ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა, სებ-ის კომუნიკაცია - 3 არგუმენტი რატომ არ მოელის Galt & Taggart-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას
Galt & Taggart-ის პროგნოზით ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.0%-ზე თავის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ოთხშაბათს, 2026 წლის 6 მაისს.
განაკვეთი ამ დონეზე დარჩება 2026 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება 7.50%-მდე 2027 წლის ბოლოსთვის.
გარდა აღნიშნულისა, Galt & Taggart ასახელებს სამ არგუმენტს რატომ არ მოელის მონეტარული პოლიტიკის ანაგრიშის შემცირებას.
„ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია - 2026 წლისთვის ჩვენი განახლებული საშუალო ინფლაციის პროგნოზი 4.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 3.0%-იან მიზნობრივ დონეს. ენერგიის ფასების შოკები თეორიულად შეიძლება დროებითი იყოს, თუმცა მათი მეორადი ეფექტები - ხელფასებზე, ქირასა და მომსახურების ფასებზე ხშირად უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება. მომსახურების სექტორში ინფლაცია უკვე გაზრდილია, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა დამატებით ზრდის გადაცემის ეფექტს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვერ დაეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ შოკი თავისთავად განეიტრალდება.
პოტენციალზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აფერხებს შემცირებას - საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს პოტენციალზე მაღალი ტემპით ზრდას, რაც 2026 წელს მონეტარული შერბილების სივრცეს ამცირებს. პანდემიის შემდგომ პოტენციური ზრდა შეფასებულია 5.5–6.0%-ად (წინა 4.5–5.0%-ის ნაცვლად). მიუხედავად ამ გაზრდილი ნიშნულისა, ფაქტობრივი ზრდა კვლავ ძლიერია - ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ია. 2025 წელს ზრდა 7.5%-მდე შენელდა, თუმცა 2026 წლის პირველ კვარტალში კვლავ დაჩქარდა და 9.1% შეადგინა წლიურად, რაც მოლოდინებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის ფონზე, 2026 წლის ზრდის პროგნოზი გაიზარდა 7.0%-მდე (6.0%-დან). როდესაც ეკონომიკა პოტენციალზე მაღლა მუშაობს და ინფლაცია კვლავ 3.0%-იან მიზნობრივ დონეზე მაღალია, განაკვეთის შემცირების არგუმენტები სუსტდება.
კომუნიკაცია ეროვნული ბანკი-ის მხრიდან - ეროვნული ბანკის ბოლო განცხადებები მკაფიოა: თუ ინფლაციური რისკები ზრდის მიმართულებით განვითარდება, შესაბამისი რეაგირება იქნება უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის ტრაექტორია. ასეთი წინასწარი კომუნიკაცია ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მიმდინარე პოლიტიკას, თუ მონაცემები არსებითად არ გაუმჯობესდება “, - წერს Galt & Taggart.
სხვა სიახლეები
„საქართველოს რკინიგზა" განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას - მარიამ ქვრივიშვილი
05.05.2026.12:23
„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს რკინიგზაში შემუშავდა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამ საკვანძო მიმართულებას: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას.
„თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, ქვეყნის გადაკვეთის დრო კი 20%-ით შემცირდა.
როგორ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პროგრესია გაციფრულების მიმართულებითაც, ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით 7.5-ჯერ შემცირდა სასაზღვრო პროცედურების დრო.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თბილისი–ბათუმისა და თბილისი–ახალციხის სარკინიგზო ხაზების სრული რეაბილიტაცია 2026 წლის აგვისტოში დასრულდება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილება - ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმამდე მგზავრობა დაახლოებით ოთხ საათამდე შემცირდება.