რა არის ენერგეტიკის სექტორის მთავარი გამოწვევები - მარიამ ჩახვაშვილის შეფასება
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე ძირითადი გამოწვევა არსებობს, მათ შორისაა მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ბიუროკრატიული პროცესები და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროექტების ადრეულ ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა და გამჭვირვალობა, თუმცა ამ მიმართულებით ინფორმაციის მარტივად გადაცემაც ხშირად სირთულეს წარმოადგენს.
„ცალსახად რამდენიმე გამოწვევა არსებობს. პირველი მოსახლეობასთან ურთიერთობაა. აუცილებელია მაქსიმალური გამჭვირვალობა ყველა პროექტში და მოსახლეობის ადრეულ ეტაპზე ჩართვა, რათა პროტესტის განცდა მინიმუმამდე შემცირდეს. ჩემი პირადი აზრია, რომ ბევრი წინააღმდეგობის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, თუ დიალოგი ადრეულად დაიწყება და პროექტის არსი ხალხისთვის მარტივად და გასაგებად იქნება ახსნილი. ინფორმაციის მარტივი ენით გადაცემა ხშირად ჩვენი გამოწვევაცაა.
მეორე გამოწვევა ბიუროკრატიული ბარიერებია, რომლებსაც სადგურები აწყდებიან, დაწყებული მცირე სოფლის დონეზე მიწის შესყიდვით, დამთავრებული მემორანდუმის გაფორმებისა თუ სხვადასხვა კვლევის ვადებით. ეს პროცესები მოსაგვარებელი და ასაჩქარებელია. ვფიქრობ, მთავრობა ინვესტორს მაქსიმალურად უნდა დაუდგეს გვერდში. ადრეც იყო საუბარი „ერთი ფანჯრის პრინციპზე“, რათა ინვესტორს არ მოუწიოს მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობასთან ცალ-ცალკე მუშაობა, თუმცა ამის დანერგვა რთული აღმოჩნდა.
„გრედას“ კანონმდებლობა ასევე, მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესიც ხშირად ჭიანურდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო.
ქვეყანას კვალიფიციური მუშა ხელი ყველა სექტორში სჭირდება, თუმცა ენერგეტიკაში ეს საჭიროება განსაკუთრებით მწვავეა. ინჟინრებისა და მშენებლების შემთხვევაში, ხშირად გვიწევს უცხოური გამოცდილების მოზიდვა. დარგს ძალიან წაადგებოდა პროფესიული და რეგიონული განათლების კერების განვითარება.
ეს არის გამოწვევა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ვერ აღმოიფხვრება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მისახედია. მით უმეტეს, როდესაც ასეთ დიდ გეგმაზე ვსაუბრობთ - ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი ინჟინრები და მშენებლები, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა ააშენონ და შემდგომში ოპერირება გაუწიონ“, - ამბობს ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი
08.06.2026.01:52
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)
9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)
12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა