ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება.
ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% - მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.
„კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. თიბისი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
„ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში’’, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორისთვისაა გამოყოფილი. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს, ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის აშენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
სხვა სიახლეები
ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა
24.04.2026.18:20
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან გომშიაშვილმა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, Fintech in Focus 2026 მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს Lion Finance Group-ის, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო ჯგუფის განვითარებისა და კაპიტალის ბაზარზე მიღწეული წარმატების ისტორია გაუზიარა.
ღონისძიებას ლონდონის საფონდო ბირჟამ უმასპინძლა და ერთ სივრცეში გლობალური ფინანსური სექტორის წარმომადგენლები — ფინტექ კომპანიების დამფუძნებლები, ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები გააერთიანა.
ღონისძიების ფარგლებში ლევან გომშიაშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე: „რას ეძებენ საჯარო ბაზრების ინვესტორები ფინტექ სივრცეში?“, სადაც მან, წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ტექნოლოგიური საბანკო მომსახურების განვითარებასა და ინვესტორთა მოლოდინებზე იმსჯელა.
დისკუსიის ფარგლებში ლევან გომშიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკის მოდელი ერთდროულად აერთიანებს როგორც ტრადიციული ბანკის, ისე ფინტექ კომპანიის მახასიათებლებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი სერვისების დანერგგვას უზრუნველყოფს.
“ჩვენი მიდგომა ეფუძნება ძლიერი საბანკო ინფრასტრუქტურისა და ციფრული ინოვაციის ერთობლიობას, ეს კომბინაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისა და FTSE 100-ში გაწევრიანების შესახებ ვისაუბრე. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს სივრცეს, აქტიურად ვიყოთ ჩართული გლობალურ დისკუსიებში, გავაძლიეროთ კომუნიკაცია საერთაშორისო ინვესტორებთან და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ როგორც საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ისე რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი”, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა.