“განათლება, როგორც ადამიანის არსებობის ფუნდამენტი” | გია დვალი, პროფესორი, დირექტორი ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტში
თანამედროვე სამყაროში, სადაც ცვლილებები უფრო სწრაფია, ვიდრე ოდესმე, განათლება მხოლოდ ინსტრუმენტი აღარ არის - ის თავად ხდება ადამიანის არსებობის საფუძველი. ის განსაზღვრავს, როგორ ვხედავთ სამყაროს, როგორ ვაზროვნებთ და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას საუბარი განათლებაზე არა როგორც ფორმალურ სისტემაზე, არამედ როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს თან სდევს.
პროფესორი გია დვალი ამ საკითხს სწორედ ამ ფართო და ფუნდამენტური პერსპექტივიდან განიხილავს - გვთავაზობს ხედვას, სადაც განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება კი არა, სამყაროს გააზრების, განვითარების და არსებობის ძირითადი მექანიზმია.
სტატია მომზადებულია საქართველოს ბანკის მიერ.
“ადამიანის არსებობა შეუძლებელია განათლების გარეშე. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, არამედ რეალობის ზუსტი აღწერა. განათლება არის ის, რაც თან სდევს ადამიანს დაბადებიდანვე და განსაზღვრავს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარებას. ჩვენი ისტორია, გამოცდილება და მომავლის პერსპექტივა სწორედ განათლებაზე დგას.
როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება ფორმალური სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი, დიპლომები. თუმცა, სინამდვილეში განათლება ბევრად უფრო ფართო ცნებაა. ეს არის ყველა ის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იაზრებს სამყაროს, სწავლობს, როგორ არსებობდეს ამ რეალობაში, როგორ განვითარდეს და როგორ გადარჩეს. ნებისმიერი შემეცნება, იქნება ეს ყოველდღიური გამოცდილება თუ მეცნიერული კვლევა, განათლების ნაწილია.
ადამიანი მუდმივად პროგრესირებს, რადგან მუდმივად სწავლობს. ყოველი ახალი ცოდნა, ყოველი გამოცდილება და ყოველი გააზრებული მოვლენა ამდიდრებს მას და აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაუმკლავდეს გარემოს. სწორედ ამიტომ, განათლება არის ამ პროგრესის ფუნდამენტი. ის არასოდეს ჩერდება და არც შეიძლება შეჩერდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში ვითარდება ადამიანი, იქნება ეს მეცნიერება, ხელოვნება თუ რომელიმე ხელობა. პროფესიული ზრდა ყოველთვის გულისხმობს უწყვეტ სწავლას. ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი ინტენსიურია და ღრმა კვლევებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ კი უფრო ნელი და თანმიმდევრულია. მაგრამ ორივე შემთხვევაში, ეს მაინც განათლების უწყვეტი გზაა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ პროცესში არის უკუკავშირი. ადამიანს სჭირდება საკუთარი ძალისხმევის შედეგის დანახვა. ეს ქმნის მოტივაციას და აძლიერებს ინტერესს. პატარა გამარჯვებები, როგორიცაა ამოხსნილი ამოცანა, კარგად შესრულებული დავალება ან სწორად გაცემული პასუხი, ქმნის პროგრესის განცდას და უბიძგებს ადამიანს წინსვლისკენ. მხოლოდ გრძელვადიანი მიზნების დაყენება, შუალედური შედეგების გარეშე, ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნება ეტაპობრივ სწავლებას, დავალებებს, ქვიზებს, შეჯიბრებებს. ეს აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, მუდმივად იგრძნოს საკუთარი განვითარება
ეს პროცესი გარკვეულწილად თამაშსაც ჰგავს. ადამიანი ეჯიბრება საკუთარ თავს, ამარცხებს დაბრკოლებებს და ამ გზით იღებს კმაყოფილებას. სწორედ ეს კმაყოფილება და პროგრესის განცდა ქმნის მდგრად მოტივაციას.
მნიშვნელოვანია ასევე გავაცნობიეროთ, რომ „უნიჭო“ ადამიანი პრაქტიკულად არ არსებობს. ნიჭი არ არის სტატიკური მოცემულობა. ის არის უნარების, ინტერესებისა და გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც განვითარებას საჭიროებს. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში ბავშვებში ინტერესის გაღვივებასა და უნარების განვითარებას. ეს პროცესი იწყება დაბადებიდანვე და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე.
საბოლოოდ, განათლების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ცნობისმოყვარეობა, სურვილი, გაიგო, იაზრო და აღმოაჩინო. სწორედ ეს შინაგანი მოტივაცია აძლევს ადამიანს ენერგიას, რომ მუდმივად იაროს შემეცნების გზაზე”.
ამ და სხვა მსგავსი სტატიების გასაცნობად, ეწვიეთ ვებგვერდს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
24.04.2026.14:00
„ჩირჩხელა“ ნატურალური ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 10 წლიანი ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „ჩირჩხელას“ აღმასრულებელ დირექტორს, ირმა კვაჭანტირაძეს ესაუბრა.
ოჯახი, ერთი საქმის გარშემო ერთ მუშტად შევიკარით. ჩვენ ჯიუტი ბიზნესმენები აღმოვჩნდით, რომლებმაც წესები და ტენდენციები თავად შევქმენით.
სიჯიუტე ჩვენთვის მხოლოდ თვისება კი არა, წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.
ყველაფერი ორი კილო ქლიავის ჩირით, ოცი ცალი ჩურჩხელით და 10 კვ.მ. მცირე სივრციდან დაიწყო.
და სწორედ საწყის ეტაპზე, პროდუქტისა და ისტორიის შერწყმით, გაჩნდა სახელი — „ჩირჩხელა“, რომელიც ქართულ ენაში ახალი დესერტის ტერმინად დამკვიდრდა.
კომფორტის ზონის დატოვებით, ყოველდღიური ჩვევების შეცვლით და ახალი გადაწყვეტილებების მიღებით, ჩვენ დავიწყეთ საკუთარი გზის შექმნა.
შემდეგ ყველაფერი გადაიზარდა ტოტალურ შრომაში. როცა მიზანი არსებობს, შეუძლებელი არაფერია.
ჩურჩხელა და ჩირი ჩვენთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ დესერტი — ეს იყო გენეტიკური მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ჩურჩხელა იბადება იქ, სადაც იწყება ღვინო - რთველი, ვაზი, ქვევრი. საქართველო 8000-წლიანი ღვინის კულტურის სამშობლოა და ჩურჩხელა ამ კულტურის გაგრძელებაა.
ეს არ არის უბრალოდ კულინარია - ეს არის ხელოვნება, რომელიც იუნესკოს მიერაც არის აღიარებული.
როგორც ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი და არის ფილოსოფია, სიღრმე და სული, ასევე ჩურჩხელა არის „ფორმაში მოქცეული ისტორია“.
დღეს მსოფლიო ეძებს ახალ გემოებს, ენერგეტიკულ ბარებს, ვეგანურ სნექებსა და ბუნებრივ ტკბილეულს. ჩვენ კი მსოფლიოს ვთავაზობთ უფრო მეტს - ნაცად, ბუნებრივ ენერგიას, რომელიც სხეულსა და გონებას კვებავს.
ჩვენ შევძელით და საქართველოს კულტურული ტრადიცია სხვა კონტინენტზე, კერძოდ კი ამერიკაში გავიტანეთ - არა მხოლოდ როგორც პროდუქტი, არამედ როგორც დესერტების ბრენდი „ჩირჩხელა“, როგორც ისტორია და იდენტობა. გლობალური, ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი.
„ჩირჩხელაში“ ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ორგანულ ჩირსა და ჩურჩხელას - ჩვენ ვქმნით ავთენტურ ღირებულებებს.
10 წელია ამ გემოს სიყვარულში ვართ. ჩვენ გემოს სული მივეცით და გავუზიარეთ ის ყველაზე გამოცდილ ქართველ მომხმარებელს. ჩვენ საქართველო მსოფლიომდე მივიტანეთ და ვაგრძელებთ ცნობადობის ზრდას ამერიკის მასშტაბით.
ჩვენი მიზანია, რომ ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს როგორც ხარისხიანი, ჯანსაღი და ავთენტური პროდუქტი ”, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.