ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში - უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობის ინიციირებას l „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი ახალ პროექტზე
ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხედვითა და ანალიზით, ქვეყანა შევა ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფაზაში და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად მზად შევხდეთ ამ ეტაპს“, - განაცხადა „ჰანიველ ცემენტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა კასპის ცემენტის ქარხნის ახალი ღუმლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს კერძო სექტორის განვითარების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის არა მხოლოდ დიდი პროექტის ინიციირების დღე, არამედ შესრულდა 100 წელი, რაც საქართველოში, კასპში ცემენტის ინდუსტრიას ჩაეყარა საფუძველი. 1926 წელს სწორედ აქ დაიწყო ცემენტის პირველი ქარხნის მშენებლობა და უკვე 100 წლისთავზე ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვაინიცირებთ ახალ პროექტს. მას შემდეგ ცხადია, ტექნოლოგიურად ბევრი რამ შეიცვალა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ განახორციელა ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია, დანერგა წარმოების, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. 2024 წელს კი ჩვენ სიამაყით წარვადგინეთ ჩვენი ახალი ბრენდი „ჰანიველ ცემენტი“. ამ უწყვეტი განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა ახალი ქარხნის ინიციირების პროექტიც, რომელიც გულისხმობს კლინკერისა და ცემენტის წარმოების გაზრდას“, - განაცხადა დავით ჯუღაშვილმა.
მან ახალი პროექტის დეტალებზეც ისაუბრა.
„საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 70 მილიონ დოლარს. მოკლედ გაგაცნობთ ტექნიკურ მახასიათებლებს: კლინკერის წარმოების გაზრდა მოხდება 400 000 ტონით წლიურად და მიაღწევს 2 მილიონ ტონას, ხოლო ცემენტის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 450 000 ტონით და 2,7 მილიონ ტონას მიაღწევს. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხედვით და ანალიზით, ქვეყანა შევა ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფაზაში და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად მზად შევხდეთ ამ ეტაპს. ეს ინიციატივა ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რაც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ ადგილობრივი წარმოების გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ასევე დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობის ინიციირებას და რა თქმა უნდა, გაგრძელდება ბეტონის ქარხნების ქსელის განვითარებაც.
კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პატივცემულ მინისტრებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. აგრეთვე დიდი მადლობა ჩვენს დამფუძნებელს, პარტნიორ კომპანიებს და რაც მთავარია, თითოეულ თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმი არის ჩვენი წარმატების მთავარი წინაპირობა“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
საიდან ახდენს საქართველო საზამთროს იმპორტს - სტატისტიკა
08.06.2026.13:00
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში საზამთროს იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობაშიც და ღირებულებაშიც გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, დღეისათვის ბაზარზე ირანული საზამთრო დომინირებს.
2026 წლის იანვარ-აპრილში 1 233.0 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 392.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. შედარებისთვის, 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულ იქნა 1 040.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 324.4 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ადრეული საზამთროს იმპორტი მოცულობის მიხედვით 18.5%-ითაა გაზრდილი.
გაზაფხულის თვეებში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთ ქვეყანაზე მოდის. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირანიდან 1 218.1 ტონა საზამთრო შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 99%-ს შეადგენს. პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 14.0 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს, საიდანაც საქართველომ 0.8 ტონა პროდუქტი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ საზამთროს იმპორტის მზარდი ტენდენცია ბოლო წლებში მყარად ფიქსირდება. გასულ, 2025 წელს საქართველომ ჯამში 10 033.7 ტონა საზამთროს იმპორტი განახორციელა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც ქვეყანაში 7 737.1 ტონა პროდუქტი შემოვიდა.