საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების სიმბოლო, სლოგანი „მე ვარ საქართველო" არის დაცული როგორც სასაქონლო ნიშანი - სოსო გიორგაძე
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის ინდუსტრიაში პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. სოსო გიორგაძის განცხადებით, წლევანდელი მსოფლიო მესიჯი „ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი“ ხაზს უსვამს იმას, რომ სპორტი არა მხოლოდ სანახაობა, არამედ მრავალ მილიონიანი გლობალური ინდუსტრიაა, სადაც მარკეტინგული აქტივობების, დიზაინისა და სიახლეების სამართლებრივი დაცვა ფინანსური წარმატების მთავარი საფუძველია.
„ინტელექტუალური საკუთრების დღე, 26 აპრილი, ეს დაკავშირებულია ზოგადად გაეროს ფორმატში, გაეროს 14-დან ერთ-ერთი ორგანიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის თარიღთან, სწორედ 26 აპრილს დაფუძნდა. ყოველ წელს სხვადასხვა მესიჯი აქვს ამ დღეს, ყოველ წელს სხვადასხვა საკითხს უკავშირდება. მაგალითად შარშან ეს იყო ინტელექტუალური საკუთრება და ქალები, წელს კი ძალიან საინტერესო, ასევე ძალიან საინტერესო მესიჯი - ეს არის ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც სპორტს მიეძღვნა ეს წელი. ცოტათი უცხოდაც შეიძლება ჩანდეს მათი კავშირი ერთმანეთთან - ინტელექტუალური საკუთრების და სპორტის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სპორტი გარდა იმისა, რომ ყველას აღგვაფრთოვანებს. გარდა ამისა ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, უზარმაზარი ფინანსური რესურსით. და ბუნებრივია იქ სადაც არის ფინანსური რესურსი, იქნება მარკეტინგი, იქნება დიზაინი, სასაქონლო ნიშნები, სიახლეები და მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის ინდუსტრია იცავს როგორც პატენტებს, ისევე სასაქონლო ნიშნებს და დიზაინს. და თითოეული მათგანის ღირებულება ათეულობით მილიონი, ამ შემთხვევაში ამერიკული დოლარია.
საქართველოშიც ასევე ძალიან წარმატებული, მაგალითად სასაქონლო ნიშანი არის დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებასთან, კერძოდ, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთში სიმბოლო, სლოგანი "მე ვარ საქართველო" არის დაცული როგორც სასაქონლო ნიშანი და ბუნებრივია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში, რომელმაც სწორად განსაზღვრა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე, რომ ეს გახდებოდა ძალიან პოპულარული სლოგანი და მან ის როგორც ინტელექტუალური საკუთრება ისე დაარეგისტრირა საქპატენტში. და მე ძალიან მოხარული ვარ ამ თანამშრომლობით, ზოგადად ბუნებრივია მოხარული ვარ იმით, რომ არაჩვეულებრივ წარმატებას, რომელსაც აღწევს ქართული ფეხბურთი, ჩვენი ფეხბურთელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - განუყოფელი ნაწილია დღეს ის "მე ვარ საქართველო" და რომელიც არის ასევე ინტელექტუალური საკუთრება, სასაქონლო ნიშანი.
რაც უფრო მეტი რეკლამა ჩნდება, მათ შორის ქართულ სპორტში და რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, შეუძლებელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმით მის დაცვაზე, ბიზნესის დაინტერესებაზე, როდესაც ბიზნესი ეწევა ხარჯს, რომ დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება, ყველაზე მთავარი - მათ შორის ბუნებრივია ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი როლი რასაც უჭირავს - ეს არის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება.
რაც უფრო მეტად მდიდრდება ქვეყანაში ეკონომიკა, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი ჩნდება, რაც უფრო მეტი ფული ჩნდება ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, უფრო მეტად ბუნებრივია იზრდება საფრთხეებიც, უფრო მეტად იზრდება კონკურენცია. ხოლო იქ სადაც არის კონკურენცია, სადაც არსებობს რისკები ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია იზრდება საჭიროება, რომ ბიზნესმა თავიანთი ბიზნესი, ამ შემთხვევაში მაგალითად სასაქონლო ნიშანი თუ დიზაინი, რომელიც მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია და მარკეტინგი უზარმაზარი რესურსია ნებისმიერი ბიზნესის - დაიცვან. და ამ დროს მომმართავენ ხოლმე რა თქმა უნდა საქპატენტს და ჩვენი მხრიდან მინდა ძალიან მკაფიოდ და დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქპატენტი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დღეს ნებისმიერი მიმართულებით, რაც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან - იქნება ეს პატენტები, გამოგონება, იქნება ეს სასაქონლო ნიშნები, დიზაინი თუ საავტორო უფლებები - არ ჩამორჩება მსოფლიოში არცერთ წამყვან ქვეყანას თავისი დაცვის მექანიზმებითა და ხარისხით. საქართველო და საქპატენტი საერთაშორისო დონეზე არის წარმოდგენილი საუკეთესო მაჩვენებლებით.
საერთაშორისო შეფასებები იქნება ეს, იქნება მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები, იქნება ეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებები - ყველა დონეზე საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი აღიარებულია როგორც პროგრესული და წარმატებული. თუნდაც ის საერთაშორისო ღონისძიებები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ და გასულ კვირას მოგახსენეთ უკვე რომ იყო ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი, კონფერენცია რომელიც დღეს გაიმართება - ეს არის ბუნებრივია პირდაპირი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა. სწორედ საქართველოს მთავრობისა და ასევე ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით, რომ ბოლო წლებში დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც რეფორმის განუყოფელი ნაწილია, დამთავრებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებში განხორციელებული რეფორმებით, მთლიანად გადაგვექმნა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა და შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
სხვა სიახლეები
ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად და მაქსიმალურად სწორად - სოსო გიორგაძე
28.04.2026.11:20
საქპატენტს და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკურია, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქსპატენტმა გაეროსთან, კერძოდ WIPO-სთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამაგისტრო პროგრამა შექმნა, რომელიც გასულ წელს დაიწყო .
„პირველი ნაკადი ასე ვთქვათ წელს დაასრულებს სწავლას. ასევე მომავალ წელს ველოდებით ახალ ნაკადს და არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს, ასევე უცხოელ სტუდენტებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შემუშავდა მათ შორის კურიკულუმიც კი და სასწავლო პროგრამაც კი გაეროს ჩართულობით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ეს ექსპერტები იყვნენ სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, ლონდონის უნივერსიტეტიდან, მსოფლიოში წამყვანი - ტურინის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ასევე კითხულობდნენ შემდგომ ლექციებს. და ასევე მომავალი წლისთვის უკვე მიმდინარეობს ლექტორების შერჩევა, რომლებიც ნაწილი იგივე იქნება, შეიძლება ნაწილი იყოს განსხვავებული, როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტები.
გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისში განახლებული სასწავლო ცენტრის გახსნაზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროგრამებს შეასრულებს და ჩვენ გვსურს, რომ სხვადასხვა მიმართულებით სწავლება მივაწოდოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენას. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწავლება. ხელოვნური ინტელექტი - ეს არ არის გასართობი საშუალება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს სწავლებაში, შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს ნებისმიერი საოფისე საქმიანობის გაუმჯობესებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ მოსწავლით დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, გამომგონებლით დაწყებული, თუნდაც უბრალო ინჟინერიით დამთავრებული, ყველას ავუხსნათ რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად და მაქსიმალურად სწორად, რომ ჩვენი პროდუქტიულობა გავზარდოთ, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე, შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, ასე ვუწოდებ, რომელმაც გაზარდა კონკურენცია. თუკი ჩვენ ვმუშაობთ უკვე ტექნოლოგიების გარეშე, შრომით ბაზარზე ჩვენი კონკურენტუნარიანობა ძალიან ეცემა, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში შრომისუნარიანი და ასევე მოსწავლეები, სტუდენტები აღვჭურვოთ ამ ცოდნით, როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.
იმავდროულად, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროპის საპატენტო სისტემაში სრულ ინტეგრაციას აანონსებს.
„ბუნებრივია სხვა სასწავლო მიმართულებებიც გვექნება, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან. გარდა ამისა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას ვაპირებთ ასევე საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის - სადაც არის პროგრესი, ტექნოლოგიური პროგრესი, იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. თანამედროვე შემოქმედებითი პროგრესი, ნებისმიერ ინდუსტრიაში - ეს იქნება დიზაინი, მუსიკა, ხელოვნება, მწერლობა - იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. ამიტომ ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიებთან ერთად და ბუნებრივია გამოწვევები იქნება შედარებით უფრო სწრაფი და საჭიროა ამ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები და ვგეგმავთ რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელოთ. გარდა ამისა საქართველომ გასულ წელს უკვე მიმართა ევროპის საპატენტო უწყებას, რომ ევროპის საპატენტო კონვენციას მივუერთდეთ. მანამდე ჩვენ 2024 წელს უკვე ვალიდაცია მოვახდინეთ ევროპული პატენტის საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით - ეს რამდენიმე წლიანი პროცესია - გვსურს რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ნიშნავს პირდაპირ ინტეგრაციას ევროპის საპატენტო სისტემაში“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.