მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის კომპენსაციის წესში განხორციელებული ცვლილებები
2025 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ნაწილიც ძალაში შევიდა 5 სექტემბერს. შედეგად, ცვლილებები შევიდა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისე - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დარეგულირდა ახალი მოწესრიგებით.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების საყურადღებო შედეგს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებული XVII1 თავი, რომელიც შეეხება დაზარალებულის კომპენსაციას. შედეგად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება (თანმიმდევრობით) ეკისრებათ როგორც მსჯავრდებულს მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, ისე - მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს, რომელმაც მსჯავრდებულისაგან მიიღო ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად ქონება უსასყიდლოდ/საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად ან სასყიდლით, როდესაც იგი დამნაშავედაა ცნობილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.
მნიშვნელოვანია ის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც ცვლილებების შედეგად შეიძლება იქნას გამოყენებული დაზარალებულის კომპენსაციის გადახდისათვის.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეს შეიძლება იყოს როგორც ყადაღა, ისე - მსჯავრდებულისათვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა 16 წლის ვადით. თუმცა, კანონმდებელმა გასვლის აკრძალვის გამოყენებისათვის დაადგინა ერთდროულად 3 აუცილებელი წინაპირობა:
ა) დაზარალებული არ უნდა აცხადებდეს უარს მსჯავრდებულისათვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე;
ბ) მსჯავრდებული დამნაშავედ უნდა იყოს ცნობილი დიდი ოდენობით თაღლითობისთვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისათვის, დიდი ოდენობით მითვისების/გაფლანგვისათვის ან საპროცესო კოდექსის 1657 მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული სხვა დანაშაულისათვის;
გ) მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (მაგ. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე).
გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს სისხლის სამართლის კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების მიუხედავად არ ეზღუდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო-სამართლებრივი წესით.
დამატებით, 2025 წლის 19 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ახალი დანაშაული, რაც გულისხმობს მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადებას. კერძოდ, ისჯება როგორც მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე (დღეის მდგომარეობით 460 ლარი) მეტი სარგებლის მიღება, ასევე -მისთვის ამგვარი სარგებლის გადაცემა. ეს წესი არ შეეხება მსჯავრდებულის მიერ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით მიღებულ თანხას, მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს ან მის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები აშკარად წარმოაჩენს სახელმწიფოს მკაცრ მიდგომას დაზარალებულთა ინტერესების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისათვის იმ შემთხვევაშიც კი, როცა მსჯავრდებულმა მისგან მიიღო გარკვეული სარგებელი, მაგალითად, საჩუქრად გადასცეს „საშუალო მომხმარებლის“ საარსებო მინიმუმზე (დღეის მდგომარეობით 230 ლარი) მეტი ღირებულების ნივთი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედება შეიძლება არ იყოს პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ან ზიანის ანაზღაურების თავიდან აცილების მიზანით განხორციელებული.
სხვა სიახლეები
ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში
17.07.2026.16:43
2026 წლის 9 ივლისს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში შესული ცვლილებები არსებითად შეეხება რამდენიმე მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა, დადგენილება აღარ ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის წინასწარ გამოცხადების ვალდებულებას. სანაცვლოდ, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, იგი ვალდებულია, განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოს შეუთანხმოს წლიური კვოტა პორტალის მეშვეობით.
კვოტის მოპოვებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მან ზემოხსენებული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.
შედეგად, სააგენტო დამსაქმებელს განუსაზღვრავს წლიურ კვოტას, რომლის ფარგლებშიც მას ექნება უფლება, კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. კვოტა შესაძლებელია გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენისას.
საყურადღებოა, რომ თუ ადგილობრივი დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში მის მიმართ განსაზღვრულ კვოტას სრულად არ აითვისებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დამსაქმებელთან მიმართებით მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას შეამციროს კვოტა.
ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად იმიგრანტის პასპორტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მოპოვების/შეტყობინების ვალდებულება დამსაქმებელზე არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შეეხება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონეს, ხელფასს ან სამუშაო განრიგს.
დადგენილებაში გათვალისწინებულ იქნა ის შემთხვევებიც, რომლებზეც არ ვრცელდება საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება. მათ შორისაა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა/მომსახურება. დადგენილების თანახმად, მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს შრომითი იმიგრანტის მიერ ქვეყანაში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყების დღიდან კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს, არაუმეტეს შრომითი იმიგრანტის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პერიოდისა.
ამასთან, შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ვალდებულება, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge და წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის, ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი შრომითი იმიგრანტის შესახებ.
და ბოლოს, დადგენილება განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად. მაგალითად, თუ იმიგრანტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული პორტალზე, საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე ან ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ 0-კვოტიან საქმიანობას.