მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული - „სტუ სტარი 2026“ გამოვლინდა

news image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარული სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი 2026“ დასკვნითი ღონისძიება - გალა კონცერტი გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ განსაკუთრებული საესტრადო-საშემსრულებლო უნარებით დაჯილდოებული ორი სტუდენტი გამოავლინა. წლევანდელი „სტუ სტარი“ გახდა საუნივერსიტეტო კონკურსის საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული ნინი იმნაძე, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრია, ხოლო II საპრიზო ადგილი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა - შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებულმა იკაკო ალექსიძემ მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის - გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის - გოგა გიორგობიანის ხსოვნას მიეძღვნა.

„სტუ სტარი 2026“-ის მხარდამჭერია საქართველოში სამთომოპოვებითი საქმიანობის ლიდერი კომპანია „არემჯი“, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს.

კონკურსის დასკვნით კონცერტს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონკურსის ფინალში ცოცხალი ბენდის თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი წარდგა: მარიამ ნარიმანიძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან, ნინი იმნაძე - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან, თემუკა ცინცაძე - არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და იკაკო ალექსიძე - აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან.

ფინალისტები მუსიკალურ-საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით შეაფასა 5-წევრიანმა ჟიურიმ - ქეთი ოძელაშვილის (მუსიკოსი), ნათია დუმბაძის (მომღერალი), ბადრი ლებანიძის (სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი), პროფესორ ლიანა თარგამაძის (სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი) და პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის (სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი) შემადგენლობით.

ფინალურმა ტურმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივარ სტუდენტთა გუნდები ქომაგობდნენ. რაც შეეხება გალა კონცერტს, მასში მონაწილეობა წლევანდელმა ყველა კონკურსანტმა მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს - წლევანდელ „სტუ სტარ“ ნინი იმნაძეს და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელ იკაკო ალექსიძეს 3000 და 2000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ. „არემჯის“ რჩეული კონკურსანტი ნინი იმნაძე გახდა, რომელიც კომპანიამ 2000 ლარით დაასაჩუქრა. ამასთან ერთად, „სტუ სტარი 2026“-ის ყველა მონაწილეს პრიზები გადაეცა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის - გამარჯვებული ნინი იმნაძის თქმით, „სტუ სტარმა“ მას შემოქმედებითად განვითარების დიდი სტიმული მისცა.

„კონკურსის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს, გულშემატკივრობისთვის მადლობა ჩემი ფაკულტეტის დეკანს და პროფესორ-მასწავლებლებს, ჩემს ჯგუფელებს, ჩემი ფაკულტეტის სტუდენტებს და მეგობრებს, მადლობას ვუხდი ბენდს საუკეთესო შესრულებისთვის და ჟიურის ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მე წლევანდელი „სტუ სტარი“ გავხდი. ეს გამარჯვება მაძლიერებს და მიბიძგებს, რომ ძირითად პროფესიათან ერთად, შემოქმედებით გზაზეც უფრო თავდაჯერებულად ვიყო“, - აღნიშნა ნინი იმნაძემ.

როგორც II საპრიზო ადგილის მფლობელმა, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა იკაკო ალექსიძემ აღნიშნა, „სტუ სტარი“ მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.

„უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ - ფინალი განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. რეპეტიციები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დავუახლოვდი როგორც მონაწილეებს, ისე პროექტზე მომუშავე თითოეულ ადამიანს. „სტუ სტარში“ მიღებული გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ის მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში”, - აღნიშნა იკაკო ალექსიძემ.

კონკურსის მიმდინარეობა და შედეგები სტუ-ის რექტორმა შეაფასა, გამარჯვებულებს კი წარმატება და შემდგომი წინსვლა უსურვა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სტუდენტური კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, თავდაპირველად „სტუ სტარი 2026“-ის ფინალური ტურის ჩატარება მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს და კონკურსის ფინალის ჩატარება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახალგაზრდების მხრიდან ეროვნული ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების პატივისცემის დადასტურებაა.

რექტორის შეფასებით, კონკურსის მონაწილე თითოეულმა სტუდენტმა ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და დაამტკიცა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის კერაა, არამედ ასევე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ავითარებენ შემოქმედებით მისწრაფებებს და ეძიებენ თვითგამოხატვის მრავალფეროვან ფორმებს.

„მინდა გულწრფელად მივულოცო გამარჯვებულ სტუდენტებს და ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი ნიჭით, შრომითა და მონდომებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები სრულფასოვნად ვითარდებიან. სტუდენტური მუსიკალური კონკურსი „სტუ სტარი“ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - აქ, საუნივერსიტეტო სცენაზე იბადება ახალი ხმები, ახალი იდეები და შესაძლებლობები; აქ ერთმანეთს ერწყმის ინტელექტი, ახალგაზრდული ემოცია და შემოქმედებითი ენერგია. მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებაში, მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში. კონკურსი ხელს უწყობს არა მხოლოდ ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას, არამედ ახალგაზრდების შორის ჯანსაღ კონკურენციასა და პარტნიორობის კულტურის ჩამოყალიბებასაც. გამარჯვებულებთან ერთად წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურსანტს - როგორც სასწავლო პროცესში, ისე შემოქმედებითი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთხელ გახდება სიამაყის საფუძველი და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა - „სტუ სტარი 2026“ - სტარტი 26 იანვარს აიღო, ნახევარფინალური ტური კი 27 თებერვალს ჩატარდა.

ცნობისათვის, პროექტი „სტუ სტარი“ 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი მიზანი კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. „სტუ სტარი“-ის მხარდამჭერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ქეთევან ოძელაშვილი, ხოლო ორგანიზატორები, ავტორთან ერთად, არიან სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

07.05.2026.18:02

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ აბესაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოკუმენტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების გადაჭრელად ინიციატივების შემუშავებას.

ვიცე-რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების სფეროში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

„სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოიყენონ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში და უკეთ გაეცნონ მინერალური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს. ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო საქმიანობა ხელს შეუწყობს დარგში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ეს თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხრივაც, რადგან სტუდენტები და მკვლევრები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ სააგენტოს რესურსები და გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და დარგის განვითარებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციის აიმაღლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა