ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში — საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ.
“ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს — როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
08.05.2026.18:00
„წესის მამული“ რაჭაში, ამბროლაურში, სოფელ წესში მდებარე საოჯახო სასტუმროა, რომელმაც ოპერირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გასულ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „წესის მამულის“ დამფუძნებელს, ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.
„მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი ჩვენთვის ოპერირების პირველი წელი იყო. ზაფხულის სეზონი პრაქტიკულად სრულად დატვირთული გვქონდა - გვყავდა სტუმრები როგორც ისრაელიდან და გერმანიიდან, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უცხოელი ტურისტები რაოდენობრივად ჭარბობდნენ. მათი დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტით გვსტუმრობდა.
რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, გვიან შემოდგომასა და ზამთარში მოთხოვნა, ბუნებრივია, შედარებით შემცირდა. გარკვეული შეფერხებებიც გვქონდა ამინდის გამო - ინფრასტრუქტურის ნაწილი მცირედ დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა ოპერატიულად მოხდა. ამ ეტაპზე უკვე აქტიურად ვემზადებით ახალი სეზონისთვის, რომელიც მალე დაიწყება “, - აღნიშნავს ზუკა მაისაშვილი.
„წესის მამული“ სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს.
ჩვენი მიზანია, ღვინის მიმართულება და მასპინძლობა ერთმანეთთან შევაჯეროთ და სტუმრებს ღვინის ტურიზმზე დაფუძნებული სერვისი შევთავაზოთ, მათ შორის - ღვინის მასტერკლასები “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო მეღვინეობა "ღვინუკას" ტერიტორიაზე მდებარეობს.