ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხების გამო, საწვავთან დაკავშირებულ ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება - „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი
მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ავიაკომპანიაზე მძიმედ აისახა. ოპერაციული ხარჯების პრაქტიკულად 100% საწვავზე მიდის, - აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო სამსახურის დირექტორი, შეფ-პილოტი ვალერიან ჩხენკელი.
„ავიაკომპანიის მენეჯმენტი ყველა ზომას იღებს საწვავის ეკონომიისთვის, ეკიპაჟებთან მიდის ყოველდღიური მუშაობა რომ ყოველი კილოგრამი საწვავი დაიზოგოს, თუმცა ამის მიუხედავად რეისების ნაწილის გაუქმება გვიწევს.
ამ მძიმე ფონზე, ვითომდა ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვის მიზეზით, ევროკონტროლის მიერ ხდება რეისების შეფერხება 30 წუთიდან 2 საათამდე.
აღნიშნული მიზეზი სრული აბსურდია, რადგან აქტიური საავიაციო სეზონი ჯერ არ დაწყებულა - მაისია, ამასთანავე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით უამრავმა ავიაკომპანიამ: British airways, Lufthansa, KLM და სხვებმა ფრენები შეამცირეს.
ავხსნი, რას ნიშნავს ავიაკომპანიისთვის რეისის შეფერხება: ამ დროს, თვითმფრინავი უკვე მზად არის გამოფრენისთვის, მგზავრები ბორტზე იმყოფებიან, სჭირდებათ სალონის კონდიცირება, გათბობა, ამისთვის გამოიყენება დამხმარე ძრავა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ამ შეფერხებების გამო, საწვავთან დაკავშირებით ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება.
ფინანსური ზარალის გარდა, რაც მთავარია ყველაზე დიდ ზიანს მგზავრი იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია მგზავრის კომფორტი და იმ თანხაში, რასაც ის ავიაბილეთში იხდის, მგზავრი უნდა გაემგზავროს დროულად და კომფორტულად.
ამ შეფერხების გამო, მგზავრები განიცდიან უდიდეს დისკომფორტს, აგვიანდებათ ტრანზიტულ რეისებზე და ხშირად უწევთ აეროპორტში 10-12 საათით ყოფნა ზუსტად ამ მიზეზით. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანია ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია, რაც დამატებითი ფინანსური ტვირთია და გამოწვეულია ევროკონტროლის მიერ შექმნილი დაბრკოლებებით. ჩემი ღრმა რწმენით, ამ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები მიიღება არაპროფესიონალების მიერ, რადგან როგორც ავხსენი, მაისი ჯერ არ არის აქტიური სეზონი, მრავალი ავიაკომპანიის მიერ გაუქმებულია მრავალი რეისი და საჰაერო სივრცის გადატვირთვაზე საუბარი ვერ იქნება.
სავარაუდოდ, სლოტების საკითხი დაიგეგმა შარშან ზამთარში და ევროკონტროლში დღევანდელ მძიმე ვითარებას არ ითვალისწინებენ არაპროფესიონალიზმის გამო, სრულად უგულებელყოფილია მგზავრების და ავიაკომპანიების ინტერესები.
იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ სიტუაციაში ავიაკომპანიებს ხელი შეუწყონ, მთელი ჩვენი შრომა და ძალისხმევა როგორმე საწვავის ხარჯი შემცირდეს და კომპანიამ
გადახდისუნარიანობა შეინარჩუნოს, ევროკონტროლის არაპროფესიონალიზმის გამო წყალში გვეყრება.
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ საქართველოს ნავიგაციიდან 2025 წლის მოგებიდან დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ევროკონტროლმა წაიღო, რადგან თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. თავის მხრივ კი ავიაკომპანიების და მოქალაქეების მიმართ მავნებლობითა და დაბრკოლებების შექმნით არის დაკავებული. ეს არა მარტო ჩვენ კომპანიას, არამედ მთელ საავიაციო სექტორს და პირველ რიგში მგზავრებს აზიანებს.
ძალიან რთული მდგომარეობაა შექმნილი, მგზავრთნაკადი შემცირებულია, საწვავის გაძვირების გამო ავიაბილეთები ძვირდება, ავიაკომპანიები ზარალდებიან და ამ მძიმე ვითარებაში იმედი გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის გვერდში დგომის.
ვიმედოვნებთ, რომ როგორც სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ავიაკომპანიას დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას“, - აღნიშნავს პილოტი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის I კვარტალში $2.6 მლნ შეადგინა
15.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2 637.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 42%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვა 4 508.5 ათასი დოლარია.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნორვეგიაში ექსპორტი 84%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს ნორვეგიაში იმპორტი 154.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 011.2 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა.
რაც შეეხება ნორვეგიიდან იმპორტს, ის 29%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ნორვეგიიდან 2 482.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 497.3 ათასი დოლარი იყო.
ნორვეგიიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით თევზის იმპორტი ხორციელდება.