მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში - დავით ნარმანია
15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის საქმიანობაზე:
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში. შესაბამისად, აუცილებელია მომხმარებლის ინფორმირება მის პასუხისმგებლობაზე, ასევე კომუნალური კომპანიის ვალდებულებებზე. სემეკის მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების სექტორებში არსებული ხარვეზები, შემცირდეს წყვეტების ხანგრძლივობა და სიხშირე. ხაზგასასმელია რეგულაციების ეფექტიანობა. ნებისმიერი რეგულაცია, რომელსაც სემეკი შეიმუშავებს მომხმარებლის საუკეთესო ინტერესს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა რეგულაციაზე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი პროექტების განხორციელებას:
„საგულისხმოა, რომ სემეკმა არაერთი ახალი რეგულაცია აამოქმედა. მათ შორის, აღსანიშნავია საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების რეგულაცია, რომლის საფუძველზეც მრავალბინიან სახლებში წარმატებით მიმდინარეობს საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა. რამდენიმე ობიექტზე უკვე დასრულდა ჭკვიანი თბომრიცხველების მონტაჟი და დაიწყო ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო წილის გამოყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი გაზის გადასახადს მომხმარებლისთვის, “ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2025 წელს 5000-მდე პირს ტრენინგები ჩაუტარდა.
9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის - ირაკლი გილაური
24.04.2026.21:40
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.
Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.
ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.
ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.