მარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის, ხაზგასასმელია საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე მთავრობათაშორისი შეთანხმებები. მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.
განსაკუთრებით ხაზგასმელია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება
სხვა სიახლეები
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
18.05.2026.17:28
დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.
ამით წარმატებით დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი — სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.
ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძლიერი პოლიტიკური ნების, მჭიდრო კოორდინაციისა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა დარჩენილი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას, რაც წარმატებით დასრულდა.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ხედვაზე, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი დაკავშირებადობის გაძლიერების საერთო მიზანზე. პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით.
ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღეს უკვე წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში. პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი სატვირთო ნაკადებისა და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის — დაახლოებით 10 დღემდე, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს. ეს ქმნის შესაძლებლობებს რეგიონული ვაჭრობის გაფართოების, სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პროექტი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და ეფექტიან დაკავშირებადობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ოპერატორი იქნება საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.