ დონეს. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ამ კონფლიქტის გავლენა შემცირდება, რამაც, შესაძლოა, ისრაელიდან ტურისტების ზრდა განაპირობოს საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს 2019 წელთან შედარებით მთლიანობაში ნაკლები საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, ვიზიტების ხანგრძლივობა გაზრდილია. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 1.3 ღამით გაიზარდა და 5.4 ღამე შეადგინა“, - აღნიშნულია PMCG-ის მიმოხილვაში.

ირკვევა, რომ 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად (26%-ით) აღემატება პანდემიამდელ რიცხვს. აღნიშნული ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს 2019 წელთან შედარებით ვიზიტების გაზრდილი ხანგრძლივობით. 

2023 წელს ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 23%). რუსეთს მოსდევდა თურქეთი (15%). თუმცა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვთ ისრაელსა (ვიზიტზე 1,420 აშშ დოლარი) და ევროკავშირს (1,302 აშშ დოლარი).

„2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებაზე (მთლიანი დანახარჯების 36%). აღსანიშნავია, რომ განთავსების წილი მთლიან დანახარჯებში 2022 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთანავე, შეინიშნება ტენდენციის ცვლილება საკვებისა და სასმლის წილში, რომელიც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და ტურისტული დანახარჯების ძირითად კატეგორიას წარმოადგენდა. კერძოდ, 2023 წელს მისი წილი წინა წელთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - აცხადებენ  PMCG-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები