რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით - ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
Business Insider Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან საქართველოში. ინტერვიუში ლესლი ბეარმან ლამი, საუბრობს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოზე, ADB-ის პრიორიტეტულ სექტორებზე ქვეყნის კონტექსტში, საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობაზე, ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარულ პოლიტიკაზე, საქართველოს როლზე რეგიონულ დაკავშირებადობაში და საზღვართშორის ინფრასტრუქტურულ დერეფნებში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანამშრომლობის ეფექტიანობაზე საქართველოს მთავრობასთან, სტრუქტურულ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ პერსპექტივებზე.
როგორ აფასებს ADB საქართველოს არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოს და ზრდის პერსპექტივებს 2025–2026 წლებისთვის? ADB-ის ხედვით, რა არის საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პოტენციალი?
საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე, 7.5%-ზე შენარჩუნდა, მაგრამ მოსალოდნელია შემცირება 2026 წელს 5.5%-მდე და 2027 წელს 5.2%-მდე, რაც შიდა და საგარეო მოთხოვნის დასუსტებას ასახავს.
ამასთანავე, პროგნოზი უფრო კომპლექსური ხდება. საგარეო რისკები კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე. ამ მოვლენებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობაზე, დაარღვიოს ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები და ხელი შეუწყოს ინფლაციური წნეხის ზრდას, რაც მნიშვნელოვნად აისახება ისეთ მცირე და ღია ეკონომიკაზე, როგორიც საქართველოა.
საერთო ჯამში, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მყარია, იმ პირობით, თუ რეფორმების იმპულსი გაგრძელდება, ინფრასტრუქტურული ხარვეზები აღმოიფხვრება და საგარეო რისკები ფრთხილად იქნება მართული. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობებს, გაძლიერდეს მისი როლი როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო კარიბჭე. რეგიონული ინტეგრაციისა და დაკავშირების მიმართ გრძელვადიანი ერთგულება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას.
რა არის ADB-ის პრიორიტეტული სექტორები საქართველოში მომავალი წლისთვის — ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მუნიციპალური სერვისები, გაციფრულება, ინფრასტრუქტურა თუ კერძო სექტორის განვითარება?
ADB-ის პრიორიტეტული სექტორები საქართველოში განისაზღვრება ADB-ის ქვეყანასთან თანამშრომლობის 2024–2028 წლების სტრატეგიით, რომელიც შემუშავდა საქართველოს მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან ღრმა კონსულტაციების საფუძველზე. მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს, სადაც ADB-ს შეუძლია მაქსიმალურად ძლიერი განვითარების შედეგების მიღწევა. ეს მოიცავს საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების გაგრძელებას — საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის მეორე დერეფნის ფარგლებში, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს. ასევე, მრავალმოდალური ტრანსპორტისა და ლოგისტიკური დაკავშირებადობის გაფართოებას უკეთესი საგზაო დაკავშირებით პორტებთან, სარკინიგზო ქსელსა და ლოგისტიკურ ობიექტებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას.
ამასთანავე, ADB მუშაობს სუფთა ენერგიის გამომუშავებისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდაზე, შიდა ღირებულების შექმნის განვითარებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში. ის ხელს უწყობს კერძო სექტორს მეტი მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში დაბალნახშირბადიანი წარმოების განვითარების გზაზე.
როგორ აფასებს ADB საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით?
საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას.
ამასთანავე, რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. სტრუქტურული შეზღუდვები — მათ შორის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ, უნარებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა, ასევე ინფრასტრუქტურული ხარვეზები — კვლავ აფერხებს კონკურენტუნარიანობას. დამატებით გამყარებას საჭიროებს ინსტიტუციური შესაძლებლობები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და პროდუქტიულობის დონე. გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის შეჩერებამ, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან წამოსულმა შესაბამისმა სიგნალებმა, შესაძლოა ერთგვარი გაურკვევლობა შექმნას, რაც პოტენციურად აისახება ექსპორტის მაჩვენებლებსა და ინვესტორთა განწყობებზე.
რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული სტრუქტურული გამოწვევების თანმიმდევრული გადაჭრა.
როგორია ADB-ის შეფასება საქართველოს ფისკალური ჩარჩოსა და საჯარო ვალის მდგრადობის შესახებ?
საქართველოს ფისკალური ჩარჩო წიდახედული და სანდოა, ხოლო ბოლო პერიოდის განვითარება ასახავს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას. 2025 წელს ფისკალური დეფიციტი შემცირდა და მშპ-ის 1.2% შეადგინა, რაც ძლიერი შემოსავლების მობილიზებითა და ხარჯების უფრო ზომიერი ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად, საჯარო ვალი შემცირდა და ჩამოსცდა მშპ-ის 35%-ს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ფართოდ გამოყენებულ წინდახედულობის კრიტერიუმთან შედარებით.
საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში, კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ.
ამასთანავე, ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო გაურკვევლობების მაღალი დონის გათვალისწინებით. ფისკალური რისკების მჭიდრო მონიტორინგი — განსაკუთრებით დაკავშირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან, საჯარო-კერძო პარტნიორობებთან და საჯარო ვალში სავალუტო კურსის რისკებთან — აუცილებელი იქნება ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად და საჯარო ფინანსებზე შესაძლო ზეწოლის შესაზღუდად.
როგორ აფასებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ და რეგულაციურ პოლიტიკას არსებულ გარემოში?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და რეგულაციური პოლიტიკა არსებულ გარემოში მყარად და თანმიმდევრულად ფასდება. ნეგატიური რისკები კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით საქართველოს გლობალური და რეგიონული შოკებისადმი მგრძნობელობის, გარე ფასების მდგრადი ზეწოლისა და დოლარიზაციის მაღალი დონის გამო. ინფლაციის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მათ შორის გლობალური ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული ზეწოლის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შედარებით მკაცრ დონეზე — 8%-ზე — შენარჩუნებულია. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ დააფიქსირა მზადყოფნა პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური ზეწოლა გაძლიერდება ან ინფლაციის მოლოდინები ნაკლებად დამაჯერებელი გახდება.
ამავე დროს, სავალუტო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა საგარეო შოკებისადმი ეკონომიკის დამცავი ბუფერები. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს — დაახლოებით 6.65 მილიარდ დოლარს — მიაღწია, რაც აღემატება ფართოდ გამოყენებულ ადეკვატურობის კრიტერიუმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციისა და გარე შოკებისადმი მგრძნობელობის ფონზე.
ფინანსური სექტორის კუთხით, საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა დედოლარიზაციისა და მაკროპრუდენციულმა ეფექტიანმა ზომებმა ხელი შეუწყო ვალუტასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებისა და გადაჭარბებული დავალიანების შემცირებას. ამავდროულად, სისტემის გამყარებას დაეხმარა დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება და სარეზოლუციო ფონდის შექმნა, რაც ზრდის საბანკო სექტორის სტაბილურობასა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს. ძლიერი კაპიტალის ადეკვატურობა, მაღალი მომგებიანობა და პრობლემური სესხების დაბალი დონე ასახავს ფინანსური სექტორის მყარ ფუნდამენტებს.
როგორ ხედავს ADB საქართველოს როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში და საზღვართშორის ინფრასტრუქტურულ დერეფნებში?
საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით კარეკის მეორე დერეფნისა და შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას აკავშირებს. საქართველო უზრუნველყოფს ტვირთბრუნვას შავი და კასპიის ზღვების რეგიონებს შორის და მათ ფარგლებს მიღმაც, ხოლო ამავე დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძს, სადაც გაუმჯობესებული გზები, პორტები, რკინიგზა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა ქმნის ადგილობრივ დამატებულ ღირებულებას სატრანსპორტო მომსახურების, ვაჭრობის, ტურიზმისა და დასაქმების გზით.
ADB-ის ინვესტიციები აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალურ გზის დერეფნებში, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებთან დაკავშირებულ მონაკვეთებში, პირდაპირ უჭერს მხარს ამ როლს. პროექტები, როგორიცაა ბათუმის შემოვლითი გზა და სხვა სტრატეგიული საავტომობილო მონაკვეთები, ამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას, ზრდის უსაფრთხოებას და ამოკლებს ტვირთების გადაადგილების დროს. პოლიტიკის დონეზე ADB ასევე უჭერს მხარს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ტრანსპორტის ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ, საბაჟო კოორდინაციისა და საზღვართშორისი ლოგისტიკის გაძლიერებისკენ — რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშესახები ინფრასტრუქტურული კავშირების შესაქმნელად.
საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი დივერსიფიცირებული სავაჭრო მარშრუტებიდან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები მდგრადობისკენ ისწრაფვის. მრავალმოდალური ტრანსპორტის უწყვეტი განვითარება — გზების ეფექტიანი ინტეგრაცია პორტებსა და რკინიგზასთან — აუცილებელი იქნება, რათა საქართველომ სრულად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
როგორ აფასებს ADB საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მოდერნიზაციის პროგრესს?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით, მათ შორის დიზაინის სტანდარტების გაუმჯობესებაში, საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებასა და პროექტებში კლიმატგონივრული მიდგომების ინტეგრირებაში. ADB-ისა და ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაასრულა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის მონაკვეთი — ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერია. ამასთანავე, მიმდინარეობს განახლებები საკვანძო სატრანსპორტო დერეფნებზე, მათ შორის ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, ასევე ადრე განხორციელებული შემოვლითი პროექტები — ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, რომლებიც ერთობლივად აძლიერებს საქართველოს როლს კარეკის მეორე დერეფანში და ამაღლებს მის როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციას.
ინსტიტუციურ დონეზეც შეინიშნება წინსვლა, მათ შორის პროექტების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება, ასევე აქტივების მართვის ოპტიმიზაცია. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის სრული სასიცოცხლო ციკლის ხარჯების შემცირებას და უზრუნველყოფს, რომ ინვესტიციებმა გრძელვადიანი ღირებულება შექმნას. ADB აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან საგზაო აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით, დეკარბონიზაციის მხარდაჭერისა და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
თუმცა, მოდერნიზაცია ჯერ არ დასრულებულა. ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან სატრანსპორტო ქსელების მართვასა და ოპტიმიზაციაზე გადასვლა — მათ შორის მოვლა-პატრონობის, ციფრული სისტემებისა და ლოგისტიკური ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით — წარმოადგენს მომდევნო ეტაპს. შესაბამისად, ADB მიიჩნევს, რომ საქართველო შედის უფრო მოწინავე ფაზაში, სადაც ტექნოლოგიის, მონაცემების და ინტერმოდალური ინტეგრაციის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
როგორ შეაფასებდით არსებულ და სამომავლო საჭიროებებს საგზაო, სარკინიგზო, საპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით?
საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია მთავარი ავტომაგისტრალების განახლებაში, მათ შორის ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ფარგლებში. შემდეგ ეტაპზე კი უფრო ძლიერი აქცენტი უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოებაზე, კლიმატმედეგობასა და ინფრასტრუქტურის სათანადო მოვლა-პატრონობაზე.
მეორეხარისხოვანი და ადგილობრივი გზების გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დიდი ურბანული ცენტრების მიღმა მდებარე რეგიონები სრულად იყოს დაკავშირებული ბაზრებთან, დასაქმების შესაძლებლობებთან და აუცილებელ სერვისებთან.
რკინიგზისა და პორტების უკეთესი ინტეგრაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და გაზრდის საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მრავალმოდალური მიწოდების ჯაჭვის ნაწილის კონკურენტუნარიანობას. პორტების განვითარებას, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას შორის ძლიერი კოორდინაცია აუცილებელია მაქსიმალური ეკონომიკური ზეგავლენის მისაღებად.
ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და სისტემები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფიზიკურ ინვესტიციებს უნდა ავსებდეს თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრები, ციფრული სატვირთო მართვის სისტემები, ეფექტიანი სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები და მონაცემებზე დაფუძნებული სატრანსპორტო მართვა. ეს „რბილი ინფრასტრუქტურა“ მნიშვნელოვნად ამცირებს შეფერხებებსა და ხარჯებს ბიზნესისთვის. კარეკის პროგრამის ფარგლებში, საქართველო აქტიურად ახორციელებს საბაჟო პროცედურების გაციფრულებას და აძლიერებს უწყვეტ დაკავშირებადობას პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის.
გზების, რკინიგზის, პორტებისა და ლოგისტიკის სფეროებში ინვესტიციების ურთიერთშეთანხმებით — და სადაც შესაძლებელია, კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფით — საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი რეგიონული დაკავშირებადობის ჰაბის როლი და უზრუნველყოს, რომ ინფრასტრუქტურა აგრძელებდეს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას.
როგორ აფასებს ADB საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და მწვანე ენერგიაზე გარდამავალ პროცესს? როგორ შეაფასებდით ქვეყნის პოტენციალს ამ მიმართულებით?
განახლებად ენერგიას შეუძლია ცენტრალური როლი შეასრულოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში — იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების, ენერგომიქსის დივერსიფიკაციისა და გარე საფასო და მიწოდების შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირების გზით. ADB მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს ინვესტიციების, სტრატეგიასთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და შესაძლებლობების გაძლიერების გაერთიანებული მიდგომით.
ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებას, რათა ის უფრო ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი გამხდარიყო. 2025 წელს ADB-მა დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში პირველი ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურის შესაქმნელად — ეს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ელექტროსისტემის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად და მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს ინიციატივა ასევე ქმნის სივრცეს სუფთა ენერგიის წარმოებაში კერძო სექტორის უფრო აქტიური მონაწილეობისათვის.
ADB უშუალოდ მუშაობს განახლებადი ენერგიის კერძო დეველოპერებთან. 2020 წელს ADB-მა წამყვანი ინვესტორის როლი შეასრულა Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებულ 250 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციაში, ხოლო 2022 წელს მონაწილეობა მიიღო Georgian Renewable Power Operations-ის მიერ გამოშვებულ 80 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციაში — ორივე შემთხვევაში ობლიგაციები უზრუნველყოფილი იყო ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტებით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 70 მეგავატს აღემატებოდა. უფრო ადრე, ADB-მა დააფინანსა აჭარისწყლის ჰესის პროექტი — 185 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური აჭარაში. ჰიდროელექტროსადგურების ამ კასკადს, მათ შორის შუახევის ჰესს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის მიწოდებაში და ხელს უწყობს საზღვართშორისი ელექტროენერგიის ვაჭრობას.
ADB ეხმარება მთავრობებს გამჭვირვალე სატენდერო და შესყიდვების ჩარჩოების შემუშავებაში, სექტორის დაგეგმვის გაუმჯობესებასა და პროექტებში კლიმატმედეგობისა და მდგრადობის სტანდარტების ინტეგრირებაში. ეს ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ განახლებადი ენერგიის ინვესტირებით არა მხოლოდ აშენდეს ინფრასტრუქტურა, არამედ იყოს ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი, გარემოსდაცვითად მართებული და შეესაბამებოდეს გრძელვადიანი ენერგეტიკული გარდაქმნის მიზნებს. ინოვაციების მომდევნო ეტაპის მხარდასაჭერად, ADB უწევს ტექნიკურ დახმარებას რამდენიმე ინიციატივას, მათ შორის: ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასებას, განახლებადი ენერგიის დეველოპერების შესაძლებლობების გაძლიერებას, მცირე და საშუალო ზომის საბჭოთა პერიოდის ჰესების რეაბილიტაციას, მწვანე წყალბადის პოტენციალის შეფასებას, და ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით საჭირო პოლიტიკისა და საინვესტიციო საჭიროებების გამოვლენას.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად?
კერძო სექტორის განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება მოითხოვს კომპლექსურ და ინტეგრირებულ მიდგომას. ძირითადი პრიორიტეტებია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება — განსაკუთრებით გრძელვადიანი და ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მიმართულებით — კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება უნარების განვითარებისა და ინოვაციების მხარდაჭერის გზით, ასევე იმ ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც პროდუქტიულობას ზღუდავს, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ.
ქალების საკუთრებაში ან ხელმძღვანელობით არსებული საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაფართოება, ისევე როგორც მსხვილი ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მიღმა დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოფლის თემებში მდგრადი საარსებო წყაროების შესაქმნელად და საქართველოს ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში, ADB თანამშრომლობს ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან, რათა გენდერულ, მწვანე და მდგრად ობლიგაციებში ინვესტირების გზით უზრუნველყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების მიწოდება, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და გარემოსდაცვითად პასუხისმგებელ ზრდას და უზრუნველყოს გარანტიები სავაჭრო დაფინანსებისთვის.
ადგილობრივი საწარმოების გაძლიერება ასევე დაეხმარება საქართველოს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების შემცირებას და ძირითადი საქონლის ფასების მერყეობით გამოწვეული რისკების შერბილებას.
როგორ აფასებს ADB საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და რა ძირითადი რეკომენდაციები არსებობს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების გაღრმავებისათვის?
მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სტაბილური, გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში. ბოლო წლებში ADB-მ კატალიზატორის როლი შეასრულა საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებაში — ადგილობრივ ვალუტაში ობლიგაციების გამოშვების მხარდაჭერისა და უცხოურ ვალუტაზე დაფინანსების დამოკიდებულების შემცირების გზით.
რამდენიმე ლარში დენომინირებული ობლიგაციის გამოშვებაში წამყვანი ინვესტორის სახით მონაწილეობით, ADB-მა ხელი შეუწყო ინვესტორთა ნდობის გაძლიერებას და ბაზარზე უფრო გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების დამკვიდრებას. ADB-ს მიერ ადგილობრივ ობლიგაციებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ასევე მხარი დაუჭირა მდგრადი დაფინანსების განვითარებას. ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული მწვანე და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მხარდაჭერით, ADB-მა კაპიტალი მიმართა ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატმედეგი ინფრასტრუქტურა და ენერგოეფექტიანობა.
სუვერენული ინსტრუმენტების ფარგლებს მიღმა, ADB-ს მხარდაჭერამ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში გამოშვებული ობლიგაციების მიმართ გააფართოვა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, გრძელვადიან დაფინანსებაზე წვდომა. როდესაც დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში უფრო ხელმისაწვდომია, ქართული კომპანიები უფრო მზად არიან ინვესტირებისთვის, გაფართოებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ზედმეტი სავალუტო რისკის აღების გარეშე.
ამ მხარდაჭერის ეფექტი ცალკეულ ტრანზაქციებს სცდება. ADB-ის ჩართულობამ ბაზარს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი: საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველია, მდგრადია და ღიაა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად. შედეგად გაიზარდა ბაზრის ლიკვიდობა, გაფართოვდა ინვესტორთა ბაზა და გაძლიერდა იმპულსი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გაფართოების მიმართულებით.
ხომ არ შეგიძლიათ გამოყოთ ADB-ის მიერ 2026 წლისთვის დაგეგმილი ახალი საინვესტიციო პროექტები საქართველოში? როგორ შეაფასებდით ADB-ის წვლილს ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში? რა მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავთ საქართველოში მიმდინარე წელს?
ADB გეგმავს კერძო სექტორის განვითარებისა და მდგრადი ფინანსების მხარდაჭერის გაფართოებას. ეს მოიცავს ინიციატივებს კაპიტალის ბაზრების გაღრმავების, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელშეწყობისა და მწვანე ინვესტიციებისთვის კერძო კაპიტალის მობილიზაციის მიმართულებით, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებას. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის თემების განვითარებასა და ქალების საკუთრებაში ან ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერას.
როგორ შეაფასებდით აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანამშრომლობის ეფექტიანობას საქართველოს მთავრობასთან? როგორ აფასებთ ADB-ის თანამშრომლობას ძირითად ინსტიტუტებთან, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან?
წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და ინვესტიციების დროულ განხორციელებას ემყარება. ჩვენი თანამშრომლობა ხელშესახებ შედეგებს იძლევა. 2007 წლიდან დღემდე თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ADB-ის ჯამური დაფინანსებით და მხოლოდ 2025 წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრანსფორმაციულ და მომავალზე ორიენტირებულ პროექტებს.
ეს პროექტები მოიცავს საქართველოს როლის გაძლიერებას კარეკის მეორე დერეფანში, შუა დერეფანში, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას. ყველა ამ მიმართულებაში რეგიონული თანამშრომლობა ცენტრალურ ადგილს იკავებს და ADB გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიასა და ევროპას შორის ბაზრების დაკავშირების პროცესში.
რა ძირითადი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრას მიიჩნევს ADB საჭიროდ, რათა საქართველომ უზრუნველყოს გრძელვადიანი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა? რა რეფორმებია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად?
რადგან საქართველო მიზნად ისახავს დაიმკვიდროს თავი როგორც რეგიონულმა ჰაბმა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით გლობალური ღირებულების ჯაჭვებში, ამ ჯაჭვებში უფრო ღრმა ინტეგრაციის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული პოლიტიკის გატარება დარჩენილი ინფრასტრუქტურული და რეგულაციური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით ლოგისტიკის სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ინტეგრაციის დასაჩქარებლად — სავაჭრო ნაკადების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბების მხარდაჭერის გზით.
მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას შეუძლია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირებაში წვლილის შეტანა. პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გამჭვირვალე და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველო კარგ პოზიციაშია, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები მიწოდების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად და უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობებზე გადასასვლელად. ADB მტკიცედ რჩება საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მხარდაჭერის ერთგული ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგისა და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
სხვა სიახლეები
კაპიტალის ბაზრების კვლევებს თანდათან ვავითარებთ, გვინდა, წინ წავწიოთ და ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება - გიორგი კუპრაშვილი
04.05.2026.11:00
Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის, გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, კომპანიის 30-წლიანი განვითარების მთავარი მიღწევებია საქართველოში კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, კვლევითი მიმართულების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც წლების განმავლობაში ინოვაციური პროდუქტებისა და პლატფორმების დანერგვით გაძლიერდა.
Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი საუბრობს კომპანიის პიონერულ როლზე ESG დაფინანსების მოზიდვაში, ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და რეგიონულ ექსპანსიაზე, ხოლო 2026 წლის მთავარ პრიორიტეტებად ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიურ ათვისებას ასახელებს.
პირველ რიგში, გილოცავთ Galt & Taggart-ის 30 წლის იუბილეს და „Global Finance“-ის მიერ 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად კიდევ ერთხელ დასახელებას. ამ მიღწევების ფონზე, როგორ შეაფასებდით კომპანიის მთავარ შედეგებსა და მიღწევებს ბაზარზე?
30 წელი მართლაც აღსანიშნავი თარიღია და ძალზედ მნიშვნელოვანია Galt & Taggart-ის ისტორიაში. რომ შევაჯამოთ გავლილი 30 წელი, სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც Galt & Taggart-მა ბაზარზე შექმნა და დაამკვიდრა. ერთი არის კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, რასაც ცალსახად Galt & Taggart-მა ჩაუყარა საფუძველი. მეორე არის ჩვენს ეკონომიკასა კულტურაში კვლევითი მიმართულების საფუძვლის ჩაყრა და კვლევითი საქმიანობის წამოწყება. მესამე კი არის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, რომელიც Galt & Taggart-ის ჩართულობით და ინიციატივით სწორედ 2015 წელს, ციფრული პლატფორმის დახმარებით, პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ და უფრო დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს - 2005 წელს შედგა პირველი ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში, რომელიც სწორედ Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა. ეს იყო 2 მილიონი ლარის პირველი ობლიგაცია, რაც მაშინ, ალბათ, არ იყო იმდენად დიდი ციფრი, რამდენადაც მნიშვნელობით იყო პიონერული გასვლა ბაზარზე და ამ ტიპის პირველი ტრანზაქცია. მას შემდეგ იყო კაპიტალის ბაზრის ევოლუცია - ყოველ ჯერზე ახალი და უფრო ზრდადი მოცულობებით, ისევე როგორც თემატური, სტრუქტურული და სხვადასხვა ვალუტების ემისიებით. Galt & Taggart კი ამ წლების განმავლობაში იყო მოწინავე. გასულ წელს, შედეგად, მივიღეთ ის, რომ, მაგალითისთვის, ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან, IG Development-თან ერთად გამოვუშვით ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის მწვანე ობლიგაცია 82 მილიონი დოლარის ოდენობით და ეს ყველაფერიც Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა.
კვლევებს რაც შეეხება, ევოლუციას რომ შევხედოთ, გალტ & თაგარტი როგორც სექტორული, ისევე მაკროეკონომიკური კვლევის პიონერი იყო და დღესაც ამ მიმართულებით ვაღრმავებთ და ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას.
კაპიტალის ბაზრებზე წვდომა ციფრულად 2015 წელს GT Trader-ის პლატფორმით პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი მომხმარებლებისთვის. ის, რაც მანამდე ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, უცებ რეალობა გახდა ჩვენი მომხმარებლების საკმაოდ დიდი წრისთვის. ასევე 2021 წელს პირველად დავნერგეთ "საქართველოს ბანკის" მობილბანკში საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უკვე გაცილებით მასიური ხასიათის არის და "საქართველოს ბანკის" 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან მოხერხებულად, საერთაშორისო ბაზრებზე განახორციელოს ინვესტირება.
დიახ, აღნიშნული მიმართულება მართლაც მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც დღეს უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის აქციების შეძენა. ასევე აღსანიშნავია თქვენი მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც ფინანსური კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
ESG ლიდერობასთან დაკავშირებით რომ გავაგრძელოთ - Galt & Taggart-ს უკავშირდება ახალი აქტივების კლასების დანერგვა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბაზრისთვის?
საგანმანათლებლო ნაწილს რაც შეეხება, ესეც Galt & Taggart-ის მოწინავეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. როდესაც ბაზარზე ცნობადობა გარკვეული სერვისების, პროდუქტების და ფინანსური ბაზრების შესახებ არ არსებობს, საჭირო არის მისი ამაღლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და Galt & Taggart-იც ამ მისიას ასრულებს. ამ კუთხით, ჩვენი მიზანია, არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებს, შევატყობინოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის და ფინანსური ბაზრები გვაძლევს.
ESG მიმართულებას რაც შეეხება, განმარტების სახით აღვნიშნავ, რომ ESG მოიცავს ისეთი სახის პროექტებისა თუ კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. ამ მიმართულებით Galt & Taggart-იც პიონერი იყო. კომპანიამ დაინახა ის შესაძლებლობა, რომელიც ახალი კაპიტალის მოზიდვის და ახალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობებს გააჩენდა. პირველი მწვანე ობლიგაცია, პირველი სოციალური ობლიგაციები, ისევე როგორც პირველი SLB (მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები) სწორედ Galt & Taggart-მა გააცნო და შემოიყვანა ბაზარზე.
ამას ჰქონდა ორი ეფექტი: პირველი იყო ამ კლასის და ამ ტიპის დაფინანსებაში მონაწილეობით დაინტერესებული ინსტიტუციონალური საერთაშორისო ინვესტორების მოყვანა ქართული ბაზარზე. რომ გადავთვალოთ, 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ESG დაფინანსება სწორედ Galt & Taggart-ის ჩართულობით გამოიცა ბაზარზე. და მეორე მხრივ, ჩვენს ემიტენტებს და პარტნიორებს შევუქმენით უფრო მეტი, იაფი და მოქნილი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ მომავალშიც და პერიოდულად ამის შესახებ სიახლეები გვექნება.
Galt & Taggart-ი ხშირად ასოცირდება ინოვაციებთან და ეს მიმართულება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიქმება. როგორ შეაფასებდით ინოვაციების როლს კომპანიის განვითარებაში და რა არის ამ მიმართულებით მთავარი შედეგები?
ინოვაციები ნამდვილად არის Galt & Taggart-ის დნმ-ში და ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ იგი კომპანიის ყოველდღიურობად და სტრატეგიის ნაწილად ვაქციოთ. შედარებით უფრო ახალი მიღწევები რომ ვახსენოთ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის დანერგვა ბაზარზე, რომელზეც Galt & Taggart-ის გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ იმუშავა. მანამდე რა შეზღუდვებიც დავინახეთ ბაზარზე იყო ის, რომ ერთ ვალუტაში, ხისტი და მოუქნელი პირობით იყო შესაძლებელი პროსპექტუსის დაწერა და დაფინანსება (ემისია). ჩვენი კი შევქმენით ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცილებით უფრო მოქნილად არის შესაძლებელი თანხების ათვისება სხვადასხვა ვალუტაში სხვადასხვა დროს და ერგება ემიტენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს. ამან ბაზარზე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა.
მეორე მიმართულება ჩვენი სავაჭრო პლატფორმებია - GT Trader-ის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს მივეცით გლობალურ ბაზრებზე 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომა. ასევე ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ფუნქციონალად ვაქციეთ 24-საათიანი თრეიდინგი, ალგორითმული დავალებები და სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი თრეიდერებისთვის ან ინვესტორებისთვის.
ასევე აღსანიშნავია მესამე ნაწილიც, რომ ჩვენი გამოცდილება, ტექნოლოგიურ სინთეზთან ერთად, საქართველოს საზღვრებს უკვე გასცდა. როგორც იცით, სომხეთში Galt & Taggart-ი ახორციელებს კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამას, EBRD-თან ერთად. ეს პროგრამა რამდენიმე წლის წინ EBRD-თან ერთად საქართველოში განხორციელდა და ჩვენი კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც ეს პროგრამაც იყო. ეს გამოცდილება ახლა მიგვაქვს სომხეთში, სადაც ჩვენს ლოკალურ პარტნიორებთან ვნერგავთ მას.
რა ძირითადი მიმართულებებით ოპერირებს Galt & Taggart-ი და როგორია კომპანიის პოზიციები თითოეულ ამ სეგმენტში ბაზარზე?
ჩვენი კომპანია ორგანიზებულია კლასიკური საინვესტიციო ბანკის სტრუქტურით. ერთი ვერტიკალი საინვესტიციო საბანკო მიმართულებაა, მეორე - ჩვენი კვლევითი მიმართულება, მესამე კი საბროკერო და საინვესტიციო მრჩევლის მიმართულებაა.
საინვესტიციო საბანკო მიმართულებაში დიდი და შედარებით განვითარებული ნაწილი კაპიტალის ბაზრებია. მეორე მხარე, რაც შედარებით ეხლა იკრებს ჩვენს ბაზარზე ფეხს, არის M&A Advisory (შერწყმა-შესყიდვის ტრანზაქციების საკონსულტაციო ნაწილი). ჩვენს ბაზარზე, ტრანზაქციებში, ჯერჯერობით სათანადოდ არაა დაფასებული მრჩევლის ღირებულება - ეს კი მოიცავს მყიდველების მობილიზებიდან და ორგანიზებიდან დაწყებული, პროცესის მართვითა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვისთვის საჭირო სრულ ციკლს, ასევე Due Diligence-ს და სხვადასხვა მოლაპარაკებაში მხარდაჭერის მიმართულებას. ამაზე კარგი უკუკავშირი გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისგან - უკვე რამდენიმე წარმატებული ტრანზაქცია გვქონდა და ამჟამადაც საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ ამ კუთხით.
კვლევების მიმართულებას რაც შეეხება, გვაქვს სექტორული კვლევების მიმართულება, სადაც 15 სექტორს ვფარავთ. შარშან 200-ზე მეტი პუბლიკაცია გვქონდა და რიცხვებზე უფრო მეტად, სიღრმეს აქვს მნიშვნელობა. ვცდილობთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და ქართული ბიზნესისთვის ყველაზე უფრო რელევანტური საკითხები, პრობლემები დავინახოთ და პოლიტიკის შემქმნელებს ბიზნესებს ვაჩვენოთ ობიექტური ინფორმაცია, ამასთანავე, გარკვეულწილად, ჩვენი რეკომენდაცია მივიტანოთ ეკონომიკის შესაბამის მოთამაშეებამდე. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისა არის სოფლის მეურნეობის დაფარვა, რაც სიღრმისეულად ახლა დავიწყეთ - აგრიკონფერენციაც გვქონდა ამ თემაზე, ინდექსიც შევქმენით და გაცილებით უფრო დიდ სიღრმეში ვაპირებთ ჩასვლას.
ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიცია და კულტურა არსებობს ჩვენთან და ჩნდება კითხვები, რატომ ვერ ვართ სათანადოდ განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნები და სწორედ ამის დანახვაში გვინდა შევასრულოთ როლი, რომელიც ბიზნესს და გადაწყვეტილების მიმღებებს ობიექტურ ინფორმაციას დაანახებს.
ასევე, მაგალითად, ჯანდაცვა არის, ერთ-ერთი საინტერესო თემა, რომელსაც ეხლა ვაინიცირებთ და ვიწყებთ სიღრმისეულად კლევას. გვქონდა გარკვეული დაფარვა ამ მხრივ, მაგრამ ესეც ძალიან კომპლექსური საკითხია და გვინდა, სიღრმეში ჩავიდეთ. გვსურს, როგორც დაინტერესებულ ბიზნესს გავუჩინოთ ინტერესი ამ სფეორში ინვესტირებისა, ისე გვქონდეს საუბრები შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებთან.
ამავდროულად Galt & Taggart-ის მაკრო კვლევები საკმაოდ ცნობილია ბაზარზე. ამაზე ძალიან ხშირი უკუკავშირი გვაქვს და ვგრძნობთ, რამდენად საჭიროა ის საქმე, რასაც ვაკეთებთ.
შედარებით ახალია კაპიტალის ბაზრების კვლევითი მიმართულება, სადაც გვინდა, მნიშვნელოვნად წინ წავიწიოთ და სხვა დონეზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცვლილებები და განვითარებები გვექნება.
განვიხილოთ ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მართვის მიმართულებაც, რომლის ფარგლებბში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ბაზრებზე წვდომას და საბროკერო მომსახურებას, ასევე საინვესტიციო
კუთხით უკვე მეტად და მეტად გადავდივართ რჩევით და საკონსულტაციო მიმართულებაზე. რამდენიმე წლის წინ პორტფელის მენეჯმენტი დავნერგეთ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს - ეს ჩვენი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საქმიანობაა და ამ მიმართულებით ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ მიმართულება, რომელსაც მთლიანად საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კუთხით ორი საკითხია საყურადღებო - პირვეილ, ჩვენი ლოკალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური რეზიდენტი მომხმარებლებისთვის წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე და მეორე მხრივ, ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის რეგიონალურ ბაზრებზე "ერთი ფანჯრის" პრინციპით ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ Galt & Taggart-ი იყოს რეგიონალური მასშტაბით პირველი სახელი, რაც გაგახსენდებათ, თუ გსურთ, რომ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, ლოკალურ ბაზრებზე ინვესტიცია გააკეთოთ.
Galt & Taggart-ის სერვისებზე ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ამასთან, კომპანია საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვან აღიარებას იღებს. რა განაპირობებს ამ წარმატებას და როგორ შეაფასებდით საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას კომპანიისთვის?
წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. Global Finance-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. 2025-ში კი Euromoney-სგან საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. ჯილდო არ არის თვითმიზანი, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც Galt & Taggart-ი დებს ადგილობრივი ბაზრის და რეგიონალური ბაზრის განვითარებაში, სათანადო დაფასება აქვს ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ, როგორიც არის Global Finance და Euromoney. ამ ნაწილში აუცილებელია, ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ Galt & Taggart-ის, როგორც ბრენდის დაფასება - ცალკეული შედეგები არ მოდის გუნდის გარეშე. მე მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Galt & Taggart-ის გუნდს - ჩვენი გუნდი აერთიანებს 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურად სრული ძალისხმევით არის ჩართული საქმიანობაში და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას იმისა, რომ Galt & Taggart-ი მოწინავე ხაზზე იყოს. ყველა ეს ჯილდო ცალსახად ჩვენი ძლიერი და ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა.
რა არის Galt & Taggart-ის ძირითადი პრიორიტეტები 2026 წლისთვის?
2026-შიც და ალბათ მომდევნო წლებშიც ჩვენი პრიორიტეტი იქნება ორი მთავარი მიმართულება: პირველი არის რეგიონალური დაფარვის და რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიის განვითარებისთვის; და მეორე მხრივ - ტექნოლოგიური და ციფრული შეთავაზებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს ეხება ჩვენს სავაჭრო პლატფორმებს და ჩვენს შიდა სისტემებს, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ. ასევე აუცილებელად უნდა ვახსენოთ AI-ს ათვისება, რომელიც უკვე მიმდინარეობს Galt & Taggart-ში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ AI-ს გამოყენების კუთხით Galt & Taggart-ი დღევანდელ დღეს ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. ამ მხრივ გვინდა, რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას, რომელიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და რაც შეიძლება მოქნილად და მალე წავიდეთ წინ.