ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის l თამარ იოსელიანი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის ხელმოწერის შეფასებისას.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ანკარას, თბილისსა და ბაქოს შორის კავშირებს თვისობრივად გარდაქმნის, რაც შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის.
„გუშინდელი დღე იყო ისტორიული. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შედის. ეს გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში ქმნის ახალ, დამატებით სისტემას, რომელიც შუა დერეფანს მოემსახურება და მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სამი პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთსა და მთლიანად რეგიონთან ბევრად უფრო მოქნილი, ეფექტური და სწრაფი გახდება", - აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება დაახლოებით 10 დღემდე შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. "ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთს ოპერირებას გაუწევს საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ადგილობრივი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა
08.06.2026.19:00
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.
მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.