მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ავტოდაზღვევა და უხეში გაუფრთხილებლობა: როდის კარგავს დაზღვეული ანაზღაურების უფლებას?

news image
mbc image

კომპანიებისა და კერძო პირებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ საქმიანობაში, ე.წ. „კასკო“ ავტოდაზღვევა აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტია. ამ ტიპის დაზღვევა, როგორც წესი, ფარავს ისეთი მოვლენებით გამოწვეულ ზიანს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა და ა.შ. თუმცა, ბევრისთვის უცნობია, რომ დაზღვეულს შესაძლოა სრულად წაერთვას სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების უფლება მაშინ, როდესაც ზარალი გამოწვეულია მისი განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ქმედებით. ამ საკითხზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, დამოუკიდებლად ის ფაქტი, რომ დამზღვევი სარგებლობდა ავტოდაზღვევით, არ იძლევა კომპენსაციის მიღების ავტომატურ გარანტიას.

რას ნიშნავს „უხეში გაუფრთხილებლობა“?

სასამართლოს მიერ დამკვიდრებული განმარტების თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს იმ მითითებების დარღვევას/უგულებელყოფას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი ქმედების განმახორციელებელმა ნებისმიერმა პირმა. სხვა სიტყვებით, უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს მეტისმეტ დაუდევრობას.

სად გადის ზღვარი — მარტივი თუ უხეში გაუფრთხილებლობა?

პრაქტიკაში ხშირად დგება კითხვა: როდის არის დაზღვეულის ქცევა უბრალო უყურადღებობა და როდის უხეში გაუფრთხილებლობა? ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე ისეთ დარღვევას, როგორიცაა:

• დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება;

• უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა;

• დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება;

• საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ-დათმობა;

• ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.

პრაქტიკაში სადაზღვევო კომპანიები შესაბამისი ხელშეკრულების პირობებში ითვალისწინებენ იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც შესაძლოა ზიანი არ ანაზღაურდეს (საგამონაკლისო პირობები). მაგალითისათვის, ასეთი საგამონაკლისო პირობა შესაძლოა მოიცავდეს: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ჩაძინების, მძღოლის მიერ შუქნიშნის დაუმორჩილებლობის, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ზოლში საგზაო წესების დარღვევით გადაადგილების, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის და სხვა შემთხვევებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობა უხეში გაუფრთხილებლობის ან განზრახვის სახით.

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

ავტოდაზღვევა მნიშვნელოვანი ფინანსური ბერკეტია მოულოდნელი ზარალის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მისი მოქმედება არ არის უპირობო. დაზღვეულის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ქმედება საკმარისია ანაზღაურებაზე უარის მისაღებად. მნიშვნელოვანია დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად განისაზღვროს ყველა პირობა. ბიზნესისათვის, რომელიც ფლობს/განკარგავს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოსაყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესები მკაფიოდ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც კომპანიის თანამშრომლებს გადაცემული აქვთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები დროებით ან მუდმივ სარგებლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა

08.09.2026.10:43

ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.

ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.

სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.

ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.

საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა