სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებები სადაზღვევო მომსახურების გაწევისას
სადაზღვევო სფეროში მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის, თუმცა არაერთი კითხვა კვლავაც აქტუალურია: იცის თუ არა დაზღვეულმა, რა უფლებებით სარგებლობს სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას? ამ საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მომხმარებლად განიხილება:
ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევი ფიზიკური პირი;
ბ) დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე პირი, რომელსაც ზიანი მიადგა) პირი, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო გვხვდება როგორც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, ისე სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებში. მაგალითისათვის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში - ინსტრუქცია) სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას მომხმარებელს ანიჭებს რიგ უფლებებს:
1. ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება - ხსენებული ინსტრუქციის თანახმად, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება, რაც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
ინსტრუქცია ასევე ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნას „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ გაცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მზღვეველს ეკისრება „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ დასახელებით ხელშეკრულებაზე თავსართის დართვის ამავე ინსტრუქციით დადგენილი დიზაინით/ფორმით (ტექსტის ზომა და სხვა ტექნიკური პარამეტრები). მსგავს მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, მაგალითად, სადაზღვევო თანხის ოდენობა, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოს შესახებ და სხვა.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება - სადაზღვევო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებას, გაიაზროს და გადააფასოს ხელშეკრულების პირობები მისი დადების შემდგომ გარკვეულ ვადაში: სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში - 30 დღის, ხოლო დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - 14 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ყოველგვარი საფუძვლის და ჯარიმის გადახდის გარეშე.
3. მზღვეველის ვალდებულებები დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ - მზღვეველს ეკისრება ვალდებულება, დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგაც უზრუნველყოს მომხმარებლის დროული და გამჭვირვალე ინფორმირება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე — იქნება ეს ხელშეკრულების პირობების ცვლილება, საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, გადასახდელი თანხების ოდენობა თუ მომსახურების შეზღუდვის წინასწარი შეტყობინება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე და ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. აღნიშნული ვალდებულებები უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას და საშუალებას აძლევს მას, გაითვალისწინოს ფინანსური ვალდებულებები, რაც ქმნის კონტროლირებად და სანდო სახელშეკრულებო ურთიერთობას.
4. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - ინსტრუქცია ავალდებულებს მზღვეველს, განსაზღვროს პრეტენზიების განხილვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული/პირი და შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საჩივრების განსახილველად. დამატებით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონიმომხმარებელს ანიჭებს უფლებას, მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ საჯარო/კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი არ დაიცავს ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები.
მომხმარებლისთვის, როგორც სადაზღვევო პროდუქტის მიმღებისთვის, მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს. ისინი გარანტიას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს მარტივად, გასაგები ფორმით და საჭიროების შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე უპრობლემოდ, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამავე დროს, რეგულაციები ავალდებულებს სადაზღვევო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ მომსახურების მაღალი სტანდარტი და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა. შესაბამისად, მომხმარებლებს წვდომა აქვთ სამართლებრივად დაცულ, პროგნოზირებად სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
სხვა სიახლეები
„ბი ვი ქონსალთინგი“ კონკურენციის სააგენტოს 2025 წლის ანგარიშზე
22.04.2026.14:28
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ასახავს განხორციელებული მოკვლევების, მონიტორინგის, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებებისა და სხვა სტატისტიკას. სააგენტოს საქმიანობის შესახებ საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ ჩაატარა 6 მოკვლევა კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის:
• დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება - 4;
• შეთანხმებული ქმედება - 1;
• არაკეთილსინდისიერი კონკურენცია -1.
მიმდინარე მოკვლევებს შორის აღსანიშნავია სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ დაწყებული მოკვლევა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების შესახებ. დასრულებული მოკვლევების ფარგლებში (მათ შორის, ფარმაცევტული ბაზრის საქმე II, ავტო-იმპორტიორთა საქმე და ა.შ.) სააგენტომ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმები ჯამური 1 407 633,01 ლარის ოდენობით.
კონცენტრაციების თვალსაზრისით 2025 წელს სააგენტომ განხილული 18 შეტყობინებიდან ყველა მათგანზე გასცა თანხმობა, ერთ შემთხვევაში - ქცევითი ხასიათის ვალდებულებების შესრულების პირობით (ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვის თავიდან აცილების მიზნით). ამასთან, ყოველწლიურად იზრდება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების რიცხვი. სააგენტომ გამოავლინა მსგავსი 14 შემთხვევა, რის შედეგადაც ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ 204 414.93 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ კონცენტრაციები ძირითადად განხორციელდა სწრაფი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქტების (FMCG) და სამშენებლო სექტორში.
ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ აგრეთვე მოიკვლია FMCG სექტორი და დაადგინა, რომ 2025 წელს ბაზრის საცალო დონე დაბალ-კონცენტრირებულია და არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია. მიუხედავად ამისა, სექტორის დინამიური განვითარების ფონზე არსებობს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის, როდესაც საცალო სექტორს გააჩნია შესაძლებლობა, მიმწოდებლებს უკარნახოს სავაჭრო პირობები. მიმწოდებლების მხარეს არსებული ძლიერი კომპანიები თავადაც ცდილობენ ქსელში შესვლისას საცალო სექტორს კონკურენტზე უკეთესი პირობები შესთავაზონ (მაგ. „ქეშბექი“).
ბაზრის მონიტორინგი, სხვა სექტორებთან ერთად, აგრეთვე განხორციელდა სასურსათო პროდუქტების იმპორტის ბაზართან მიმართებით. სააგენტო აღნიშნავს, რომ იმპორტიორი კომპანიების მიხედვით შეფასებული პროდუქტების იმპორტის ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მხოლოდ 2 პროდუქტის ბაზარზე ფიქსირდება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელი.
2025 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში შესულ განცხადებათა რიცხვი 65%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, დასრულებულ საქმეთა 90% კი გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ. განხილულ საქმეებში ლიდერობს ონლაინ და საბითუმო/საცალო ვაჭრობა, ხოლო მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს თანხის დაბრუნება ან/და ნაკლიანი ნივთის შეკეთება.
სააგენტო ანგარიშში აგრეთვე ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დამკვიდრდა 2025 წლის პრაქტიკით. მაგალითისათვის, დადგინდა მოვაჭრის ვალდებულება, უზრუნველყოს საქონლის მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს მომხმარებლის უფლება, მიიღოს იმავე კატეგორიის ალტერნატიული საქონელი იგივე ფასდაკლებით, რაც იმოქმედებდა მარაგების არსებობის შემთხვევაში;
2025 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ სააგენტო აქტიურად იკვლევს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები ერთდროულად ავლენს ბაზრებზე არსებულ რიგ სტრუქტურულ გამოწვევებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძალთა დისბალანსის საკითხი FMCG სეგმენტში, სადაც არსებული მდგომარეობა, შესაძლებელია წარმოადგენდეს დამატებით სირთულეს, განსაკუთრებით - მცირე/საშუალო ზომის და ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, სათანადოდ და სრულფასოვნად იყვნენ წარმოდგენილნი სავაჭრო ქსელებში. აგრეთვე იკვეთება კონცენტრაციების კონტროლის პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, რაც მიუთითებს, რომ კონკურენტული გარემოს სრულყოფა კვლავ საჭიროებს როგორც გაძლიერებულ ზედამხედველობას, ისე - ბიზნესის მხრიდან კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფას.