Wizz Air-ის ისტორია: გზა იდეიდან ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიამდე
ევროპული ავიაციის დატვირთულ ცაში, Wizz Air ხელმისაწვდომი მოგზაურობის სინონიმია. 20 წლის წინ დაარსებული კომპანია მალე გაიზარდა და ევროპის ერთ-ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გახდა. ამან რევოლუცია მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში და მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს მოგიყვებით რა გზა გაიარა ავიაკომპანიამ და როგორ გახდა ევროპის წამყვანი ძალა საავიაციო ინდუსტრიაში.
პირველი ნაბიჯები
2003 წლის სექტემბერში, ექვსი ადამიანი, საერთო ხედვის გარშემო გაერთიანდა და დააარსა Wizz Air. მათი მთავარი მისია იყო შეექმნათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც საჰაერო მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. იოჟეფ ვარადის ხელმძღვანელობით, იდეამ სწრაფად მოიპოვა მიმზიდველობა. 2004 წლის 19 მაისს, Wizz Air-მა პირველი რეისი კატოვიცედან ლონდონის მიმართულებით განახორციელა. ასე დაიწყო ახალი ეპოქა დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ისტორიაში.
სწრაფი ზრდა
Wizz Air-ის ზრდა მეტეორული იყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, არსებობდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საჭიროება, თუმცა მიწოდება ვერ პასუხობდა მოთხოვნას. სწორედ ამ ბაზრებზე ფოკუსირდა Wizz Air, ეფექტიანად შეამცირა ხარჯები და დაიწყო თვითმფრინავების მაღალი გამოყენება. ამ მიდგომამ, ავიაკომპანიას საშუალება მისცა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა კონკურენტუნარიანი ტარიფები. შედეგად, Wizz Air-მა სწრაფად მიაღწია წარმატებას და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად მალე გადაიქცა.
სტრატეგიული ინოვაციები წარმატების წინაპირობაა
აღსანიშნავია, რომ სწორედ სტრატეგიულმა ინოვაციებმა შეუწყო ხელი Wizz Air-ის წარმატებას. ავიაკომპანიამ აირჩია Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავების ერთი ტიპის ფლოტი, რომელმაც გაამარტივა ტექნიკური და სასწავლო პროცესები. გარდა ამისა, Wizz Air-ის მიერ მეორადი აეროპორტების გამოყენებამ შეამცირა საოპერაციო ხარჯები და დააჩქარა დაბრუნების დრო. ეს ეფექტურობა კი, მგზავრებისთვის ბილეთების დაბალ ფასებში ითარგმნა.
კმაყოფილი მომხმარებლები - ეს ავიაკომპანიის პრიორიტეტია
მიუხედავად დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელისა, Wizz Air პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებელთა კმაყოფილებას. ავიაკომპანიამ დანერგა სერვისების ფართო სპექტრი, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს მიიღონ მოგზაურობის სრულყოფილი გამოცდილება. პრიორიტეტული ჩასხდომიდან დაწყებული, ფართო ადგილების არჩევით დასრულებული, Wizz Air უზრუნველყოფს მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას კომპრომისის გარეშე. ავიაკომპანიამ მალევე დანერგა ციფრული ინოვაციები და დაჯავშნისა თუ სასურველი სერვისების დასამატებლად, მომხმარებლებს მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია შესთავაზა.
გამოწვევებთან ადაპტაცია
Wizz Air-ის, ისევე როგორც მრავალი კომპანიის სიძლიერე, Covid-19 პანდემიის დროს, დადასტურდა. პანდემიამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა მრავალი ინდუსტრია, თუმცა მათ შორის, ყველაზე მწვავედ ავიაციას შეეხო. ავიაკომპანიამ სწრაფად უპასუხა გამოწვევებს, დანერგა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონტროლის მკაცრი ზომები, თანაც ისე, რომ არ შეუწყვეტია ახალი მიმართულებების დამატება და საოპერაციო ქსელის გაფართოება. ამ ადაპტაციამ არა მხოლოდ უზრუნველყო Wizz Air-ის გადარჩენა, არამედ განაპირობა შემდგომი ზრდა პოსტპანდემიურ ეპოქაში.
Wizz Air საქართველოში
Wizz Air-მა საქართველოში შეცვალა სამოგზაურო თამაშის წესები. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქუთაისში პირველი მარშრუტი განახორციელა, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ოპერაციები და საქართველო ევროპის მრავალ ქალაქთან დააკავშირა. საქართველოში Wizz Air-ის ოპერირება რომ ძალიან წარმატებულია, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია ზედიზედ მრავალი წელია ინარჩუნებს ბაზრის ლიდერის პოზიციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Wizz Air-მა გააძლიერა ტურისტული და ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, ქართველ მოგზაურებს კი მეტი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზა.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 211 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ინტერვიუ გიორგი კუპრაშვილთან, Galt & Taggart-ის გენერალურ დირექტორთან l ვრცლად
02.05.2026.10:20
Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის, გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, კომპანიის 30-წლიანი განვითარების მთავარი მიღწევებია საქართველოში კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, კვლევითი მიმართულების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც წლების განმავლობაში ინოვაციური პროდუქტებისა და პლატფორმების დანერგვით გაძლიერდა.
Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი საუბრობს კომპანიის პიონერულ როლზე ESG დაფინანსების მოზიდვაში, ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და რეგიონულ ექსპანსიაზე, ხოლო 2026 წლის მთავარ პრიორიტეტებად ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიურ ათვისებას ასახელებს.
პირველ რიგში, გილოცავთ Galt & Taggart-ის 30 წლის იუბილეს და „Global Finance“-ის მიერ 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად კიდევ ერთხელ დასახელებას. ამ მიღწევების ფონზე, როგორ შეაფასებდით კომპანიის მთავარ შედეგებსა და მიღწევებს ბაზარზე?
30 წელი მართლაც აღსანიშნავი თარიღია და ძალზედ მნიშვნელოვანია ეს Galt & Taggart-ის ისტორიაში. რომ შევაჯამოთ გავლილი 30 წელი, სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც Galt & Taggart-მა ბაზარზე შექმნა და დაამკვიდრა. ერთი არის კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, რასაც ცალსახად Galt & Taggart-მა ჩაუყარა საფუძველი. მეორე არის ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს კულტურაში კვლევითი მიმართულების განვითარება და საფუძვლის ჩაყრა და კვლევითი საქმიანობის წამოწყება. და მესამეა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, რომელიც Galt & Taggart-ის ჩართულობით და ინიციატივით სწორედ 2015 წელს პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის.
ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ და უფრო დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს - 2005 წელს შედგა პირველი ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში და სწორედ Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო 2 მილიონი ლარის პირველი ობლიგაცია, რომელიც მაშინ ბაზარზე გამოჩნდა. მაშინაც ალბათ არ იყო იმდენად მატერიალურად დიდი ციფრი, რამდენადაც ეს იყო პიონერული გასვლა ბაზარზე და პირველი ტრანზაქცია ამ ტიპის. მას შემდეგ ევოლუცია რაც გაიარა კაპიტალის ბაზარმა, ყოველ ჯერზე ახალი და უფრო ზრდადი მოცულობებით, ისევე როგორც თემატური, სტრუქტურული და სხვადასხვა ვალუტების ემისიებით, Galt & Taggart ამ წლების განმავლობაში იყო მოწინავე. გასულ წელს, შედეგად მივიღეთ ის, რომ მაგალითისთვის ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან IG Development-თან ერთად გამოვუშვით ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის მწვანე ობლიგაცია 82 მილიონი დოლარის ოდენობით და ეს ყველაფერიც Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა.
კვლევებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ევოლუციას რომ შევხედოთ, როგორც სექტორული, ისევე მაკროეკონომიკური კვლევის პიონერი იყო Galt & Taggart და დღესაც ამ მიმართულებით ვაღრმავებთ და ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას. კაპიტალის ბაზრებზე წვდომა 2015 წელს GT Trader-ის პლატფორმით პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის, რაც მანამდე ქართულ ბაზარზე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, უცებ რეალობა გახდა საკმაოდ დიდი წრისთვის ჩვენი კლიენტებისა. ასევე 2021 წელს პირველად დავნერგეთ "საქართველოს ბანკის" მობაილ აპლიკაციაში საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უკვე გაცილებით მასიური ხასიათისა არის და "საქართველოს ბანკის" 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოხერხებულად ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე განახორციელოს ინვესტიციები.
დიახ, აღნიშნული მიმართულება მართლაც მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც დღეს უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის აქციების შეძენა. ასევე აღსანიშნავია თქვენი მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც ფინანსური კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
ESG ლიდერობასთან დაკავშირებით რომ გავაგრძელოთ - Galt & Taggart-ს უკავშირდება ახალი აქტივების კლასების დანერგვა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბაზრისთვის?
საგანმანათლებლო ნაწილს რაც შეეხება, ესეც Galt & Taggart-ის მოწინავეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის. როდესაც ბაზარზე ცნობადობა გარკვეული სერვისების, პროდუქტების და ფინანსური ბაზრების შესახებ არ არსებობს, საჭირო არის ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და Galt & Taggart-იც ამ მისიას ასრულებს, რომ ჩვენს კლიენტებს, ჩვენს პოტენციურ კლიენტებს შევატყობინოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის და ფინანსური ბაზრები გვაძლევს. ESG მიმართულებას რაც შეეხება, როდესაც ESG-ზე ვსაუბრობთ, განმარტების სახით რომ ავღნიშნოთ, ESG მოიცავს ისეთი სახის პროექტებისა თუ კომპანიების დაფინანსებას და ისეთი ტიპის დაფინანსებას, რომელიც მიმართულია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტებისა და კომპანიებისათვის. ამ მიმართულებით Galt & Taggart-იც პიონერი იყო და Galt & Taggart -მა დაინახა ის შესაძლებლობა, რომელიც ახალი კაპიტალის მოზიდვის და ახალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობებს გააჩენდა. პირველი მწვანე ბონდი, პირველი სოციალური ობლიგაციები, ისევე როგორც პირველი SLB (მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები) სწორედ Galt & Taggart-მა გააცნო ბაზარს და შემოიყვანა ბაზარზე. ამას ჰქონდა ორი ეფექტი: პირველი იყო იმ ინსტიტუციონალური საერთაშორისო ინვესტორების მოყვანა და დაინტერესება მათი ქართული ბაზრით, რომელიც ამ კლასის და ამ ტიპის დაფინანსებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული და ამან გააჩინა ახალი ბაზარი. რომ გადავთვალოთ, 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ESG დაფინანსება არის Galt & Taggart-ის ჩართულობით გამოშვებული ბაზარზე. და მეორეს მხრივ, ჩვენს ემიტენტებს და ჩვენს პარტნიორებს შეუქმნა შესაძლებლობა უფრო მეტი, უფრო იაფი და უფრო მოქნილი დაფინანსების მოპოვებისა. ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ მომავალშიც და პერიოდულად ამის შესახებ სიახლეები გვექნება.
Galt & Taggart-ი ხშირად ასოცირდება ინოვაციებთან და ეს მიმართულება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიქმება. როგორ შეაფასებდით ინოვაციების როლს კომპანიის განვითარებაში და რა არის ამ მიმართულებით მთავარი შედეგები?
ინოვაციები ნამდვილად არის Galt & Taggart-ის დნმ-ში და ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ინოვაციები კომპანიის ყოველდღიურობად და სტრატეგიის ნაწილად ვაქციოთ. შედარებით უფრო უახლესი განვითარებები ამ მხრივ და მიღწევები რომ ვახსენოთ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტისავალუტო პროგრამის, ბონდების პროგრამის დანერგვა ბაზარზე, რომელზეც Galt & Taggart-ის გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა. რაც დავინახეთ ბაზარზე და რა შეზღუდვა შესაძლებლობისაც ჩანდა, იყო რომ მანამდე ერთ ვალუტაში, ხისტი და მოუქნელი პირობით იყო შესაძლებელი მხოლოდ პროსპექტუსის დაწერა და დაფინანსება, და ჩვენი ინიციატივით შევქმენით გაცილებით უფრო მოქნილი ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცილებით უფრო მოქნილად არის შესაძლებელი თანხების ათვისებაც, რაც ერგება ემიტენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს, და ასევე სხვადასხვა ვალუტაში სხვადასხვა დროს. ამან ბაზარზე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა.
მეორე მიმართულება არის ჩვენი სავაჭრო პლატფორმები - ჩვენი თრეიდერის და ინვესტიციების პლატფორმა, რომელზეც ჩვენს კლიენტებს მივეცით შესაძლებლობა 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომის გლობალურ ბაზრებზე. ასევე მივეცით შესაძლებლობა და ყოველდღიურ ჩვეულებრივ ფუნქციონალად ვაქციეთ ისეთი ფუნქციონალები, როგორიც არის 24-საათიანი თრეიდინგი, ალგორითმული დავალებები და სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც აქამდე მისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი თრეიდერებისთვის ან პროფესიონალი ინვესტორებისთვის, და დღეს ეს ჩვენი კლიენტების ყოველდღიურობად ვაქციეთ.
ასევე აღსანიშნავია მესამე ნაწილიც, რომ ჩვენი გამოცდილება დაგროვილი და ჩვენი ის ცოდნა რაც გვაქვს ტექნოლოგიურ სინთეზთან ერთად, ჩვენს საზღვრებს (საქართველოს საზღვრებს) უკვე გასცდა. როგორც იცით სომხეთში Galt & Taggart-ი ახორციელებს კაპიტალური ბაზრების მხარდაჭერის პროგრამას, რაც EBRD-ის პროექტია. რამდენიმე წლის წინ EBRD-თან ერთად საქართველოში განხორციელდა ეს პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩვენი კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ეს პროგრამაც იყო და ეს გამოცდილება ახლა მიგვაქვს სომხეთში, სადაც ჩვენს ლოკალურ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ ამის დანერგვას.
რა ძირითადი მიმართულებებით ოპერირებს Galt & Taggart-ი და როგორია კომპანიის პოზიციები თითოეულ ამ სეგმენტში ბაზარზე?
ჩვენი სტრუქტურა ორგანიზებულია კლასიკური საინვესტიციო ბანკის სტრუქტურით. ერთი ვერტიკალი არის საინვესტიციო საბანკო მიმართულება, მეორე არის ჩვენი კვლევითი მიმართულება და საბროკერო და საინვესტიციო მრჩევლის მიმართულება. საინვესტიციო საბანკო მიმართულებაში დიდი და შედარებით განვითარებული ნაწილი არის კაპიტალის ბაზრების ნაწილი. მეორე მხარე, რაც შედარებით ეხლა იკრებს ჩვენს ბაზარზე ფეხს, არის M&A Advisory (შერწყმა-შესყიდვის ტრანზაქციების საკონსულტაციო ნაწილი). ჩვენს ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს სათანადო დაფასება მრჩევლის ღირებულებისა, რაც ტრანზაქციაში მრჩეველს შეუძლია რომ მოიტანოს - ეს იქნება მყიდველების მობილიზებიდან და ორგანიზებიდან დაწყებული, პროცესის მართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად წარმართვისთვის და წარმატებით დახურვისთვის ტრანზაქციის, ისევე Due Diligence-ის და სხვადასხვა მოლაპარაკებაში მხარდაჭერის მიმართულებით. მაგრამ ამაზე საკმაოდ კარგი ფიდბექი გვაქვს ახლა ჩვენი კლიენტებისგან და პარტნიორებისგან და ნელ-ნელა სათანადო დაფასებას და ისტორიას ქმნის, როდესაც წარმატებული ტრანზაქციები ჩვენი ჩართულობით - რამდენიმე უკვე გვქონდა და ძალიან საინტერესო ტრანზაქციებზე ვმუშაობთ კიდევ - შედეგების სახით წარმოჩინდება და ეს უფრო გამოცდილება ხდება უკვე ჩვენი პარტნიორებისთვის.
კვლევების მიმართულებას რაც შეეხება, აქ გვაქვს სექტორული კვლევების მიმართულება, სადაც 15 სექტორს ვფარავთ. შარშან 200-ზე მეტი პუბლიკაცია გვქონდა და რიცხვებზე უფრო მეტად აქ აქვს სიღრმეს მნიშვნელობა. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად რელევანტური და საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური საკითხები დავინახოთ, პრობლემები დავინახოთ გარკვეულწილად, რომელიც დგას და ჩვენი როლი რაც არის - პოლისი მეიქერებს (პოლიტიკის შემქმნელებს), ბიზნესებს დავანახოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული ჩვენი რეკომენდაცია მივიტანოთ შესაბამის მოთამაშეებამდე ეკონომიკის. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისი არის სოფლის მეურნეობის დაფარვა, რაც ეხლა დავიწყეთ სიღრმისეულად. აგრიკონფერენციაც გვქონდა ამაზე, ინდექსიც გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტ სიღრმეში ვაპირებთ ამაზე წასვლას. ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიცია და კულტურა არსებობს ჩვენთან და რატომ ვერ ვართ ისე განვითარებული როგორც სხვა ქვეყნები, და სწორედ ამის დანახვაში გვინდა რომ ვითამაშოთ ის როლი, რომელიც ბიზნესს და გადაწყვეტილების მიმღებებს დაანახებს ობიექტურ ინფორმაციას. ასევე ჯანდაცვა არის მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო, რომელსაც ეხლა ვაინიცირებთ და ვიწყებთ სიღრმისეულად. გვქონდა გარკვეული დაფარვა ამ მხრივ, მაგრამ ესეც ძალიან კომპლექსური და საკმაოდ ამოუხსნელი საკითხია და გვინდა რომ ამის სიღრმეში ჩავიდეთ და ისევე როგორც დაინტერესებულ ბიზნესს გავუჩინოთ ინტერესი იქ ინვესტირების, და გვქონდეს პოლისი საუბრებიც შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებთან.
ამავდროულად Galt & Taggart-ის მაკრო კვლევები საკმაოდ ცნობილია ბაზარზე. ამაზე ძალიან ხშირი ფიდბექი გვაქვს და ვგრძნობთ რამდენად საჭიროა ის რასაც ვაკეთებთ. კაპიტალის ბაზრების კვლევითი მიმართულება არის, რომელსაც შედარებით ახლა ვავითარებთ და გვინდა აქ მნიშვნელოვნად კიდევ წინ წავწიოთ და უფრო სხვა დონეზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ცვლილებები და საკმაოდ საინტერესო განვითარებები გვექნება.
და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მართვის მიმართულება, რომელშიც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბაზრებზე წვდომას და საბროკერო მომსახურებას. პორტფელის მენეჯმენტი დავნერგეთ რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს - ეს ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია და ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ამ მიმართულებით. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც მთლიანად საქართველოსთვისაც აქვს მნიშვნელობა და რასაც ვხედავთ, არის რომ ჩვენს საბროკერო მიმართულებაში ორ მისიას ვხედავთ ჩვენთვის. ერთი არის ჩვენი ლოკალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური რეზიდენტი კლიენტებისთვის წვდომა ბაზრებზე (საერთაშორისო ბაზრებზე), და მეორე არის ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის რეგიონალურ ბაზრებზე "ერთი ფანჯრის" პრინციპით წვდომის მიცემა. ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ Galt & Taggart-ი იყოს წარმოდგენილი როგორც რეგიონალური პირველი სახელი, რაც მოგივათ თავში, თუ გინდათ რომ კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიის რეგიონზე ინვესტიცია გააკეთოთ ლოკალურ ბაზრებზე.
Galt & Taggart-ის სერვისებზე ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ამასთან, კომპანია საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვან აღიარებას იღებს. რა განაპირობებს ამ წარმატებას და როგორ შეაფასებდით საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას კომპანიისთვის?
წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. Global Finance-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. 2025-ში Euromoney-ს საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. მართალია ჯილდო არ არის თვითმიზანი, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც Galt & Taggart-ი დებს ადგილობრივი ბაზრის და რეგიონალური ბაზრის განვითარებაში, სათანადო დაფასება აქვს ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ, როგორიც არის Global Finance და Euromoney. ამ ნაწილში აუცილებელია ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ Galt & Taggart-ის ბრენდის დაფასება - ცალკეული შედეგები არ მოდის გუნდის გარეშე. მე მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Galt & Taggart-ის გუნდს - ჩვენი გუნდი აერთიანებს 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურად სრული ძალისხმევით არის იმისი მონაწილე და იმისი მამოძრავებელი, რომ Galt & Taggart-ი იყოს მოწინავე ხაზზე. ყველა ეს ჯილდო ცალსახად ჩვენი ძლიერი და ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა.
რა არის Galt & Taggart-ის ძირითადი პრიორიტეტები 2026 წლისთვის?
2026-შიც და ალბათ მომდევნო წლებშიც ჩვენი პრიორიტეტი იქნება ორი მთავარი მიმართულებით: პირველი არის რეგიონალური დაფარვის და რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიის განვითარებისთვის; და მეორე მხრივ - ტექნოლოგიური და ციფრული შეთავაზებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს ეხება ჩვენს სავაჭრო პლატფორმებს, ჩვენს შიდა სისტემებს, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ. ასევე აუცილებელი არის ვახსენოთ AI-ს ათვისება, რომელიც ხდება Galt & Taggart-ში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ AI-ს გამოყენების კუთხით Galt & Taggart-ი დღევანდელ დღეს ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. ამ მხრივ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რაც შეიძლება მოქნილად და მალე წავიდეთ წინ.