ეკონომიკური ზრდის ტემპი კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნას ზრდის - ალექსანდრე ჯეჯელავა
კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებლის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მსოფლიო უპრეცედენტო ტემპით იცვლება, რის გამოც მენეჯერებს „ყველაფრის თავიდან გამოგონება“ უწევთ, ხოლო საქართველოში ეკონომიკური ზრდა კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნას კიდევ უფრო ამწვავებს. აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა.
„ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთ რეალობაში ვართ, როგორშიც არასოდეს ვყოფილვართ. ცვლილებების ამგვარი ტემპი აქამდე არ ყოფილა. ჩემი ტრენინგის მონაწილეებს ვეუბნები ხოლმე - წიგნს რომ აიღებ, გადაშლი და მერე გეფიქრება, უიმე, კოვიდამდეა დაწერილი და აზრი აღარ აქვს, ყველაფერი შეიცვალა. ღირს კი საერთოდ დროის დახარჯვა მის წასაკითხად? წიგნი ან ხელოვნურ ინტელექტამდეა დაწერილი, ან Gen Z-ის გამოჩენამდე. ანუ, ცვლილებების ისეთი ტემპია, რომ ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობა პრაქტიკულად შეუძლებელია და ყველა მენეჯერს უწევს, ინტერაქტიულ რეჟიმში, სინათლის სიჩქარით, ასე ვთქვათ, ყველაფერი თავიდან გამოიგონოს.
საქართველოს გამოწვევები ამას ზემოდან ემატება, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი პირდაპირ ზრდის მოთხოვნას კვალიფიციურ მუშახელზე. ეს კვალიფიციური კადრები კი ზუსტად იმდენია, რამდენიც არის. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოწვევებია დაქირავების, შენარჩუნებისა და მოტივაციის - ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე განცხადებით, საქართველოში კადრების დეფიციტს 90-იან წლებში დაწყებული შობადობის კლება და გაზრდილი გლობალური კონკურენცია განაპირობებს, რის გამოც ქვეყნის შრომის ბაზარს, სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით ერთი მილიონი Gen Z-ის თაობის წარმომადგენელი აკლია.
„90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან შობადობა ნახტომისებურად შემცირდა და 2016 წლამდე იმ ნიშნულს ვერ მიაღწია, რაც 1991 წელს გვქონდა. მთელი ეს პერიოდი ემთხვევა Gen Z-ის დაბადების წლებს. სხვადასხვა მონაცემით, მათ შორის საქსტატის მაჩვენებლებით, ჩვენ, უხეშად რომ ვთქვათ, ერთი მილიონი Gen Z გვაკლია. შესაბამისად, ამ დანაკლისს სხვაგან სად იპოვი? გამოსავალი მხოლოდ სამუშაო ძალის ემიგრაციაა, რასაც ახლა ვხედავთ კიდეც...
რა თქმა უნდა, ამ თემაზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. თუმცა ფაქტია: ვინც არ დაიბადა, ის სამუშაოდ ვერც ჩემთან მოვა, ვერც თქვენთან და ვერც ბანკში. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, რომ არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი კომპანია აკეთებს უშველებელ რეკრუიტინგულ ღონისძიებას და 100 კაცის ნაცვლად სულ 10 ადამიანი მიდის.
ამ დემოგრაფიულ კლებას ემატება ემიგრაციაში წასული ადამიანების ნაკადი და ისინიც, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებში ონლაინ დაიწყო მუშაობა. გლობალიზაციამ ყველაფერი შეცვალა მე კომაროვის ალუმნის (კურსდამთავრებულთა) ასოციაციის წევრი ვარ და დავუკავშირდი ერთ-ერთ ახალდამთავრებულ კომაროველს. ჩემს მეგობარს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, შვილებისთვის SAT-ში მომზადება უნდოდა. ამ გოგონამ მითხრა: „27 კომაროველი ვართ, 6 ენაზე ვამზადებთ მოსწავლეებს, აწყობილი გვაქვს ქსელი, გვყავს დამკვეთები ამერიკაშიც, გერმანიაშიც, ვასწავლით გერმანულად, იტალიურად...“ პირდაღებული ვუსმენდი. ეს ახალგაზრდები, ფაქტობრივად, უკვე კორპორაციაა, თუმცა მათი შრომა მიმართულია არა ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობა გვექნება და რაც უფრო წინ წავა ჩვენი ქვეყანა, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც, ამავდროულად, ქართულ ბაზარსაც სჭირდება.
აქ ცალსახად ბევრი მიმართულება და ძალიან დიდი დინამიკაა. ამას ჰქვია სტრუქტურული უმუშევრობა - როდესაც ადამიანი სულ სხვა ტიპის სამსახურს ეძებს, ორგანიზაცია კი სრულიად სხვანაირ თანამშრომელს“, - განაცხადა „ფლომასტერის“ დამფუძნებლმა.
სხვა სიახლეები
დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზეა, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს ალექსანდრე ჯეჯელავა
19.05.2026.10:30
გარკვეული რისკები არსებობს და ადამიანი და პასუხისმგებლობა ყოველთვის მოვლენების ცენტრში უნდა დარჩეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მგონია, რომ დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზე ხდება, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც AI-ის მიერ ლიდერებისა და ზოგადად მენეჯმენტის ქცევაში გამოწვეულ ცვლილებებს შეეხებოდა. ჯეჯელავას თქმით, ტექნოლოგიური პროგრესი უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს წლებში AI ბიზნესსა და სამუშაო გარემოს რადიკალურად შეცვლის. ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა კონკურენტულ უპირატესობას ის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც AI-ს საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენებენ.
„ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. ძალიან მიყვარს იუვალ ნოა ჰარარი - ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი, რომელიც ბევრს საუბრობს ამ თემაზე. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა მოლოდინები ჰქონდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და დაუზუსტეს, რომ გულისხმობდნენ ChatGPT-ს, Gemini-სა და მსგავს პლატფორმებს, მან ასეთი რამ უთხრა: გააზრებული გაქვთ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში იგივეა, რაც ამება იყო ორგანულ სამყაროშიო.
ფაქტობრივად, ჩვენ დღეს ვუყურებთ პირველ ერთუჯრედიან ორგანიზმებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მომავალში, რამდენიმე წელი გავიდა და ევოლუცია საოცარი, საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
მე ვიტყოდი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა პირველ რიგში დაბნეულობა შემოიტანა. ზოგმა თქვა, რომ მორჩა, თანამშრომლები აღარ დაგვჭირდება, ზოგმაც - საერთოდ შეგვცვლიანო. სულ რაღაც ერთი კვირის წინ HR ბიზნეს სამიტი მიმდინარეობდა და იქ გამოსვლისას აღვნიშნე: „AI კი არ შეგცვლით, ძვირფასო HR-ებო, არამედ თქვენი კოლეგა შეგცვლით, რომელიც AI-ს კარგად ჩართავს თავის საქმეში“.
სწორედ ეს რეალობა შემოიტანა ამ ტექნოლოგიამ. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც დღეს სოციალური ქსელებით არ სარგებლობს. ის ხომ ძალიან ჩამორჩენილ მდგომარეობაშია? ხელოვნური ინტელექტის აუთვისებლობაც ძალიან სწრაფად გადაგვიყვანს ამ კატეგორიაში.
რა თქმა უნდა, მოსაზრებები იმაზე, რომ დავიღუპებით ან AI შემოგვეომება, ბევრჯერ გვინახავს ფანტასტიკურ ფილმებში. გარკვეული რისკები არსებობს და ადამიანი თუ პასუხისმგებლობა ყოველთვის მოვლენების ცენტრში უნდა დარჩეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მგონია, რომ დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზე ხდება, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს. მენეჯერებისთვის კი ეს სერიოზული გამოწვევაა“, - აცხადებს ჯეჯელავა.
„ფლომასტერის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას სწრაფად აცნობიერებს და ამ პროცესში წამყვან როლს თავად ბიზნესების დამფუძნებლები თამაშობენ.
„მე მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე ძალიან მენიშნა Google-ის დამფუძნებლების შემობრუნება. ისინი ცოტა გაწეული იყვნენ პროცესებიდან, ასაკიც მოუწიათ, თავის ცხოვრებას მიხედეს, თუმცა მოუწიათ დაბრუნება და სათავეში ჩადგომა, სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
წარმოიდგინეთ, ქართულ კომპანიებშიც ზუსტად ასეა, დამფუძნებლები - ყველაზე მოწინავე მოაზროვნეები, ადამიანები, ვინც ეს ბიზნესები შექმნეს და ქართული ბიზნესის მღელვარე ოკეანეში გამოატარეს, დღეს ისევ სათავეში არიან. ხშირ შემთხვევაში მაკვირვებს კიდეც თუ რა სწრაფად მიხვდნენ ისინი ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობას.
მაგრამ პროცესი კომპანიის შიგნით ერთგვაროვანი არ არის. პირველი პირი შეიძლება დღესვე მიხვდეს ყველაფერს, თუმცა უზარმაზარი ენერგია იხარჯება იმაზე, რომ ეს ხედვა მენეჯმენტამდე, მთელ გუნდამდე მივიდეს და ორგანიზაციაში დაინერგოს.
იცით, როგორი სიტუაცია იქმნება? სულ ზემოთ მყოფი ლიდერი ხშირად ხვდება, იცის და გრძნობს ამ საჭიროებას. სულ ქვემოთ გვყავს Gen Z თანამშრომლები - გუშინ მოსული ახალგაზრდები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოიყენონ იგი. აი, შუაში მყოფი მენეჯმენტის შრეები კი ძალიან სერიოზულ გადამზადებასა და, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეჯანჯღარებას ითხოვენ.
მე შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ არ ელიან მოკლე დროში დიდ ცვლილებას. მაგრამ სწორი ადამიანი - ეხლა ჩვენც ამაზე ვლაპარაკობთ, ტრენერებსაც რომ ველაპარაკებით და კონსულტანტებს, რომ დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხალხი ვინც ოთახში ზის, მაგარი ხალხია, იმათ შექმნეს ეს კომპანია და აქამდე მოიყვანეს და ამიტომ ცოტაც სწორად თუ გაიგეს, ისინი ამისგან შექმნიან ოქროს, ოქროდ გარდაქმნიან და ეს არის ზუსტად ჩვენი გამოცდილება, რომ კომპანიები საოცარ პროგრესებს აღწევენ ძალიან მოკლე დროში. იმ „ჯენ ზის“ რომ „ჯენ ზის“ დაარქმევენ, ხელოვნურ ინტელექტს სწორად ჩასვამენ ასე ვთქვათ ამ დიდ სურათში.“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.