ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition."
„ენერგეტიკის სექტორს დიდი წვლილი შეაქვს, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ის უდიდეს ღირებულებას ქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა. ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ ენერგეტიკის სექტორი და გვაქვს ამოცანა, მომდევნო 10 წელიწადში დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ექნება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, საქართველო, რომელიც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის პროცესის განუყოფელი ნაწილია, დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განახლებასა და მშენებლობაზე.
„საქართველომ დაიწყო შავი ზღვის 1300 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს უკვე მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ასევე ვართ მწვანე ენერგიის დერეფნის ნაწილი, რომელიც რეგიონული ინიციატივაა და საშუალოდ, 4700 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს. სწორედ ამ სულისკვეთებითა და 10-წლიანი გეგმით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც რეგიონული ჰაბი არამხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტრანზიტსა და ლოგისტიკაშიც. მთავრობა უზრუნველყოფს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში (გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ) მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა
08.06.2026.19:00
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.
მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.