საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქკაბელის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს დავით კაპანაძეს, ასევე მარკეტინგის სპეციალისტებს - ნათია სამხარაძესა და ბარბარე ჯანანაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ გახსნა.
როგორც დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო სექტორთან დაახლოების პროცესში. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში დასაქმების პერსპექტივებისა და რეალური სამუშაო გარემოს უკეთ გასაცნობად უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ენერგეტიკის სფერო მუდმივად ვითარდება და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის კავშირს და სტუდენტებს აძლევს რეალურ წარმოდგენას მათი მომავალი პროფესიის შესახებ“, - აღნიშნა დეკანმა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კომპანია „საქკაბელის“ საქმიანობის, ენერგეტიკული ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
„ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ სწავლის პერიოდში მაქსიმალურად ახლოს იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა სტუდენტებს ეხმარება უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი კარიერული განვითარების გზები,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი პროფესიული უნარების განვითარებას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
07.05.2026.18:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ აბესაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოკუმენტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების გადაჭრელად ინიციატივების შემუშავებას.
ვიცე-რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების სფეროში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
„სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოიყენონ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში და უკეთ გაეცნონ მინერალური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს. ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო საქმიანობა ხელს შეუწყობს დარგში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ეს თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხრივაც, რადგან სტუდენტები და მკვლევრები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ სააგენტოს რესურსები და გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და დარგის განვითარებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციის აიმაღლებენ.