თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.
კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.
“ვულოცავ თეგეტას ობლიგაციების მორიგ წარმატებულ განთავსებას. კუპონის დაბალი განაკვეთი და დაგეგმილზე მაღალი მოცულობის ემისია ადასტურებს, რომ კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია. თეგეტა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე აქტიური ემიტენტია. მიხარია, რომ ტრადიციულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და ერთობლივად უკვე 11 ემისია განვახორციელეთ, ჯამში 610 მილიონ ლარამდე მოცულობით. თითოეული ტრანზაქციით თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში. წელს უკვე 570 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდები გვაქვს გამოშვებული ადგილობრივ ბაზარზე და ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას 84%-იანი წილით. ამასთან ერთად, თიბისი კაპიტალი აქტიურია საერთაშორისო სასესხო და სააქციო კაპიტალის ბაზრებზე“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“ მორიგი ობლიგაციების ემისია მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 6.25%-იანი კუპონის განაკვეთი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას როგორც „თეგეტას“ მიმართ, ისე ჩვენი ბიზნესის სტაბილური განვითარების ხედვისადმი. მივესალმებით, რომ თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ და მორიგი წარმატებული ემისიით „თეგეტამ“ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“,- ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.