საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ნოემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და $5.8 მილიარდს გადააჭარბა
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა შესყიდვებმა 1,763.3 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ნოემბრის სტატისტიკა კი 25 დეკემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ნოემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.5%-ს (961.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 461.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 იანვარს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე
27.03.2026.22:00
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.