თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.
ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში.
ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.
აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში - სწავლის დაფინანსების გარანტია.
პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით.
დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებ-გვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.
სხვა სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
31.03.2026.13:09
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა, რომლის მიზანს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებების შესახებ , განიხილეს მისი გამომწვევი მიზეზები, გლობალური და ადგილობრივი გავლენები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების შედეგად გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არსებულ ზეგავლენებს.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. მათ შორის ენერგიის ეფექტურად გამოყენება, ნარჩენების შემცირება და ეკომეგობრული ჩვევების დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას და მათ აქტიურ ჩართულობას გარემოს დაცვის პროცესში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართ.