გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გორში კატასტროფების რისკის მართვის ტრენინგი გამართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში ტრენინგი „კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება“ გამართა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოსთვის დამახასიათებელ ძირითად საფრთხეებს, კატასტროფების გამომწვევ მიზეზებსა და რისკის მართვის ძირითად პრინციპებს. ასევე მიიღეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებზე და განიხილეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეზე მომზადების პრაქტიკული გზები.
პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება, დაგეგმონ პრევენციული და რეაგირების ნაბიჯები, ასევე კრიზისულ ვითარებაში იმოქმედონ დამოუკიდებლად და დაამყარონ ეფექტიანი კავშირი ადგილობრივ სერვისებთან.
ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა უსაფრთხოების დონის ამაღლებას, მოწყვლადობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას კატასტროფების მიმართ. ამასთან, ის ემსახურება სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისა და მათი პერსონალური ასისტენტების ინფორმირებულობის გაზრდას, მზადყოფნის გაძლიერებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რათა მათ საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირება შეძლონ.
შეხვედრა პროექტის “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები კლაუს ჰიპმა დააჯილდოვა
23.04.2026.17:47
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი სახელგანთქმულმა გერმანელმა მეწარმემ, ხელოვანმა და ქველმოქმედმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელმა - დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებად დაასახელა და ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის პირადად დააჯილდოვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა. ცნობილმა მეცენატმა დაანონსა მორიგი თემატური კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნან და რეალურ გარემოში გამოსცადონ.
როგორც კლაუს ჰიპმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, ტრადიციად ქცეული სტუდენტური კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და ინოვაციური იდეების გენერირების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ გამოწვევებს არასტანდარტულად მიუდგნენ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და პროფესიულ სფეროში წარმატებით ინტეგრირდნენ.
სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და ამასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში გაიარონ.
გიორგი მიქიაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტებს იდეების რეალიზაციისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას უქმნის, მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას, თავდაჯერებასა და პასუხისმგებლობას, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.
„კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებს უბიძგებს, გასცდნენ თეორიული სწავლების ჩარჩოებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით განივითარონ როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური აზროვნება. ამასთან, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნად უნარებად მიიჩნევა. დოქტორი კლაუს ჰიპის ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის პროექტების ხარისხსა და მასშტაბებს, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას და უკეთ მოემზადონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ინტეგრაციისთვის. მსგავსი კონკურსები ქმნის ძლიერ სტიმულს ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ, აიღონ ინიციატივა და თავიანთი იდეები რეალურად განახორციელონ. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ - ინდივიდუალური პოტენციალის და მეორე მხრივ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს გაძლიერებას. კლაუს ჰიპის პატრონაჟით კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტმა გამარჯვებულმა სტუდენტმა გაიარა გერმანიაში 2-თვიანი პრაქტიკა. წლევანდელ კონკურსში ჩვენმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა - ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ოთინაშვილმა ჯერ არ იცის კონკურსში გამარჯვების შესახებ. ის საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსულს დიდი სიურპრიზი ელოდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს გამარჯვებას “, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებლის, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით დაანონსებული ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.