თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
თიბისი, როგორც კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია მხარს უჭერს მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივებს. მათ შორისაა საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც წელს 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს.
ფესტივალი 1 მაისს, 20:30 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება Factory Tbilisi-ში და ტრადიციულად თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას. საიუბილეო გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Killages, რომელიც ფესტივალის სცენას 2018 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება.
ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტო 2026”-ის ფარგლებში თიბისი კონცეპტის გალერეა ორ გამოფენას წარმოგიდგენთ:
29.04 - 30.05.26 | ვიზუალური ხელოვანის და რეჟისორის ანკა გუჯაბიძის პერსონალურ გამოფენას „მთას ვიყავ“.
04-30.05.2026 | საიუბილეო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის საარქივო ფოტოების გამოფენა და მისი ნამუშევრების ფოტოალბომის გამოცემა.
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, სადაც გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. წელს კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობდა, ხოლო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა — დარგის წამყვანმა ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და იაპონიიდან.
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.
სხვა სიახლეები
რატომ სჭირდება თანამედროვე კომპანიას Environmental Manager ან ESG Manager l ინტერვიუ Green steps - ის აღმასრულებელ დირექტორთან
29.04.2026.12:00
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს გარემოს დაცვის მიმართულებით სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიებში Environmental Manager-ისა და ESG Manager-ის როლსა და საჭიროებაზე საუბრობს.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ზოგადად ბიზნესში გარემოსდაცვითი მენეჯერისა და ESG მენეჯერის როლზე?
დღეს ბიზნესგარემო სწრაფად იცვლება და კომპანიებისთვის წარმატება მხოლოდ გაყიდვებით ან ფინანსური შედეგებით აღარ იზომება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად პასუხისმგებლიანად მართავს კომპანია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კომპანიებისთვის აქტუალური გახდა ისეთი პოზიციები, როგორიცაა გარემოსდაცვითი მმართველი და ESG მენეჯერი.
ბევრი ფიქრობს, რომ გარემოსდაცვითი მმართველი მხოლოდ კანონთან შესაბამისობისთვის არის საჭირო, თუმცა რეალურად მისი როლი ბევრად ფართოა. ის კომპანიას იცავს რისკებისგან, ჯარიმებისგან, ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემებისგან და ოპერაციული შეფერხებებისგან. ამავდროულად, სწორი გარემოსდაცვითი მართვა ხშირად პირდაპირ ნიშნავს ხარჯების შემცირებას.
რაც შეეხება ESG Manager-ს, ეს უკვე უფრო სტრატეგიული ფუნქციაა. ESG მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გარემოს დაცვას, სოციალურ პასუხისმგებლობას და გამჭვირვალე მმართველობას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და ინვესტორები, სულ უფრო ხშირად აფასებენ კომპანიებს სწორედ ამ კრიტერიუმებით, რომლებიც პასუხობს გამოწვევებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს.
საქართველოშიც ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ ჩანს. კომპანიები აცნობიერებენ, რომ ESG აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო კორპორაციების თემა — ეს ხდება კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივი ბიზნესისთვისაც. ამიტომაც ჩემი აზრით, უახლოეს წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიცია სწორედ Environmental და ESG მიმართულებით იქნება, რადგან ბიზნესი თანდათან გადადის მოკლევადიანი შედეგებიდან გრძელვადიან მდგრადობაზე.
უფრო დეტალურად რომ გვითხრათ რა განსხვავებაა მათ შორის?
გარემოსადცვითი მენეჯერი ძირითადად ზრუნავს კომპანიის გარემოსდაცვით საკითხებზე როგორიცაა: ნარჩენების მართვა, ემისიები, წყალი, ჰაერი, ხმაური, გარემოსდაცვითი ნებართვები და კანონთან შესაბამისობა, შემოწმების შემთხვევაში - მზადყოფნა, საწარმოო პროცესების გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ა.შ.
მთავარი კითხვა: „ვაკმაყოფილებთ თუ არა გარემოსდაცვით მოთხოვნებს და სად გვაქვს რისკი?“
ESG მენეჯერი კი უფრო ფართო ფუნქციაა. ის ფარავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ნაწილს, არამედ სოციალურ საკითხებსაც, მაგ: როგორიცაა — თანამშრომელთა ჩართულობა, დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობა, და გამართული ოპერირების მექანიზმები - საკითხებს, როგორიცაა ეთიკა, გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული მიდგომები, შიდა პოლიტიკები და ანგარიშგება.
მთავარი კითხვა: „არის თუ არა ჩვენი ბიზნესი გრძელვადიანად მდგრადი და საინვესტიციოდ მიმზიდველი?“
მარტივად რომ ვთქვათ, Environmental Manager იცავს კომპანიას გარემოსდაცვითი და ოპერაციული რისკებისგან, ხოლო ESG Manager კომპანიას გრძელვადიანი მდგრადობისა და საინვესტიციო მზადყოფნისკენ მიჰყავს და ანარჩუნებინებს მოცემულ პოზიციას.
თუ კომპანიას მხოლოდ ერთი პოზიციის დამატება შეუძლია, რომელია უფრო პრიორიტეტული - გარემოსდაცვითი მენეჯერი თუ ESG მენეჯერი?
ეს მთლიანად დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე და განვითარების ეტაპზე. თუ კომპანია წარმოებაშია, აქვს ქარხანა, ნარჩენები, ემისიები, ლიცენზიები, ტექნიკური ოპერაციები ან ხშირი ურთიერთობა მაკონტროლებელ ორგანოებთან - პირველ ეტაპზე უფრო კრიტიკულია გარემოსდაცვითი მენეჯერი. ასეთი ადამიანი ყოველდღიურ რისკებს მართავს და კომპანიას ჯარიმებისა და შეფერხებებისგან იცავს.
თუ კომპანია იზიდავს ინვესტორს, მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, ემზადება გაფართოებისთვის ან სურს ბრენდის გაძლიერება - უფრო სტრატეგიული არჩევანია ESG მენეჯერი, რადგან ის ბიზნესს მომავლის მოთხოვნებისთვის ამზადებს.
მოკლედ რომ ვთქვათ: ჯერ უნდა განსაზღვროთ, ახლა უფრო მეტად დღევანდელი ოპერაციული პრობლემების მოგვარება გჭირდებათ თუ ხვალინდელი ზრდის საფუძვლის შექმნა.
რა რისკებს აწყდება კომპანია, რომელსაც არც გარემოსდაცვითი მენეჯერი ჰყავს და არც ESG მენეჯერი?
კომპანია, რომელსაც არც გარემოსდაცვითი მენეჯერი ჰყავს და არც ESG მენეჯერი, ხშირად დგას ისეთი რისკების წინაშე, რომლებიც თავიდან შესაძლოა უხილავი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემად იქცევა.
პირველ რიგში, იზრდება ფინანსური რისკი - თუ არ ჰყავს კომპანიას გარემოსდაცვითი მენეჯერი, ამ შემთხვევაში კომპანიაში გარემოსდაცვითი მოთხოვნები არ სრულდება/ ვერ სრულდება დროულად. ასეთ დროს ხშირად არის შემთხვევა როცა გარემოსდაცვით საკითხებს სხვა თანამშრომლებს (არა ამ საქმის მცოდნეს) ავალებენ და ასეთ დროს არაკვალიფიციურად მომზადებული ანგარიში/დოკუმენტი ხშირად ხარვეზდება სააგენტოს ან სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტები ხარვეზების შედეგად მერე ისევ უბრუნდება შესაბამის საკონსულტაციო კომპანიებს პრობლემის აღმსაფხვრელად. ბიზნსისთვის ასეთ შემთხვევაში - ორმაგია ხარჯი, ორმაგია დრო.
მეორეა რეპუტაციული რისკი — თანამედროვე მომხმარებლები, პარტნიორები და საზოგადოება სულ უფრო მეტად აფასებენ პასუხისმგებლიან ბიზნესს. თუ კომპანია ამ მიმართულებით სუსტია, ნდობაც იკლებს.
ასევე იზრდება საინვესტიციო რისკი - ბანკი, ფონდი და საერთაშორისო პარტნიორი უკვე ითხოვს ESG სტანდარტებთან შესაბამისობას. ასეთ პირობებში კომპანიამ შეიძლება დაკარგოს დაფინანსება ან მნიშვნელოვანი პარტნიორობა.
რა მესიჯს აგზავნის კომპანია, როცა ასეთი კადრები ჰყავს?
ასეთი კომპანია ბაზარს ეუბნება, რომ მხოლოდ დღევანდელ მოგებაზე არ ფიქრობს. ის აჩვენებს, რომ პასუხისმგებლიანად მართავს პროცესებს, აფასებს რისკებს, ზრუნავს გარემოზე, თანამშრომლებზე და საკუთარ რეპუტაციაზე.
ინვესტორისთვის ეს ნიშნავს სტაბილურობას, კლიენტისთვის სანდოობას, თანამშრომლისთვის უკეთეს სამუშაო კულტურას, სახელმწიფოსთვის უფრო პასუხისმგებლიან პარტნიორს.