საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს - მიხეილ ჯაფარიძე
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს და მთლიანი სექტორის დაახლოებით 43%-ს შეადგენს, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მზარდია საცალო სამედიცინო დაზღვევის სეგმენტი. 2025 წელს ბაზარს 40 000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი დაემატა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაზღვევას ინდივიდუალურად, საკუთარი სურვილით ირჩევს.
„ყველაზე პოპულარული არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 43% უკავია, რაც საკმაოდ მაღალი კონცენტრაციაა. რეალურად, ეს არის დაზღვევის ერთადერთი სახეობა, რომლის დროსაც მოსახლეობა ნაკლებად სვამს კითხვას უნდა ჰქონდეს თუ არა დაზღვევა. აქ მთავარი კითხვა უფრო ისაა, თუ სად და რა დაფარვის სადაზღვევო პროგრამა ჰქონდეს ადამიანს.
ამის დასტურია ისიც, რომ ბაზარზე საცალო სამედიცინო დაზღვევის წილი ძალიან აქტიურად იზრდება. ადრე ეს მიმართულება თითქმის არ არსებობდა, რადგან სადაზღვევო კომპანიები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ. ამ პროდუქტს თავისი გამოწვევები აქვს და მართვის კომპონენტის კუთხით თვისობრივად განსხვავდება კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევისგან. ახლა კი კომპანიები ამ კუთხითაც გააქტიურდნენ. ჩვენც და ჩვენი კოლეგებიც აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რაც ბაზრის ზრდას განაპირობებს.
შარშან დაახლოებით 40,000-ზე მეტი ადამიანი დაემატა დაზღვეულთა რიცხვს, რაც ისედაც განვითარებული სამედიცინო დაზღვევისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ამ ზრდაში დიდი წილი სწორედ საცალო მიმართულებაზე მოდის. ანუ მოქალაქეებმა დაზღვევა საკუთარი სურვილით, კორპორაციული პაკეტებისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური პროგრამების ფარგლებში დაიწყეს", - აცხადებს „არდის" გენერალური დირექტორი.
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ ყველაზე პოპულარული ავტო და ქონების დაზღვევაა. როგორც მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, ავტომობილების დაზღვევის მაჩვენებელი კვლავ დაბალ დონეზე რჩება. მისი თქმით, ქვეყანაში ავტოდაზღვევაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე ავტოჯარიმებზე, ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ფონზე ნებაყოფლობითი დაზღვევის წილი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ეტაპობრივად იზრდება.
„ავტოდაზღვევა და ქონების დაზღვევა არის შემდეგი დაზღვევის სახეობები, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია. თუმცა მიუხედავად ამისა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან მცირეა იმასთან მიმართებაში რაც შეიძლება იყოს. 8%-ზეა საუბარი, რაც ძალიან მცირეა. ავტოჯარიმები უფრო მეტია ვიდრე ავტოდაზღვევა. ანუ ავტოჯარიმებში უფრო მეტი იხარჯება ქვეყანაში ვიდრე ავტოდაზღვევაში, რაც თავის მხრივ უცნაური კორელაციაა. საქართველოში ჯერ კიდევ ფიქრობენ დააზღვიონ თუ არა ავტომობილი.
საქართველოში 2 მილიონამდე ავტომობილია რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი შეიძლება არ გადაადგილდება, საერთო სურათისთვის ეს ციფრიც საგულისხმოა. ავტოდაზღვევის წილი ბაზარზე მხოლოდ 8%-ია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ მაჩვენებელში შედის როგორც საბანკო სესხით შეძენილი (სავალდებულო დაზღვევით), ისე სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში დაზღვეული ავტომობილები. თუ ამ კატეგორიებს გამოვაკლებთ, დავინახავთ, რომ საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით დაზღვეული მანქანების რაოდენობა ძალიან მცირეა. ამ მიმართულების განვითარებაზე სექტორი აქტიურად მუშაობს, თუმცა ზრდა ჯერჯერობით მაინც ნელი ტემპით მიდის", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს - მიხეილ ჯაფარიძე
14.05.2026.10:30
სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია უნივერსალური და ჰოლისტიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ინდუსტრიის როლს ეკონომიკაში მკაფიოდ განსაზღვრავს. ამის შესახებ განცხადებას „არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აკეთებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ არა მხოლოდ პოლისების გაცემა, არამედ რისკების მართვის ცოდნის გაზიარებაც, თუმცა ამ ეტაპზე სექტორი ეკონომიკურ პრიორიტეტებში საკმარისად ინტეგრირებული არ არის, რაც მისი კონტრიბუციის ზრდას აფერხებს. ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოსა და ინდუსტრიას შორის უფრო აქტიური დიალოგი და პარტნიორული მიდგომა აუცილებელია საერთო ეკონომიკური სარგებლის მისაღწევად.
„ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს. ეკონომიკა ძალიან კარგად ხედავს საბანკო სისტემას. ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართაც ასეთივე ჰოლისტიკური მიდგომაა საჭირო - უნდა განისაზღვროს, რა როლი გვაქვს ეკონომიკაში და რისი გაკეთება შეგვიძლია. სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ. არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ ცოდნის გაზიარებაც და კაპიტალის მოწოდება ეკონომიკისთვის. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ სექტორში რისკების შემცირება.
სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ, არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ დარგობრივი ცოდნის გაზიარებაც. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ თუ სჯობს ამა თუ იმ საქმიანობის წარმართვა რისკების შესამცირებლად ან მივაწოდოთ პირდაპირ კაპიტალი. რადგან ეს ჰოლისტიკური მიდგომა ჯერჯერობით არ არსებობს და სადაზღვევო სისტემა პრიორიტეტებში სათანადოდ არ არის ასახული, ჩვენი კონტრიბუცია ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდულია.
თუმცა, სექტორს რეალურად დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადამიანური რესურსის, ისე ცოდნის თვალსაზრისით. ერთიანი ხედვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს მოიტანს გრძელვადიან შედეგს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ინიციატივების შესახებ დაგვიანებით შეგვიტყვია და შემდეგ გვიწევს პროცესებში ჩართვა, ვფიქრობ, დიდ სურათში სწორი მიდგომა ამ მდგომარეობას უფრო ეფექტურს გახდიდა", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.