სადაზღვევო სექტორში 2026 წელს 14-15%-იან ზრდას ველოდებით - არდის გენერალური დირექტორი
"2026 წელს სადაზღვევო სექტორში 14-15%-იან ზრდას ველოდებით" - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს ინდუსტრია სტაბილურად ვითარდებოდა და კოვიდის შემდგომ პერიოდში დარჩენილი ტურბულენტობა, მათ შორის ინფლაციური ზეწოლა სამედიცინო და ავტოდაზღვევის მიმართულებით, შედარებით დასტაბილურდა.
"2025 წლის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი სადაზღვევო სექტორისთვის კარგი წელი იყო. ბაზარს დაახლოებით 12%-იანი ზრდა ჰქონდა. ჩვენს სექტორს ასეთი მიდგომა აქვს, თუ მშპ-სთან შედარებით უფრო მეტად ვიზრდებით, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში იმაზე მეტი წვლილი შეგვაქვს, ვიდრე თავად მშპ-ს ზრდის ტემპია. აქედან გამომდინარე, გასული წელი მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ტურბულენტობა, რაც ფასებთან მიმართებაში პოსტკოვიდურ პერიოდს ახლდა - თავდაპირველად სამედიცინო, შემდეგ კი ავტო დაზღვევის კუთხით - შარშანდელმა წელმა 2023-2024 წლებთან შედარებით საგრძნობლად დაასტაბილურა.
წელს 14-15%-იან ზრდას ველოდებით. პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით ამის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ზუსტ შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან ისინი ჯერ არ გამოქვეყნებულა“ - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს - მიხეილ ჯაფარიძე
14.05.2026.10:30
სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია უნივერსალური და ჰოლისტიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ინდუსტრიის როლს ეკონომიკაში მკაფიოდ განსაზღვრავს. ამის შესახებ განცხადებას „არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აკეთებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ არა მხოლოდ პოლისების გაცემა, არამედ რისკების მართვის ცოდნის გაზიარებაც, თუმცა ამ ეტაპზე სექტორი ეკონომიკურ პრიორიტეტებში საკმარისად ინტეგრირებული არ არის, რაც მისი კონტრიბუციის ზრდას აფერხებს. ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოსა და ინდუსტრიას შორის უფრო აქტიური დიალოგი და პარტნიორული მიდგომა აუცილებელია საერთო ეკონომიკური სარგებლის მისაღწევად.
„ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს. ეკონომიკა ძალიან კარგად ხედავს საბანკო სისტემას. ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართაც ასეთივე ჰოლისტიკური მიდგომაა საჭირო - უნდა განისაზღვროს, რა როლი გვაქვს ეკონომიკაში და რისი გაკეთება შეგვიძლია. სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ. არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ ცოდნის გაზიარებაც და კაპიტალის მოწოდება ეკონომიკისთვის. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ სექტორში რისკების შემცირება.
სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ, არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ დარგობრივი ცოდნის გაზიარებაც. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ თუ სჯობს ამა თუ იმ საქმიანობის წარმართვა რისკების შესამცირებლად ან მივაწოდოთ პირდაპირ კაპიტალი. რადგან ეს ჰოლისტიკური მიდგომა ჯერჯერობით არ არსებობს და სადაზღვევო სისტემა პრიორიტეტებში სათანადოდ არ არის ასახული, ჩვენი კონტრიბუცია ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდულია.
თუმცა, სექტორს რეალურად დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადამიანური რესურსის, ისე ცოდნის თვალსაზრისით. ერთიანი ხედვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს მოიტანს გრძელვადიან შედეგს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ინიციატივების შესახებ დაგვიანებით შეგვიტყვია და შემდეგ გვიწევს პროცესებში ჩართვა, ვფიქრობ, დიდ სურათში სწორი მიდგომა ამ მდგომარეობას უფრო ეფექტურს გახდიდა", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.