ჩვენი პროგნოზით წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75% იქნება - ოთარ ნადარაია
,,მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო”,– აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. მისი თქმით, გაურკვევლობა და ინფლაციური რისკები გაზრდილია.
,,საყოველთაოდ ცნობილია რომ გაურკვევლობა და ინფლაციის რისკები გაიზარდა. ახლა მთავარი კითხვაა ეს დროებითი არის თუ უფრო დიდხანს გაგრძელდება.
ნავთობის ფასის მეორადი ეფექტები, სასუქები ცალკე თემაა,
ამ კუთხით, პრეს-რელიზში აღნიშნულია რომ თუ ნავთობის გაძვირება სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს, რასაც ემატება ტრანსპორტირების და სასუქების ფასები არ არის გამორიცხული რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ტრაექტორია და მსჯელობა საერთაშორისო მასშტაბით არის. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ბაზრის მოლოდინები შეიცვალა - აღარაა მოლოდინი რომ Fed-ი შეამცირებს წელს განაკვეთს, მაშინ როცა შემცირების მოლოდინები არსებობდა“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
მისი შეფასებით, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება განვითარებულ მოვლენებზე.
,, ესკალაციამდე ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი გვქონდა 7.5 % წლის ბოლოს, როგორც ეს ჩვენს პუბლიკაციაშია. სადღეისოდ დაახლოებით 7.75% გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ისევდაისევ დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე. დასაწყისში ბაზრის მოლოდინები იყო რომ ეს კონფლიქტი სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა სადღეისოდ გაურკვევლობა მატულობს. ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიგნალები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რა თქმა უნდა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - ამბობს ოთარ ნადარაია.
აღსანიშნავია, რომ 25 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის - შოთა ბერეკაშვილი
06.10.2026.20:36
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.