ივლისში 100%-ით დატვირთული იყო როგორც ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი, ასევე თბილისის მასშტაბით არსებული სხვა სასტუმროები - McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი
წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ში პროგნოზირებენ, რომ უცხოელი სტუმრების კუთხით შემოდგომაც წარმატებული იქნება.
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.
„ამ ეტაპზე აგვისტოს დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალ დატვირთულობაში ვგულისხმობ 90%-ზე მეტ მაჩვენებლებს. არის დღეები, როცა ყველა ნომერი დაკავებულია და სასტუმროები 100%-ით ივსება. აქ საუბარია არამხოლოდ ბათუმის, ასევე თბილისის სასტუმროებზეც. ამაზე კი განსაკუთრებული გავლენა იქონია სხვადასხვა ღონისძიებებმა. მოგეხსენებათ, რომ ივლისში რამდენიმე დღე დაფიქსირდა, როდესაც 100%-ით დატვირთული იყო არამხოლოდ ჩვენი მართვის ქვეშ, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში. იგივე სიტუაციაა აგვისტოზე ბათუმშიც. არის თარიღები, როდესაც უკვე წინასწარ 100%-ითაა შევსებული“, - ამბობს მაია წერეთელი.
რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს და ზოგადად სასტუმროების სტუმრებს, McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დიდი წილი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის.
„უცხოელი სტუმრების გეოგრაფია კვლავ იგივე რჩება. უმეტესი მათგანი ჩამოდიან აზიის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა არის ბევრი ევროპელი სტუმარი, მათ შორის გაზრდილია ვიზიტები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან და ასევე შეინიშნება ზრდა ბრიტანეთიდან“, - აცხადებს მაია წერეთელი.
მისივე თქმით, შემოდგომის მაგალითზე თბილისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„ჯავშნების კუთხით დიდი მოთხოვნაა. ამიტომ კარგ შემოდგომას ველოდებით“, - ამბობს წერეთელი.
სხვა სიახლეები
02.05.2026.15:58
„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, მათთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საბაზისო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
"კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები," - აღნიშნულია განცხადებაში.