საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივაც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის კავშირის გაძლიერების მიმართულებით. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, რაც მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დააახლოებს. იუსტიციის სახლთან თანამშრომლობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოცადონ საკუთარი უნარები, გაეცნონ საჯარო სერვისების თანამედროვე სტანდარტებს, ჩამოიყალიბონ პროფესიული ხედვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს გააფართოებს”, - აცხადებს თამარ წერეთელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
07.05.2026.18:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ აბესაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოკუმენტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების გადაჭრელად ინიციატივების შემუშავებას.
ვიცე-რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების სფეროში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
„სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოიყენონ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში და უკეთ გაეცნონ მინერალური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს. ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო საქმიანობა ხელს შეუწყობს დარგში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ეს თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხრივაც, რადგან სტუდენტები და მკვლევრები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ სააგენტოს რესურსები და გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და დარგის განვითარებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციის აიმაღლებენ.