ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 141.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აპრილში აშშ-დან 8.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.9%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 58.3 და 27.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (94.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აპრილის (31.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა
08.06.2026.19:00
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.
მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.