მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა

news image

ტექნოლოგიური სფერო, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის ინოვაციურობასა და პროდუქტიულობას განსაზღვრავს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. თუმცა, აქვე, თვალსაჩინოა გენდერული დისბალანსი - STEM პროფესიებში დასაქმებულთა მხოლოდ 12%-ია ქალი. დარგში მაღალია გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობაც: ქალები, საშუალოდ, კაცების ხელფასის 74%-ს იღებენ. ეს მაჩვენებლები იმ სტერეოტიპების გამოვლინებაა, რომლებიც წლების განმავლობაში აყალიბებდა წარმოდგენას, თითქოს ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები ქალების საქმე არ იყო.
სწორედ ამ გამოწვევებს მიეძღვნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თიბისის“ პარტნიორობითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია გოგოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ჩართულობის საერთაშორისო თვეს მიეძღვნა და ტექნოლოგიებში გენდერულ თანასწორობას, STEM-განათლების ხელმისაწვდომობასა და ქალთა კარიერულ წინსვლას შეეხო. ღონისძიების თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც საზოგადოებას კომპანიის გამოცდილება გაუზიარა, როგორც ტექნოლოგიური, ისე ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

თინათინ მონავარდისაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში გენდერულ სტერეოტიპებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი შიდა პრაქტიკითა და კორპორაციული კულტურით ამსხვრევს. ჩვენთან ეს რეალობა ციფრებშიც აისახება: კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქალია, ტექნოლოგიური გუნდის 35%-ს ქალები შეადგენენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია - ჰოლდინგში გვყავს ქალები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ მექანიკოსების პოზიციაზე, მათ შორის მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულებით.
ჩვენს გარემოში ქალი არასდროს გრძნობს, რომ კაცს უნდა აჯობოს ან ორმაგად იშრომოს რაიმეს დასამტკიცებლად. ტექნოლოგიურ გუნდში ჩვენი მთავარი საზომი ინდივიდუალური პროგრესია: ვაფასებთ კადრს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა ის გუშინდელ საკუთარ თავთან მიმართებით და არა იმის მიხედვით, რა ტიპის კონკურენციაშია სხვასთან. სწორედ ეს ჯანსაღი ეკოსისტემა აძლევს ქალებს შესაძლებლობას, ენთუზიაზმითა და თვითგანვითარების სურვილით მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას.
მჯერა, რომ ტექნოლოგიებს არ აქვს ასაკი და წინასწარ განსაზღვრული პროფილური ჩარჩოები. დღეს შეიძლება იყო წარმატებული ფსიქოლოგი ან კონსულტანტი, ხვალ კი სრულიად ახალი გვერდი გადაშალო და ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარდე.
ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები რეგიონებშიც აქტიურად უნდა ჩატარდეს - ეს არის გზა, რომ ჩვენი სათქმელი ყველა იმ გოგომდე და ქალამდე მივიდეს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია ამ უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ“.

ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის მოადგილე ანდრეს ტრელბორგი, საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალები, სტარტაპერები და სტუდენტები.

ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო პლატფორმის შექმნა გამოცდილების გასაზიარებლად, ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე სამსჯელოდ, ასევე იმ წარმატებული მოდელების წარმოსაჩენად, რომლებიც ქალთა მხარდაჭერას ემსახურება. კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდა საერთაშორისო ჰაბი, რომლის საქმიანობა ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის დაძლევასა და ქალებისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას დაეთმობა.

კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: „წლევანდელი კონფერენცია ამ თემაზე მიძღვნილ კონფერენციათა შორის ყველაზე მასშტაბური და გამორჩეულია, რადგან ის იქნება მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას მიეძღვნება. რეალობა აშკარაა: თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ციფრული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ, თუ ინვესტიციას ქალებსა და გოგოებში ჩავდებთ და ინკლუზიურ ეკოსისტემებს შევქმნით, შევძლებთ, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო მეტმა გოგომ აირჩიოს და გვყავდეს ლიდერი ქალები, რომლებიც ამ სფეროში ცვლილებებს ჩაუყრიან საფუძველს“.

ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით. „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობამ კონფერენციაში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის კორპორაციული პრაქტიკა, რომელიც გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა პროფესიული გაძლიერების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით - ვახტანგ შურღაია მიგრაციის კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე

30.04.2026.18:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია მიიჩნევს, რომ მიგრაციის კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიზნესის მოთხოვნებს ითვალისწინებს და რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიგრაციის კანონში ცვლილებების შედეგად, რეგულაციები აღარ გავრცელდება კომპანიების ხელმძღვანელ პირებზე და მოკლევადიან ვიზიტებზე ჩამოსულ სპეციალისტებზე.

„გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში. ფაქტობრივად ის ძირითადი შენიშვნები რაც ბიზნესს ჰქონდა და რაც აწუხებდა, ყველაფერი გათვალისწინებული არის, რაც ესე ვთქვათ ძალიან კარგი არის. შესაბამისად აღარ გავრცელდება აღნიშნული კანონი ისეთ პირებზე, როგორიცაა პარტნიორები კომპანიების, დირექტორებზე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, რომლებიც პირველი და მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში მოქმედებენ, ანუ ეს მსხვილ საწარმოებზეა საუბარი. ასევე კანონი არ გავრცელდება მოკლევადიანი სპეციალურ ვიზიტით ერთი კვირით ან ორი დღით რომ ჩამოდიოდა ადამიანი - რაღაც ან ექიმი, ან შესაბამისად მუსიკოსი, ან ასე შემდეგ - ასეთ პირებზეც არ გავრცელდება. არ გავრცელდება ეს კანონი დისტანციურად მუშაობაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები ესე ვთქვათ ზუსტად იმის გამოძახილია, რაც ბიზნესს ჰქონდა, რაც ჩვენ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ როგორც მინისტრთან, ასევე სამინისტროს სხვა პირებთან და ეს ძალიან კარგია შესაბამისად“, - ამბობს ვახტანგ შურღაია.

მისივე თქმით, მიგრაციის კანონში ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება, რის გამოც ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები არ არის მოსალოდნელი.

„ამ ეტაპზე ბაზარი სტაბილურია, რადგან კანონი დაუყოვნებლივ არ შედის ძალაში და გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს ეხება, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით. მიუხედავად ამისა, რეგულაციის საჭიროებაზე ბიზნესსექტორიც თანხმდებოდა და მისი მიღებაც დროული იყო“, - ამბობს შურღაია.

ვახტან შურღაია ასევე განმარტავს, რომ მიგრაციის კანონში ცვლილებებით გადაიხედა მოთხოვნები ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებით, სადაც ნებართვის ვალდებულება არარელევანტურ შემთხვევებზე გაუქმდა.

„ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემთხვევაში, გაუგებარი იყო, რატომ ხდებოდა ნებართვის გაცემა ისეთ პირებზე, რომლებიც საქართველოში, შესაძლოა, ჯამში ერთი კვირაც კი არ ყოფილიყვნენ ნამყოფები. შესაბამისად, ეს საკითხი კომუნიკაციის ნაწილი იყო და კარგია, რომ შემდგომში მისი გამოსწორება მოხდა“, - ამბობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი.

მიგრაციის ახალი კანონი ეტაპობრივად ამოქმედდება. ბიზნესს მომზადებისთვის დრო ეძლევა და ბაზარზე დიდი რყევები არ არის მოსალოდნელი.

„ამ ეტაპზე ბაზარი სტაბილურია, რადგან კანონი დაუყოვნებლივ არ შედის ძალაში და გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს ეხება, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით. მიუხედავად ამისა, რეგულაციის საჭიროებაზე ბიზნესსექტორიც თანხმდებოდა და მისი მიღებაც დროული იყო“, - აცხადებს შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა