მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერის შეწყვეტის საფუძვლები

news image
mbc image

სახელმწიფო შესყიდვები ბიზნესის საქმიანობისათვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, სადაც ეფექტური კონკურენცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს გარანტირებული. ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა ხშირად ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთი გადაწყვეტილებები წარმოშობს დავებს, რის გამოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკა. იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია მიმოიხილავს ტენდერის შეწყვეტის საფუძვლებს და დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკას.

ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონის მე-7 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი, ბუნდოვანი მითითება შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე. აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ წარმოადგინოს დასაბუთებული ოქმი და მასში ასახოს მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებს ტენდერის შეწყვეტას.

მაგალითისათვის, პირობების შეცვლის მოტივით ტენდერის შეწყვეტა ხშირად ხდება იმ მიზეზით, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერები ურთიერთსაწინააღმდეგო დათქმას შეიცავენ. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება პრეტენდენტის შეფასება. დამატებით, ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო პირობის ბუნდოვანებიდან/უზუსტობიდან გამომდინარე შესრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რის გამოც შემსყიდველი წყვეტს ტენდერს.

დამატებით, ტენდერის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს შეცვლილი გარემოებები, მაგალითად, როდესაც შემსყიდველს გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებულ პროდუქტის ზუსტ ოდენობაზე ნაკლები სჭირდება მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული არ შეეხება შემთხვევას, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს პროდუქტის სავარაუდო ღირებულებას, რომლის დაზუსტებაც შემდგომ შესაძლებელია.

გარდა ამისა, ზოგჯერ შემსყიდველი ორგანიზაცია აგრეთვე აპელირებს ტენდერის გამოცხადების შემდგომ არასაკმარისი თანხების არსებობაზე შემდეგი წლის ბიუჯეტში. ზოგადად, აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი ტენდერის შეწყვეტისათვის, ვინაიდან შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა იმისა, გაიცემა თუ არა თანხმობა მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე. მაგალითისათვის, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დავების საბჭომ მიუთითა, რომ ოქმში წარმოდგენილი კომისიის მსჯელობა ელექტრონული ტენდერის გაგრძელებისათვის არასაკმარისი ბიუჯეტის არსებობის შესახებ არ შეიცავდა რაიმე სახის მითითებას სათანადო მტკიცებულებაზე, რომელიც ამ პოზიციის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

შეწყვეტის დამატებითი საფუძველი გათვალისწინებულია „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებითაც. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, ზემოხსენებული დათქმა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის შეწყვეტის უფლებამოსილებას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს ბაზარზე არსებული გარემოებების ცვლილებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია, დადგინდეს მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება თუ არა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. ასეთ დროს აუცილებელია შესაბამისი ბაზრის მოკვლევა. საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსებული ერთი დამოუკიდებელი ღირებულების მითითება შეცვლილი გარემოების დასადასტურებლად. ამავდროულად, აუცილებელია დასაბუთდეს, თუ რატომ არის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების ფასთა შორის არსებული სხვაობა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებშია დასაშვები, თუმცა დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს სრულად დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ საბჭო მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. შესაბამისად, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ისე - პრეტენდენტებისთვის მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმებს, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკასაც. ეს ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ამცირებს დავების ალბათობას და ქმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს ბიზნესისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მომხმარებელთა უფლებების დაცვა: GCCA-ის პრაქტიკა და ბიზნესის პასუხისმგებლობა

06.10.2026.13:53

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა ბოლო 9 თვის მონაცემები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. არსებულ ტენდენციებზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში აქტიურ სამართლებრივ ბერკეტად იქცა. მოქალაქეთა მხრიდან სააგენტოსადმი მომართვიანობის მკვეთრი ზრდა (განცხადებების რაოდენობის ფაქტობრივი გაორმაგება) მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება არა მხოლოდ რეპუტაციული, არამედ - პირდაპირი ფინანსური და სამართლებრივი რისკია.

პრაქტიკაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება პირობითი ვალდებულებების ინსტიტუტი. გაფორმებული შეთანხმებები ავალდებულებს მოვაჭრეებს, ძირეულად შეცვალონ შიდა სავაჭრო პოლიტიკა და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები. ცხადია, კომპანიებს სჭირდებათ ხელშეკრულებებისა თუ სტანდარტული პირობების წინასწარი იურიდიული შეფასება, რათა თავიდან აიცილონ სისტემური დარღვევები. ამავდროულად, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მოვაჭრეთათვის სერიოზულ ფინანსურ ტვირთად ყალიბდება. სააგენტო აქტიურად იყენებს დაჯარიმების მექანიზმს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ კანონით/შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. 

აღსანიშნავია, რომ განცხადებების დიდი ნაწილი სწორედ ონლაინ ვაჭრობის სექტორზე მოდის. დავების კატეგორიები აგრეთვე ცხადყოფს, რომ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ითხოვენ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ნაკლიანი ნივთის შეკეთება/შეცვლას. არსებული ტენდენციები ბიზნესისგან მოითხოვს საგარანტიო პირობებისა და უკან დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისობის მკაცრ კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან.

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

უპირველეს ყოვლისა, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო პოლიტიკის, ვებ-გვერდის წესებისა და საგარანტიო პირობების შესაბამისობა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამავდროულად, სააგენტოში მოკვლევის დაწყებისთანავე მნიშვნელოვანია კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტები საქართველოში ახალ ეტაპზე გადავიდა. თანამედროვე ბიზნეს გარემოში პრევენციული იურიდიული მექანიზმების დანერგვა (შიდა პოლიტიკისა და ხელშეკრულებების პერიოდული აუდიტი, წესებისა და პირობების იურიდიული რევიზია) აღარ არის მხოლოდ ფორმალობა. ეს არის ბიზნესის სტაბილურობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ნდობის შენარჩუნების უმთავრესი წინაპირობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა