მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი - ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?

news image
mbc image

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ბიზნესში სწრაფად იზრდება. კომპანიები აქტიურად იყენებენ AI ინსტრუმენტებს ტექსტების, დიზაინის, პროგრამული კოდის, მარკეტინგული მასალებისა და სხვა კრეატიული პროდუქტის შესაქმნელად. თუმცა, ამ პროცესს თან ახლავს მნიშვნელოვანი სამართლებრივი კითხვა - ვის ეკუთვნის ასეთ პროდუქტზე საავტორო უფლება?

აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ არ არის ერთმნიშვნელოვნად დარეგულირებული და პრაქტიკაში არაერთ რისკს ქმნის. კლასიკური გაგებით, საავტორო უფლება წარმოიშობა ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევარზე. შესაბამისად, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - თუ ნაწარმოები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, შეიძლება თუ არა ის საერთოდ ჩაითვალოს საავტორო სამართლის ობიექტად?

„არაჰუმანური“ არსების, როგორც საავტორო უფლების სუბიექტის არსებობა იმთავითვე გამოირიცხებოდა ე.წ. „მაიმუნის სელფის“ საქმეში (Naruto v. Slater). 2018 წელს აშშ-ს მეცხრე სააპელაციო ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ მაიმუნს არ ეკუთვნის საავტორო უფლება იმ ფოტოზე, რომელიც თავად გადაიღო. აღნიშნულ მიდგომას აშშ-ს საავტორო ოფისი არაერთ გადაწყვეტილებაში იყენებდა ანალოგიად იმის დასასაბუთებლად, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნაწარმოები ვერ იქნება საავტორო უფლების ობიექტი.

არაერთ იურისდიქციაში მიდგომა დღესაც მსგავსია: თუ ნაწარმოები შექმნილია ადამიანის საკმარისი შემოქმედებითი ჩართულობის გარეშე, მასზე საავტორო უფლება არ ვრცელდება.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ავტორად?

1. მომხმარებელი

თუ ადამიანი განსაზღვრავს ამოცანას, აკეთებს დეტალურ ინსტრუქციებს (prompt), ახდენს შედეგის რედაქტირებას და საბოლოო ფორმას აძლევს ნაწარმოებს, შესაძლოა ის ჩაითვალოს ავტორად.

2. AI პლატფორმა

ზოგიერთ შემთხვევაში, პლატფორმის პირობები (Terms of Use) განსაზღვრავს, ვის გადაეცემა შექმნილი კონტენტის გამოყენების უფლება. ხშირად კომპანიები მომხმარებელს აძლევენ შექმნილი ნაწარმოების გამოყენების ფართო უფლებას, მაგრამ არა ექსკლუზიურ საკუთრებას.

თეორიული მიდგომების გარდა, უკვე არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ვითარდება სამართლებრივი პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით:

  1. Thaler v. Perlmutter - აშშ

2023 წელს აშშ-ს საოლქო სასამართლომ საქმეში Thaler v. Perlmutter კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნაწარმოებზე საკუთრების უფლება არ ვრცელდება. სასამართლო პრაქტიკისა და აშშ-ს საავტორო ოფისის მითითებების ერთობლიობა ადგენს, რომ მოქმედი სამართლის ფარგლებში AI-ის მიერ გენერირებულ ნამუშევრებზე საავტორო უფლება არ ეკუთვნის არცერთ სუბიექტს: არც AI ინსტრუმენტის შემქმნელს, არც თავად სისტემას და არც იმ პირს, რომელიც ქმნის „პრომპტს“. შესაბამისად, ასეთი ნამუშევრები ამ ეტაპზე განიხილება, როგორც საჯარო დომენში არსებული (public domain) ობიექტები, რომლებიც არ სარგებლობს საავტორო სამართლის დაცვით.

  1. Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening (საქმე C-5/08)

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) საქმეში Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening დაადგინა, რომ საავტორო უფლება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი არის ორიგინალური და გამომდინარეობს „ავტორის საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედებიდან“. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა განსაზღვრონ, შეიძლება თუ არა AI-ის მიერ გენერირებული შედეგი აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას.

მაგალითად, გერმანიის საავტორო სამართლის მიხედვით, ნამუშევრის დასაცავად აუცილებელია ავტორის „საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედება“. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ კომპიუტერული პროგრამა არ შეიძლება იყოს ავტორი და ინტელექტუალური შემოქმედება აუცილებლად უნდა მოდიოდეს ადამიანისაგან.  ანალოგიურად, საფრანგეთში მოქმედი მიდგომის მიხედვით, ავტორად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო ორიგინალურობა მოითხოვს ავტორის „პირად კვალს ან ინტელექტუალურ ძალისხმევას“.

  1. „Midjourney“-ის ქეისი - ნაწილობრივი დაცვა

ჯეისონ მ. ალენმა გამოიყენა AI პროგრამა სურათის (“Théâtre D’opéra Spatial”) შექმნის პროცესში. ნამუშევარი სრულად ციფრულია და დიდწილად პროგრამის მიერ არის გენერირებული, თუმცა მის მიერ მიწოდებულ „პრომპტზე“ დაყრდნობით. აშშ-ს საავტორო ოფისმა დაადგინა, რომ ალენი არ წარმოადგენდა ნამუშევრის ავტორს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მისი ერთადერთი წვლილი Midjourney-ის მიერ შექმნილ გამოსახულებაში იყო ტექსტური პრომპტის შეყვანა, რომელმაც გამოიწვია მისი გენერირება“, რის შემდეგაც მან განახორციელა გარკვეული ვიზუალური ცვლილებები.

აღსანიშნავია, რომ წინანდელ მითითებებში ოფისი აღნიშნავდა: „როდესაც AI ტექნოლოგია იღებს მხოლოდ პრომპტს ადამიანისგან და მის საფუძველზე ქმნის კომპლექსურ წერილობით, ვიზუალურ ან მუსიკალურ ნამუშევრებს, ავტორობის ტრადიციული ელემენტები განისაზღვრება და ხორციელდება ტექნოლოგიის და არა ადამიანის/მომხმარებლის მიერ.“

რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელებას?

საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ არ არეგულირებს AI-ის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელების საკითხს. შესაბამისად, მოქმედებს ზოგადი პრინციპი - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორი არის  ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სრულად ავტომატურად გენერირებული ნაწარმოები შესაძლოა საერთოდ ვერ მოექცეს საავტორო სამართლის დაცვის ქვეშ.

AI-ის მიერ შექმნილი ნაწარმოების გამოყენება არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი - მას ახლავს სამართლებრივი რისკებიც. კერძოდ, შესაძლოა კომპანიამ ვერ დაიცვას AI-ის მიერ გენერირებული ნაწარმოები საავტორო უფლებით. ამასთან, შესაძლოა, ამგვარი ნაწარმოები, თავის მხრივ, არღვევდეს მესამე პირთა საავტორო უფლებებს. 

ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ არსებული ეს დისკუსია აჩვენებს, რომ საავტორო სამართალი დღეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. ტრადიციული კრიტერიუმები, რომლებიც ავტორობას ადამიანის შემოქმედებით საქმიანობას უკავშირებს, ახალი ტექნოლოგიების პირობებში გადახედვასა და გადაფასებას საჭიროებს. საერთაშორისო პრაქტიკა ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა, თუმცა, მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, რომ ადამიანის როლი კვლავ ცენტრალურ ელემენტად რჩება. შესაბამისად, AI-ის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიც ეტაპობრივად დაკონკრეტდება და შემოთავაზებული იქნება უფრო მკაფიო წესები ამ სფეროში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ფასთა ინდექსაციის წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები - რა უნდა გაითვალისწინონ მიმწოდებლებმა

12.10.2026.13:58

2026 წლის 5 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილებაში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ ფასთა ინდექსაციის მოთხოვნის უფლების გამოყენება შესაძლებელია სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე, შემსყიდველისათვის მიმართვის გზით. თუ მიმწოდებელი მიმართავს შემსყიდველს ფასთა ინდექსაციის გამოყენებაზე, იგი ვალდებულია, სამუშაოების დაწყებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ სამუშაოების დასრულებამდე სრულ პერიოდზე წარადგინოს შემსყიდველთან საქსტატის დასკვნა თითოეულ თვეში შესრულებულ სამუშაოებზე.

დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრა, რომ გარდამავალი დებულებით დადგენილი წესები კვლავ ვრცელდება 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, თუმცა არა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ და 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებულ ტენდერებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გახანგრძლივდა დროებითი წესით სარგებლობის შესაძლებლობის ვადა - მიმწოდებელი უფლებამოსილია, დადგენილების ამოქმედებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აგრეთვე გახანგრძლივდა მოთხოვნის ვადა შემდეგი სამუშაოებისათვის:

ა) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა;

გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.

აღნიშნულ შემთხვევებში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში (ნაცვლად 60-ისა) მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულებაზე დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით.

საყურადღებოა, რომ ცვლილების შედეგად დადგენილებით გათვალისწინებულია პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდული სამუშაოების შემთხვევაც. კერძოდ, თუ ხელშეკრულებით მიწოდების ვადა აღემატება 12 თვეს, ამ ვადის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებსა და გაცემულ დავალებებზე გამოიყენება ფასთა ინდექსაცია, მიუხედავად იმისა, რომ დავალების ფარგლებში სამუშაოების შესრულების ვადა შესაძლოა იყოს 12 თვეზე ნაკლები. ასეთ დროს მიმწოდებელი ფასთა ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს შემსყიდველს მიწოდების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე. საქსტატის დასკვნა შეიძლება შემსყიდველთან წარდგენილ იქნეს ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მიმწოდებლის მიერ შერჩეულ პერიოდში.

დადგენილება განსაზღვრავს აგრეთვე სანქციებს მიმწოდებელთათვის - სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საქსტატის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, გამოიყენოს გარანტია სრული ოდენობით და, ამავდროულად, დააკისროს პირგასამტეხლო მიმწოდებელს.
ცვლილების შედეგად აგრეთვე განსხვავებულად ჩამოყალიბდა დროებითი წესი ფასთა ინდექსაციის თაობაზე, კერძოდ:

• დადგენილება აღარ ითვალისწინებს დროებითი წესის ფარგლებში მხოლოდ ბიტუმისა და დიზელის ფასთა ინდექსაციას (და შესაბამის გამოთვლის წესს);
• ფასთა ინდექსაცია შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების ღირებულების 60%-ს;
• ფასთა ინდექსაცია ვრცელდება შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ზემოთ მოცემული პროცენტული ოდენობის ფარგლებში.

დროებითი წესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შესაბამის თვეს შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე, საქსტატის მიერ საბაზისო ინდექსთან მიმართებით შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით. ამავდროულად, დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული სანქციები.

საყურადღებოა, რომ ცვლილების შედეგად დადგენილებით განსაზღვრული 12-თვიანი შეზღუდვა ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებით (როდესაც სამუშაოების შესრულების ვადა 12 თვე ან ნაკლებია) არ ვრცელდება დროებითი წესით განსაზღვრულ პროცედურასა და მოთხოვნებზე.

ცვლილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე (2026 წლის 6 ოქტომბერს) და ვრცელდება 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა