2025 წელს ქვეყანაში კვერცხის წარმოება 2.2%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.9 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობამ 122.0 ათასი სული შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 8.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. 2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. 2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 81.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7 პროცენტით ჩამორჩება. 2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია.
2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688.0 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია.
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.