მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს - TBC Capital

news image

17 თებერვლის შემდგომ, აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში  დაფიქსირდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდგომ მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი - განსაკუთრებით თებერვლიდან - გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა.

„მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება, რაზეც წინა მაკროეკონომიკურ განახლებაში გვქონდა საუბარი. აღნიშნულის ფონზე, როგორც პუბლიკაციის შემდგომი გამოხმაურებები მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: სადამდე გამყარდება ლარი?

სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგად ცნობილი მიმდინარე გარემო და ლარზე მოქმედი ფაქტორების უახლესი დინამიკა:

  • აშშ დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე - 2025 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარი როგორც ევროსთან, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მიმდინარე წელს - მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით ჯერ კიდევ გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულზე ძლიერი რჩება - აშშ დოლარის დამატებით მნიშვნელოვანი გაუფასურება საბაზო სცენარს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენი პროგნოზით, ევრო/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსთვის 1.22-ს მიაღწევს. ამდენად, ეს ფაქტორი ლარზე მხოლოდ მცირედით დადებითად იმოქმედებს.
     

  • ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები - ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილი შემოდინებებისა და, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდის შენელების ფონზე, 2025 წელს საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება, რაც ლარის მხარდამჭერი ფაქტორია.
     

  • დეპოზიტების ლარიზაცია - 2024 წელს სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირდა, 2025 წელს კი აღნიშნული კონვერტაციების საპირისპირო მიმართულებით შემოტრიალებამ ლარის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ამავდროულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, დღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, ლარიზაცია თითქმის უცვლელია, მცირედით შემცირებულიც კი, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. ამდენად, მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია.
     

  • გაზრდილი წლიური ინფლაცია - მკითხველისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს. მსგავსი პრინციპია საქართველოს შემთხვევაშიც - ინფლაციის ზრდა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს, რაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთის უფრო გვიან შემცირებაში ან გაზრდაშიც კი გამოვლინდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. 
     

მოცემული ფაქტორებიდან ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს.  მართალია, იანვარში ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალ დინამიკას სამომხმარებლო კალათის ცალკეული პროდუქტები არ განაპირობებდა. შესაბამისად, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

ამდენად, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას - სადამდე გამყარდება ლარი? პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, გაცვლით კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს უნდა დავეყრდნოთ. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების ერთობლიობით, ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გაუფასურებული. რასაკვირველია, ეს გამყარების ზუსტ პროგნოზს არ წარმოადგენს, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის.  

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, ჩვენი შეფასებით, თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით ზომიერი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, რადგან საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება და ინფლაციის შენელება რჩება. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილი ალბათობაც - კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. თავისთავად, მნიშვნელოვანია ისეთი დროებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა 2025 წლის ბოლოსთვის ავტომობილების წმინდა ექსპორტის გაუმჯობესება. ამდენად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდში სავარაუდოდ მცირედით გამყარების შემდეგ, წლის ბოლოსათვის ასევე ზომიერი, მაგრამ გაუფასურება კვლავ ჩვენი საბაზო სცენარია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში. 

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Georgia Capital-ის მიერ ,,გორმედის“ შეძენით ჯგუფის სამედიცინო ქსელს 80,000 პაციენტი დაემატა - დეტალები

24.04.2026.22:02

2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.

Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.

,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.


ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.

ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე. 
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა