სოფლის მეურნეობის რეალური დამატებული ღირებულება შესაძლოა გაორმაგდეს მომდევნო 5–7 წელში, თუ ბიზნესის წილი გაიზრდება - ლაშა ქავთარაძე
სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის დაახლოებით 30%-მდე ზრდის შემთხვევაში, მომდევნო 5-7 წელში სექტორის რეალური დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი შესაძლოა გაორმაგდეს და მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
ლაშა ქავთარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარალელურად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ხარჯების გაგრძელება.
სახელმწიფოს როლის ანალიზისას აშკარაა, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში მისი მონაწილეობა მზარდია. აღნიშნული პროცესი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენ ჯამურ მაჩვენებელს ვაფასებთ. ვვარაუდობთ, რომ სოფლის მეურნეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გაგრძელდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წილი გაიზარდოს. თუ, სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის წილის 30%-მდე ზრდას ვიხილავთ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური დამატებული ღირებულების ზრდა გაორმაგდება, რომელიც ნიშნავს ასევე, რომ სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში გაორმაგდება. თუმცა, რა თქმა უნდა აქ არის გამოწვევები“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ,
Galt & Taggart-ის ეკონომისტის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მცირე და დანაწევრებული მიწის ნაკვეთები სახელდება, სადაც 5 ჰექტარზე ნაკლები მეურნეობების წილი 90-93%-ს აღწევს.
„სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება დავაფიქსიროთ ჩვენ: ერთი არის დანაწევრებული მიწები. მაგალითად თუ შევხედავთ მეურნეობებს, 5 ჰექტარზე ნაკლები მეურნეობების წილი საკმაოდ მაღალია - 90-93%-ის ფარგლებში მერყეობს. ასეთი მოცემულობა ბიზნესისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნის, რომელიც ხელს უშლის მასშტაბის ეფექტის მიღწევას.
საჭიროა მიწის ფართობების კონსოლიდაცია, რადგან მსხვილი მეურნეობა საკუთარი ტექნიკის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ეს პროცესი, ტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან ერთად, დარგში ახალი ცოდნის შემოდინებასაც უწყობს ხელს. მთლიანობაში, დარგის მოთამაშეები მიიღებენ მასშტაბის ეფექტს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მცირე ფართობზეც ახერხებს მაღალეფექტური მეურნეობის წარმოებას, ჩვენთვის პირველადი ამოცანა მიწების კონსოლიდაციაა. მსხვილი ფართობები ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულია, რათა სექტორში მსხვილი ინვესტიციებით შემოვიდეს. ბიზნესის დაინტერესება კი, თავის მხრივ, წარმოების ხარისხობრივ დახვეწასა და განვითარებას ჩაუყრის საფუძველს.
ტექნოლოგიები და ცოდნა ბიზნესს შემოაქვს. ამ ეტაპზე ესეც არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ანუ, ამის გარეშეც შეიძლება ვთქვათ, რომ ქაოტურად ხდება გარკვეული მიმართულებით საქმიანობა.
ხშირად ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც ერთწლიანი კულტურების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იცვლება. ფერმერები დათესვის გადაწყვეტილებას ძირითადად მიმდინარე საბაზრო ფასებიდან გამომდინარე იღებენ. თუმცა, ასეთი მიდგომა ხშირად არასტაბილურობას იწვევს, რადგან წინა წლის მაღალი ფასი არ იძლევა მომავალი სეზონის იმავე შედეგის გარანტიას.
ფასების რყევებზე დაფუძნებული წარმოება არასტაბილურობას წარმოშობს, რაც სისტემური ცოდნის დეფიციტის შედეგია. დარგის პროგრესისთვის კრიტიკულია სამი ფაქტორი: განათლება, ტექნოლოგიური აღჭურვა და ფართობების კონსოლიდაცია. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის რეალურ ზრდას“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.